"ვერდერი": ნილს პეტერსენი პისაროს გზაზე

AutoSharing Option
ბრემენის "ვერდერი" ბუნდესლიგაში 20 ტურის შემდეგ მე-11 ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ "მუსიკოსები" მიმდინარე სეზონში დაგეგმილზე გაცილებით ცუდად ასპარეზობენ.

უკეთესი მომავლის იმედს ბრემენელ ფანებს 24 წლის თავდამსხმელი ნილს პეტერსენი აძლევს - ფეხბურთელი, რომელიც "ვერდერმა" სეზონის დაწყებამდე მიუნხენის "ბაიერნიდან" ინათხოვრა.

პეტერსენს "ვერდერში" ცოტა თუ უწინასწარმეტყველებდა იმას, რომ ეს თავდამსხმელი თავის ბრემენულ კარიერას ზუსტად ისე დაიწყებდა, როგორც თავის დროზე კლაუდიო პისარომ დაიწყო (34 წლის პერუელი ახლა "ბაიერნშია"), მაგრამ ფაქტია, რომ 20 ტურის შემდეგ ნილსი "ვერდერის" საუკეთესო გოლეადორია. პეტერსენმა ბუნდესლიგის 20-ივე შეხვედრაში იასპარეზა
და 9 გოლის გატანა მოახერხა. სხვათა შორის, თავის დროზე ბრემენული კლუბის ფორმით ჩატარებულ პირველ 20 შეხვედრაში პისარომაც ზუსტად 9 გოლი შეაგდო.

"ნამდვილად არ მინდა, რომ პისაროს ვედრებოდე, რადგან კლაუდიოს წლების მანძილზე სტაბილურად გაჰქონდა გოლები, მე კი ჩემი შესაძლებლობები ჯერ კიდევ დასამტკიცებელი მაქვს. ჩემი მიზანიც სწორედ ისაა, რომ სტაბილურად ბევრი გოლი გამქონდეს," - აცხადებს პეტერსენი და მართალიცაა, რადგან მას ამ სეზონში 55 საგოლე მომენტი შეექმნა და მხოლოდ 9 გამოიყენა. შედარებისთვის, "ბაიერნის" თავდამსხმელ მარიო მანჯუკიჩსაც 55 შანსი ჰქონდა, მაგრამ პეტერსენზე მეტი, 14 გოლი გაიტანა. სწორედ ამაზე ჩივის "ვერდერის" მცველი სოკრატის პაპასტატოპულოსიც - ხშირად საგოლე მომენტებს ვერ ვიყენებთო.

მიუხედავად ამისა, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ პეტერსენის კარიერა "ვერდერში" ძალიან კარგად დაიწყო. თავად განსაჯეთ, პირველი 20 თამაშის შემდეგ "ვერდერში" ნილსის დარი შედეგიანობით თვით აილტონი (6 გოლი) და მარკო ბოდეც (4) კი არ გამოირჩეოდნენ. და საერთოდ, "ვერდერის" ლეგენდარული თავდამსხმელებიდან პირველ 20 მატჩში პეტერსენზე მეტი გოლი მხოლოდ მიროსლავ კლოზემ (13) და რუდი ფიოლერმა (14) გაიტანეს.

"სეზონის წინ ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, 20 თამაშის შემდეგ 9 გოლი გექნებაო, ძალიან გამიხარდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სეზონში კიდევ არაერთხელ შევძლებ მეტოქეთა კარის დალაშქვრას. მიხარია, რომ მწვრთნელი მუდმივად მენდობა, რის გამოც თამამად ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის პირველი ნაღდი სეზონია ბუნდესლიგაში, რადგან "ბაიერნში" იშვიათად მათამაშებდნენ," - ამბობს "ვერდერის" ბომბარდირი, რომელმაც პარასკევს "ჰანოვერთან" (2:0 ბრემენელთა სასარგებლოდ) დუბლი შეასრულა...

ვერდერის ლეგენდარული თავდამსხმელები პირველი 20 თამაშის შემდეგ

1. რუდი ფიოლერი	13
2. მიროსლავ კლოზე 12
3. ნილს პეტერსენი 9
3. კლაუდიო პისარო 9
5. ფრანკ ნოიბართი 7
5. ვინტონ რუფერი 7
5. კარლ-ჰაინც რიდლე 7
8. აილტონი 6
9. მარკო ბოდე 4
10. ივან კლასნიჩი 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XX ტურის შეჯამება და სიმბოლური: ახალმა ცოცხებმა კარგად დაგავეს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული