ბუნდესლიგა. XXI ტურის წინ: რა შანსი აქვს "შალკეს" მიუნხენში?

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის გამო ბუნდესლიგის 21-ე ტურში პარასკევის მატჩი არ ყოფილა.

შაბათის თამაშებიდან ორი განსაკუთრებით საინტერესოა: დორტმუნდის "ბორუსია" "ჰამბურგს" მასპინძლობს, მიუნხენის "ბაიერნი" კი - "შალკეს".

კვირას კი ისეთი გუნდები გამოვლენ ასპარეზზე, რომლებიც ან ევროპალიგის საგზურებისთვის იბრძვიან, ანაც გადარჩენისთვის.

"დორტმუნდი" "ჰამბურგსაც" გადაუვლის?
მე-20 ტურის შემდეგ მეორე ადგილზე "დორტმუნდია", რომელიც ლიდერ "ბაიერნს" 12 ქულით და 20 გოლით ჩამორჩება.

მიუნხენური გრანდისთვის ეს ძალიან დიდი უპირატესობაა, თუმცა დორტმუნდელებმა მეორე წრე ომახიანად დაიწყეს (11 გოლი სამ თამაშში 2013 წელს), რითაც ბავარიელებს მესიჯი გაუგზავნეს, ფრთხილად იყავითო.

იურგენ
კლოპის
გუნდი ზამთრის შესვენების შემდეგ მართლაც იმდენად კარგ ფორმაშია, რომ შეგვიძლია ვიფიქროთ: თუ "ბაიერნს" ფეხი დაუცდება, "ბორუსია" ამ შანსს გამოიყენებს და მიუახლოვდება.

შაბათს "ბორუსია" არეულ-დარეულ, არაპროგნოზირებად "ჰამბურგს" მასპინძლობს და ამ კონკრეტული შეხვედრისთვის აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მომავალ კვირაში კლოპის გუნდს ჩემპიონთა ლიგაში ძალიან მნიშვნელოვანი ჯახი ელის - დორტმუნდელები ოთხშაბათს, ევროპის ელიტარული საკლუბო ლიგის მერვედფინალის პირველ რაუნდში "შახტარს" დონეცკში სტუმრობენ...

"დორტმუნდს" განსაკუთრებით სწრაფი გოლების გატანა ეხერხება - "ბორუსიამ" საწყის 15 წუთში 9 გოლის გატანა შეძლო, რაც ბუნდესლიგის რეკორდია. "ჰამბურგი" კი ცხრილში სტაბილურად ტკეპნის ერთ ადგილს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ტორსტენ ფინკის გუნდი ევროპალიგის საგზურს ვერ მოიპოვებს.

ჰამბურგელთა მეკარე რენე ადლერმა თქვა, თუ ევროპალიგის საგზურის მოპოვება გვინდა, შედეგები უნდა გამოვასწოროთო, მაგრამ ჩრდილოგერმანელები ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.

აქვე გეტყვით რომ, "ჰამბურგს" "დორტმუნდთან" წამყვანი საყრდენი ნახევარმცველი ბადელი დისკვალიფიცირებული ჰყავს.

ბობიჩი: "ვერდერთან" ცეცხლი უნდა დავანთოთ!
"შტუტგარტმა" ბუნდესლიგაში ზედიზედ 4 თამაში წააგო და შვაბენლანდური კლუბის ხელმძღვანელები სერიოზულად დაფიქრდნენ, მოიქცნენ თუ არა სწორად, მთავარ მწვრთნელ ბრუნო ლაბადიას ახალი კონტრაქტი რომ გაუფორმეს.

"ასე გაგრძელება არ შეიძლება, - განგაშის ზარებს შემოჰკრა შვაბთა კაპიტანმა სერდარ ტასკიმ, - უკვე დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ამჟამინდელი ტენდენციით გასავარდნ ზონას მივუახლოვდებით".

მოკლედ, "შტუტგარტი" კრიზისშია და მენეჯერი ფრედი ბობიჩი იმედოვნებს, რომ გუნდი ამ კრიზისს თავს "ვერდერთან" მატჩით დააღწევს.

"ვერდერთან" ცეცხლი უნდა დავანთოთ. ამ შეხვედრის მოგება უბრალოდ აუცილებელია", - ამბობს ბობიჩი "შტუტგარტისთვის" მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მატჩის წინ.

"ვერდერმა" წინა ტურში "ჰანოვერის" დამარცხებით (2:0) ხასიათი გამოიკეთა. იმ შეხვედრაში "ბაიერნიდან" იჯარით აყვანილმა ნილს პეტერსენმა დუბლი შეასრულა, თავდაჯერება მოემატა და ახლა "შტუტგარტის" კარის დალაშქვრას გეგმავს.

დერბი დასავლეთში: "გლადბახი" "ლევერკუზენის" წინააღმდეგ
მიონხენგლადბახის "ბორუსიას" წინა ტურამდე ცხრა ოფიციალური მატჩი (ბუნდესლიგაში შვიდი) არ ჰქონდა წაგებული და ეს სერია მაინცდამაინც "ლევერკუზენთან" პრინციპული დერბის წინ შეწყვიტა - მე-20 ტურში ლუსიენ ფავრის ფორმაში შესული გუნდი ნიურნბერგში 1:2 დამარცხდა.

თუმცა ცუდ ხასიათზე არიან ლევერკუზენელებიც: "ბაიერმა" საკუთარ მოედანზე "დორტმუნდთან" 2:3 წააგო და მეორე ადგილთან ერთად, მიუნხენის "ბაიერნის" ნომერ პირველი მდევრის სტატუსიც დაკარგა.

თუმცა მატჩის შემდეგ ლევერკუზენელთა სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა ფეხბურთელები დაიცვა, ჩემპიონობაზე ისედაც არ ვფიქრობდით, ჩვემი მიზანი საუკეთესო ოთხეულში მოხვედრააო - "ლევერკუზენს" ჩემპიონთა ლიგაში გასვლა უნდა.

ფიოლერს მხარი გენერალურმა მენეჯერმა ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერმაც აუბა - ფინანსური და, გნებავთ სპორტული თვალსაზრისით, "ბაიერნს" და "დორტმუნდს" კონკურენციას ვერ გავუწევთო.

ერთი სიტყვით, "ლევერკუზენი" ძველებურად უამბიციო, მუდამ კაპიტულირებულ კლუბად რჩება და პირდაპირ ვთქვათ, ახიც იქნება, "გლადბახმა" რომ დასაჯოს.

აქვე დავამატოთ: ორივე გუნდს წამყვანი ცენტრალური ჰყავს დისკვალიფიცირებული: "გლადბახს" იანჩკე, "ლევერკუზენს" - თოფრაქი.

"ჰანოვერი" წნეხის ქვეშ, "ჰოფე" რისკზე მიდის
ბრემენში განცდილი მარცხის შემდეგ ჰანოვერელები ბედნიერები არიან იმით, რომ ისევ საკუთარ მოედანზე თამაშობენ, რადგან მირკო სლომკას გუნდი ამ სეზონში სტუმრად ძალიან ცუდად გამოიყურება, საკუთარ კედლებში კი ერთ-ერთი საუკეთესოა.

"ფაქტობრივად ყოველი გასვლითი შეხვედრის შემდეგ და, შესაბამისად, ყოველი საშინაო მატჩის წინ წნეხის ქვეშ ვართ ხოლმე მოქცეულები და ეს ცუდია", - აცხადებს "ჰანოვერის" მენეჯერი იორგ შმადტკე.

სამაგიეროდ, "ჰანოვერი" ახლა "ჰოფენჰაიმის" სახით ისეთ გუნდს მასპინძლობს, რომელიც სტუმრად არაფრად ვარგა (1/1/7). თუმცა ჰანოვერელები მთლად მშვიდად არ უნდა იყვნენ, რადგან "ჰოფემ" წინა ტურში 9-მატჩიანი მოუგებელი სერია იმ "ფრაიბურგთან" დაამთავრა (2:1), რომლის კარში გოლების გატანა ძალიან ძნელია.

ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვოდათ "სოფლელების" ახალწვეულებს - მეკარე გომეშს, მცველ აბრაამსა და თავდამსხმელ დე კამარგოს.

"ფიურტი": "შალკეს" შემდეგ "ვოლფსბურგიც"?
"ფიურტმა" წინა ტურში სერიოზული სენსაცია მოახდინა: "შალკეს" გელზენკირხენში მოუგო (2:1). გამარჯვების გოლი ახალწვეულმა თავდამსხმელმა ჯურჯიჩმა 92-ე წუთზე გაიტანა, მატჩის შემდეგ კი თქვა - იმედი მაქვს, რომ ეს გოლი "ფიურტისთვის" გარდამტეხი იქნება და მეორე ბუნდესლიგაში არ დავქვეითდებითო.

ფიურტელები მიმდინარე სეზონის პირველ საშინაო გამარჯვებას გეგმავენ, მათი მეტოქე კი "ვოლფსბურგია", რომელსაც ორმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ბოლო დროს უნიათობა დაეტყო როგორც შეტევაში (პერიშიჩი და ვიერინია ვერაფერს ახერხებენ), ისე დაცვაშიც, სადაც ხან ნალდო ცდება, ხან კიაერი და ხანაც მადლუნგი.

"აინტრახტი" სწორ გზაზეა, "ნიურნბერგიც"...
"აინტრახტს" რეგრესი არ დაეწყო. ჰამბურგში 2:0-ის შემდეგ ფრანკფურტელებმა მოწინავე ოთხეულში პოზიციები გაიმყარეს და მეხუთეადგილოსან "მაინცს" 6 ქულით უსწრებენ.

"ჰამბურგში" განსაკუთრებით კარგად გარემარბმა აიგნერმა (ორი საგოლე პასი) და ახალმა თავდამსხმელმა ლაკიჩმა (დუბლი შეასრულა) ითამაშეს.

"გაოცებული ვარ, - აღნიშნა "აინტრახტის" თავკაცმა არმინ ფეემ იმ თამაშის შემდეგ. - ოთხდღიანი ვარჯიშების შემდეგ აიგნერმა და ლაკიჩმა ერთმანეთს ძალიან კარგად გაუგეს და იმედია, ასე გააგრძელებენ".

ფრანკფურტელები 9 თებერვალს "ნიურნბერგს" მასპინძლობენ, რომელმაც წინა ტურში "გლადბახი" 2:1 დაამარცხა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "აინტრახტის" დარად, "ნიურნბერგიც" სწორ გზაზე დგას.

გაამძაფრებს "ბაიერნი" "შალკეს" კრიზისს?
"ბაიერნისა" და "შალკეს" დაპირისპირებები ყოველთვის ძალიან საინტერესოა და სწორედ ამიტომ, ამჯერადაც ტურის ცენტრალურ შეხვედრად შეირაცხა, თუმცა ბავარიული გრანდი აშკარა ფავორიტია. არა მარტო იმიტომ, რომ "ბაიერნი" შესანიშნავ სეზონს ატარებს და 2013 წელს ყველა მატჩი მოიგო, არამედ იმის გამოც, რომ "შალკე" კრიზისშია.

თავად განსაჯეთ: გელზენკირხენელებმა ბოლო 9 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგეს. კრიზისის პიკს კი წინა ტურში მიაღწიეს, როცა საკუთარ კედლებში აუტსაიდერ "ფიურტთან" 1:2 წააგეს.

ბავარიელთა თავკაც იუპ ჰაინკესს კვლავ არ აქვს ძირითადი შემადგენლობის შეცვლის მიზეზი და მიუხედავად იმისა, რომ არიენ რობენს და მარიო გომესს ეს არ სიამოვნებთ, ძირითად შემადგენლობაში ალბათ დღესაც ვერ მოხვდებიან.

რეკორდმაისტერის მეკარე მანუელ ნოიერი კი ყურადღების ცენტრში მოექცევა - ის ხომ "შალკეში" გაიზარდა და ვარსკვლავადაც სწორედ "შალკეში" ჩამოყალიბდა.

სპორტულ პრობლემებთან ერთად, "შალკეს" მრავალგზის გაკრიტიკებულ მწვრთნელ იენს კელერს საკადრო პრობლემებიც მიეძალა - ჰუნტელაარი ტრავმირებულია, ფუხსი კი - დისკვალიფიცირებული. ამასთან, მატიპი და უჩიდა აშკარად ცუდ ფორმაში არიან.

თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ "შალკეს" უმძიმეს სიტუაციებში სჩვევია სენსაციების მოხდენა.

"მაინცი" აუგსბურგში, "ფორტუნა" - ფრაიბურგში
ცხრილის ბოლო სამეულიდან ყველაზე კარგ ფორმაში "აუგსბურგია", რომელმაც მეორე წრის სამ მატჩში ხუთ ქულას მოუყარა თავი. შესაბამისად, აუგსბურგელებს გადარჩენის იმედის ნაპერწკალი გაუღვივდათ.

მარკუს ვაინცირლის გუნდის მეტოქე ამ ტურში "მაინცია" - გუნდი, რომელიც მეხუთე ადგილზეა და ევროპაში მოხვედრა უნდა.

ტურს "ფრაიბურგისა" და "ფორტუნას" მატჩი დაასრულებს.

გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტური
9 თებერვალი
ბორუსია (დ)-ჰამბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: ბადელი (ჰამბურგი)
ტრავმა: ოვომოიელა - ლამი, მანსიენი, ბადელი, ილიჩევიჩი, სალა
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 91 თამაში: +32=27-32, (160:164)

ბორუსია (მ)-ლევერკუზენი 18:30
დისკვალიფიკაცია: იანჩკე - თოპრაქი
ტრავმა: მლაპა - ბელარაბი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 61 თამაში: +15=24-22, (89:112)

შტუტგარტი-ვერდერი 18:30
ტრავმა: აუდელი, ბა, კაკაუ, ჰემლაინი - ვოლფი, ბარგფრედე, ფიულკრუგი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 93 თამაში: +33=29-31, (148:158)

ჰანოვერი-ჰოფენჰაიმი 18:30
დისკვალიფიკაცია: პოკონიოლი (ჰანოვერი)
ტრავმა: რადლინგერი, ჩერუნდოლო, ეგიმანი, ფელიპე, ანდრეასენი, ფრანკა, შტინდლი - თესკერი, რუდი, სალიჰოვიჩი, ვუკჩევიჩი, შიპლოკი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +2=2-5, (10:18)

ფიურტი-ვოლფსბურგი 18:30
ტრავმა: ნდოიე, ჰეფელე, შმიდტგალი, ტირალა - ჰასანი, პილარი, ჰელმესი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=1-0, (1-1:)

აინტრახტი-ნიურნბერგი 18:30
ტრავმა: ამედიკი - შტეფანი, მარკოს ანტონიო, გებჰარტი, ჰლუშეკი
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 53 თამაში: +22=17-14, (82:65)

ბაიერნი-შალკე 21:30
დისკვალიფიკაცია: ფუხსი (შალკე)
ტრავმა: ბადშტუბერი, რაფინია, შაჩირი - კ. პაპადოპულოსი, აფელაი, მორიტცი, ჰუნტელაარი, მარიკა
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 85 თამაში: +42=25-18, (172:97)

10 თებერვალი
აუგსბურგი-მაინცი 18:30
დისკვალიფიკაცია: ბონსე (აფრიკის თასზეა) - ნ. მიულერი
ტრავმა: იენტცში, რაინჰარდტი, ვერჰეგი, ოტლი, პეტრჟელა - ბუნგერტი, ჩუპო-მოტინგი
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +2=0-1, (3:3)

ფრაიბურგი-ფორტუნა 20:30
ტრავმა: მუიჯა, ფრაისი, სანტინი - ბრუნო სუარესი, ბოლი, გარბუშევსკი, რაფაელი, ვორონინი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +0=3-2, (3:5)

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ბომბარდირები: 14 – მანჯუკიჩი (ბაიერნი); 13 – კისლინგი (ლევერკუზენი), ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 12 – მაიერი (აინტრახტი); 11 – თ. მიულერი (ბაიერნი), სალაი (მაინცი); 10 – იბიშევიჩი (შტუტგარტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XX ტურის შეჯამება და სიმბოლური: ახალმა ცოცხებმა კარგად დაგავეს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული