ბუნდესლიგა. XXI ტური: იურგენ კლოპი ბჭობს, მიუნხენის "ბაიერნი" იცინის [VIDEO]

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ზედიზედ ორი სეზონის უტიტულოდ დამთავრების შემდეგ "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა მწვრთნელს და ფეხბურთელებს გერმანიის ჩემპიონატის აქამდე არნახული უპირატესობით მოგება მოსთხოვა.

სხვანაირად გაუგებარია, როგორ ახერხებს რეკორდმაისტერი მატჩების 90 პროცენტის უმაღლეს დონეზე, მაქსიმალური კონცენტრაციით ჩატარებას.

სრული სვლით მორიგი რეკორდისკენ
21-ე ტურის ცენტრალურ მატჩში მიუნხენელები "შალკეს" მასპინძლობდნენ და მიუხედავად იმისა, რომ გელზენკირხენული კლუბი კრიზისშია, მაინც ბევრი ფიქრობდა, რომ "შალკეს" "ბავარიული მანქანისთვის" წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო.

არაფერიც! "ბაიერნმა" "შალკე" 4:0 გაანადგურა, 2013 წელს კვლავ არცერთი გოლი აქვს გაშვებული და რაკი მდევრებმა (თუკი შეიძლება,
რომ მათ მდევრები ვუწოდოთ) "დორტმუნდმა" და "ლევერკუზენმა" წაიფორხილეს, იუპ ჰაინკესის გუნდი მეორეადგილოსან "ბორუსიას" უკვე 15 ქულით (!) უსწრებს.

"გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა ამ სეზონში ძალიან მოსაწყენია. "ბაიერნის" მეტოქეები კი უკვე მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ დიდი ანგარიშით არ წააგონ," - ეს ლეგენდარული ბაიერნელის, პაულ ბრაიტნერის სიტყვებია.

1972/73 და 2002/03 წლების სეზონებში "ბაიერნმა" გერმანიის ჩემპიონობა 30-ე ტურის შემდეგ გაინაღდა, რაც დღემდე ბუნდესლიგის სარეკორდო მაჩვენებელია. ამაზე ადრე "ვერცხლის სინი" არასდროს არავის დაუსაკუთრებია!

ფაქტია, რომ თუ ასე გააგრძელებენ, თავიანთ რეკორდს ბავარიელები თავადვე გააუმჯობესებენ.

"ამ თამაშის მოგებით "ბაიერნმა" საბოლოოდ და ამომწურავად გასცა პასუხი კითხვას იმის შესახებ, თუ ვინ გახდება წელს გერმანიის ჩემპიონი," - ეს შტეფან ეფენბერგის სიტყვებია.

პენალტისტი ალაბა, რობენი და გომესი ძირითადში
დასუსტებულმა და კრიზისში მყოფმა "შალკემ" (გელზენკირხენელებს ჰუნტელაარის ჩათვლით რვა ფეხბურთელი აკლდათ) "ბაიერნს" მხოლოდ 18 წუთი გაუძლო. მერე დავიდ ალაბამ ფრანკ რიბერის მიერ მოპოვებული (წესები ჰიოგერმა დაარღვია) თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია და ანგარიში გახსნა.

დიახ, პენალტი სწორედ ახალგაზრდა ავსტრიელმა მარცხენაფლანგელმა შეასრულა - მიუხედავად იმისა, რომ არიენ რობენი ძირითად შემადგენლობაში იყო!

ჰაინკესმა ჰოლანდიელი სასტარტოში მე-11 ტურის შემდეგ პირველად გაამწესა. რობენთან ერთად, "დონ იუპის" როტაციის შედეგად ძირითად თერთმეტეულში მოხვდნენ ბოატენგი და გომესიც (მეოთხე გოლი სწორედ მარიომ გაიტანა).

სამაგიეროდ, ჰაინკესმა სკამზე დასვა მიულერი, ვან ბუიტენი და "ბაიერნის" საუკეთესო ბომბარდირი მარიო მანჯუკიჩიც.

"მომდევნო კვირიდან დატვირთული გრაფიკი გვექნება, რადგან წინ ჩემპიონთა ლიგის მატჩებია. შესაბამისად, ახლა სწორედ როტაციის დრო იყო," - აღნიშნა ჰაინკესმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

მეორე გოლი შვაინშტაიგერმა საჯარიმო დარტყმით, 21 მეტრიდან გაიტანა და აღსანიშნავია, რომ ბასტიანი წინა კვირაში, ტონი კროოსთან ერთად, თავისი ნებით ვარჯიშობდა საჯარიმო დარტყმების შესრულებაზე.

VideoSportall.Ge
ბაიერნი - შალკე 4:0


შალკე უკვე შავ დღეშია
თუკი "ბაიერნი" ტიტულს უახლოვდება, "შალკე" ცხრილის იმ ზონაში დამკვიდრდა, საიდანაც ევროპაში ვერ გადიან - გელზენკირხენელები მე-9 ადგილამდე ჩამოქვეითდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ იენს კელერის გუნდი კატასტროფულ სეზონს ატარებს.

მიუხედავად ამისა, "შალკეს" შეფები სეზონის ბოლომდე დროებით დანიშნული სპეციალისტის ვადაზე ადრე გათავისუფლებას არ აპირებენ, რაც 10 თებერვალს კლუბის მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმაც დაადასტურა. სამაგიეროდ, მისი კრიტიკა ფეხბურთელებმა დაიმსახურეს.

ჩვენი გერმანელი კოლეგები კი ყველაზე მეტად "შალკეს" ბრაზილიელ ახალწვეულ მიშელ ბასტოსს აკრიტიკებენ და პირველ რიგში იმის გამო, რომ ბაიერნელ თანამემამულე დანტეს მაისურა შესვენებაზევე გაუცვალა...

ჰამბურგმა ჩემპიონი დაასამარა
"ბაიერნის" გამარჯვებას წინ მდევრების უნიათობა უძღვოდა. მეორე წრის შესანიშნავად დაწყების შემდეგ დორტმუნდის "ბორუსია" საკუთარ მოედანზე, ყველასათვის მოულოდნელად, "ჰამბურგთან" დამარცხდა.

წაგებაცაა და წაგებაც, იურგენ კლოპის გუნდი კი საკუთარი ფანების თვალწინ 1:4 განადგურდა!

ამასთან, დორტმუნდელებმა მთავარი გოლეადორი რობერტ ლევანდოვსკი დაკარგეს - პოლონელმა ჯერ გოლი გაიტანა, მერე კი მოედნიდან გააძევეს და დისკვალიფიკაცია არ ასცდება.

ლევანდოვსკიმ ანგარიში გახსნა, მაგრამ ჰამბურგელებმა ძალიან მალე უპასუხეს - წონასწორობა რუდნევსმა აღადგინა, რვა წუთში კი ტორსტენ ფინკის ბიჭები სონის ულამაზესი გოლით დაწინაურდნენ კიდეც.

რაც შეეხება ლევანდოვსკის გაძევებას: პოლონელმა ჰამბურგელ სკიელბრედს ფეხი მართლაც უშნოდ მოუქნია, მაგრამ მსაჯი მანუელ გრეფე მის გაგდებას თითქოს არც გეგმავდა, თუმცა მთელ ამ ორომტრიალში დიდი როლი ითამაშა ვან დერ ვაარტის პროტესტმა, რომელმაც ჯერ გაწევ-გამოწევაში ისიმულანტა, მერე კი გრეფეს ლევანდოვსკი გააგდებინა.

მოგვიანებით დორტმუნდელმა ფანებმა ჰოლანდიელს კუთხურის ალამთან სანთებელები დაუშინეს.

"რობერტმა სკიელბრედს ფეხი მართლა ცუდად მოუქნია და მოარტყა, მაგრამ ჰამბურგელი ოდნავადაც არ დაშავებულა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ წითელი ბარათი ზედმეტი იყო," - განაცხადა მატჩის შემდეგ კლოპმა.

მეორე ტაიმში "ჰამბურგიც" ათი კაცით დარჩა (გრეფემ ბრუმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის მიაბრძანა), თუმცა "ბორუსიამ" არათუ ანგარიში ვერ გაათანაბრა, მესამე გოლი მიიღო - რუდნევსმა კი დუბლი გაიფორმა.

VideoSportall.Ge
დორტმუნდი - ჰამბურგი 1:4


მოგვიანებით დუბლის ავტორი გახდა სონიც, კლოპმა კი შაბათს "განავალივით დღე" უწოდა.

ამრიგად, ამ ტურის შემდეგ ჰამბურგელები მეექვსე ადგილზე არიან და ევროპისკენ ისწრაფვიან, "დორტმუნდმა" კი ჩემპიონის ტიტულის კიდევ ერთხელ შენარჩუნებაზე ფიქრი უნდა შეწყვიტოს და მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გადაერთოს - 12 თებერვალს "ბორუსია" ევროპის ელიტარული საკლუბო ტურნირის მერვედფინალში დონეცკის "შახტარს" სტუმრობს.

ვერდერის ზედიზედ მეორე
"ვერდერმა" ზედიზედ მეორე თამაში მოიგო, რაც ამ სეზონში პირველი შემთხვევაა. ბრემენელებმა "შტუტგარტთან" პრინციპული ბრძოლა სტუმრად 4:1 მოიგეს, "მუსიკოსთა" ათიანმა მეჰმეთ ექიჩიმ კი დუბლი შეასრულა და ეს მისთვის ამ სეზონში პირველი და მეორე გოლებია.

"შტუტგარტმა" კი ზედიზედ მეხუთე მარცხი იწვნია და გასავარდნ ზონას მიუახლოვდა - ბრუნო ლაბადიას გუნდი უმძიმეს კრიზისშია.

ჰოფეს კარი დაწყევლილია
ძალიან საინტერესო, დაძაბული და დრამატული დერბი ვნახეთ მიონხენგლადბახში, სადაც ადგილობრივი "ბორუსია" "ლევერკუზენს" მასპინძლობდა. გუნდებმა სამ-სამი გოლი გაიტანეს და უხვგოლიანი ფრე, 3:3 დააფიქსირეს.

"ჰანოვერმა" "ჰოფენჰაიმი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ეს ყველაფერი "სოფლელების" ახალი მეკარის, ეურელიო გომეშის ბრალია: ჰუშტის ჩაწოდების შემდეგ ბრაზილიელმა კიპერმა კარიდან გამოსვლა დააგვიანა და დიუფმაც სწორედ ამით ისარგებლა.

როგორც ჩანს, "ჰოფენჰაიმის" კარი ამ სეზონში დაწყევლილია...

"შალკესთან" სენსაციური გამარჯვების შემდეგ "ფიურტი" საკუთარ კედლებში "ვოლფსბურგთან" 0:1 დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფიურტელებმა მე-11 საშინაო შეხვედრაში მე-8 მარცხი იწვნიეს.

ერთადერთი გოლი "მგლების" გოლეადორმა ბას დოსტმა შეაგდო - ეს მისი მე-8 გოლია მიმდინარე სეზონში.

ბუნდესლიგა. XXI ტური
ბორუსია (დ)-ჰამბურგი 1:4
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (17), 1:1 რუდნევსი (18), 1:2 სონი (26), 1:3 რუდნევსი (62), 1:4 სონი (89)
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი (66. გიუნდოგანი), ფელიპე სანტანა, ჰუმელსი, ს. ბენდერი - კელი (65. შიბერი), ნ. შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი, გიოტცე, როისი - ლევანდოვსკი.
ჰამბურგი (4-1-2-1-2): ადლერი - დიკმაიერი, ბრუმა, ვესტერმანი, იანსენი - რინკონი - სკიელბრედი (74. არსლანი), აოგო - ვან დერ ვაარტი (63. რაიკოვიჩი) - რუდნევსი, სონი (90. კაჩარი).
გაფრთხილება: გიოტცე - აოგო, ვან დერ ვაარტი
გაძევება: ლევანდოვსკი (31. ბორუსია /დ/), ბრუმა (59. ჰამბურგი)
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 14-19; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 21(7)-13(5); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 80 645

ბორუსია (მ)-ლევერკუზენი 3:3
გოლები: 1:0 შტრანცლი (44), 1:1 სემი (52), 2:1 ლ. დე იონგი (58), 2:2 კისლინგი (60), 2:3 შიურლე (64), 3:3 ჰერმანი (86)
ბორუსია /მ/ (4-2-2-2): ტერ შტეგენი - შტრანცლი, ბრუვერსი, ალვარო დომინგესი, ვენდტი - ნორდტვეიტი (77. ჰრგოტა), რინგი (60. ჯაკა) - ჩიგერჩი (84. ჰანკე), არანგო - ჰერმანი, ლ. დე იონგი.
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - კარვახალი, ვოლშაიდი, შვააბი, ბიონიში - როლფესი - ლ. ბენდერი, კასტრო (80. ჰოსოგაი) - სემი (70. ჰეგელერი), შიურლე - კისლინგი.
გაფრთხილება: სემი
კუთხური: 5-11; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 10(5)-23(10); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 46 010

შტუტგარტი-ვერდერი 1:4
გოლები: 0:1 ექიჩი (34), 1:1 ტრაორე (50), 1:2 ჰანტი (60), 1:3 ექიჩი (74), 1:4 დე ბრუინი (92)
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - გ. საკაი, ტასკი, ნიდერმაიერი, ბოკა - კვისტი (68. დიდავი), გენტნერი - ჰარნიკი (68. მაკედა), თორუნი (78. ოკაზაკი), ტრაორე - იბიშევიჩი.
ვერდერი (4-1-2-2-1): მილიტცი - იგნიოვსკი, ლუკიმია, სოკრატისი, შმიტცი - იუნუზოვიჩი (89. ფრიტცი) - ჰანტი (90. გებრე სელასიე), დე ბრუინი - ელია, ექიჩი (85. პრიოდლი) - პეტერსენი.
გაფრთხილება: ტრაორე, გენტნერი, იბიშევიჩი - პეტერსენი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 21-19; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 9(3)-18(7); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 41 200

ჰანოვერი-ჰოფენჰაიმი 1:0
გოლი: 1:0 მ. დიუფი (8)
ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი - ჩაჰედი, ჯურუ, კ. შულცი, პანდერი - შმიდებახი, და სილვა პინტუ - ია კონანი (76. ჰოფმანი), შლაუდრაფი, ჰუშტი - მ. დიუფი (91. აბდელაუ).
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): გომეში - ბეკი, აბრაამი, დელპიერი, ჯონსონი - ვაისი (78. გრიფო), პოლანსკი (78. ვილიამსი) - რობერტო ფირმინიო, ვოლანდი, უსამი (62. ხოსელუ) - დე კამარგო.
გაფრთხილება: პანდერი, მ. დიუფი - რობერტო ფირმინიო, პოლანსკი
კუთხური: 5-10; ჯარიმა: 21-20; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 7(3)-16(9); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 35 200

ფიურტი-ვოლფსბურგი 0:1
გოლი: 0:1 დოსტი (23)
ფიურტი (4-2-2-2): ჰესლი - მ. ციმერმანი, სობიხი, მავრაი, ბაბა - ვარგა, პეკოვიჩი - კლაუსი (46. პრიბი), სარარერი (67. პარკი) - ასამოა (80. აზემი), ჯურჯიჩი.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ფაგნერი (67. ჰასებე), ნალდო, მადლუნგი, მ. შეფერი - ტრეში, პოლაკი (78. ჟოსუე) - ვიეირინია, დიეგო, პერიშიჩი (46. ოლიჩი) - დოსტი.
გაფრთხილება: კლაუსი, სობიხი, პეკოვიჩი - ნალდო, ფაგნერი, ტრეში
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 22-23; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 16(3)-10(2); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 15 045

აინტრახტი-ნიურნბერგი 0:0
აინტრახტი (4-2-3-1): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, ანდერსონი, ოჩიპკა - შვეგლერი, როდე - აიგნერი (89. კიტელი), მაიერი, ინუი (72. მატმური) - ლაკიჩი.
ნიურნბერგი (4-1-4-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, ნილსონი, კლოზე, პინოლა - სიმონსი - კიოტაკე, ფოილნერი, ბალიჩი (86. ილდიზი), ფრანტცი (75. მაკი) - პეკჰარტი (78. პოლტერი).
გაფრთხილება: ლაკიჩი, ანდერსონი - ნილსონი, პეკჰარტი, ბალიჩი
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 17-20; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 9(2)-11(6); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 45 400

ბაიერნი-შალკე 4:0
გოლები: 1:0 ალაბა (19-პენ), 2:0 შვაინშტაიგერი (32), 3:0 ალაბა (51), 4:0 გომესი (63)
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი (73. რაფინია), ბოატენგი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი (73. ლუის გუსტავო) - რობენი, კროოსი, რიბერი (73. კონტენტო) - გომესი.
შალკე (4-1-4-1): ჰილდებრანდი - ჰიოვედესი, მატიპი, მეტცელდერი, კოლასინაცი - ნოიშტედტერი - ბარნეტა, ჰიოგერი (64. რაფაელი), ჯონსი, მიშელ ბასტოსი (72. ფარფანი) - პუკი (78. ედუ).
გაფრთხილება: ჰიოგერი
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 15(6)-4(0); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 71 000

აუგსბურგი-მაინცი 1:1
გოლები: 0:1 სალაი (43), 1:1 მიოლდერსი (57)
აუგსბურგი (4-1-4-1): მანინგერი - ფიპლი (43. პარკჰურსტი), კალსენ-ბრაკერი, კლავანი, დე იონგი - ბაიერი - კოო, მორავეკი (73. ფოგტი), ჟი, ვერნერი (80. ს. ჰაინი) - მიოლდერსი.
მაინცი (4-1-2-1-2): ვეტკლო - პოსპეხი, სვენსონი, ნოვესკი, ჟუნიორ დიასი (46. ზაბავნიკი) - კირხჰოფი - ბაუმგარტლინგერი, სოტო (61. რისსე) - ივანშიტცი (69. მ. კალიჯური) - სალაი, შ. პარკერი.
გაფრთხილება: ს. ჰაინი, პარკჰურსტი - ივანშიტცი, ჟუნიორ დიასი
გაძევება: შ. პარკერი (45+1. მაინცი)
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 19(7)-9(3); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 25 541

ფრაიბურგი-ფორტუნა 1:0
გოლი: 1:0 კრმასი (87)
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - ჰედენსტადი (46. გენტნერი), დიანიე, კრმასი, ზორგი - მაკიადი, შუსტერი - შმიდი (66. დ. კალიჯური), მ. კრუსე - როზენტალი, ფლუმი (77. გინტერი).
ფორტუნა (4-2-2-1-1): გიფერი - ბალოგუნი, ლატკა, მალეზასი (89. დ. შაჰინი), ვან დერ ბერგი - ბოძეკი, ტეშე - კრუსი (83. ბელინგჰაუზენი), ლამბერტცი - ილსიო (65. ო. ფინკი) - რაიზინგერი.
გაფრთხილება: შუსტერი - ბალოგუნი, ლამბერტცი, ბოძეკი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 15(3)-11(4); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 21 200

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 14 - კისლინგი (ლევერკუზენი), ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/), მანჯუკიჩი (ბაიერნი); 12 - მაიერი (აინტრახტი), სალაი (მაინცი); 11 - თ. მიულერი (ბაიერნი); 10 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), რუდნევსი (ჰამბურგი).

მომდევნო ტური
15 თებერვალი
ვოლფსბურგი-ბაიერნი.

16 თებერვალი
ლევერკუზენი-აუგსბურგი, ვერდერი-ფრაიბურგი, მაინცი-შალკე, ჰამბურგი-ბორუსია (მ), ფორტუნა-ფიურტი, ბორუსია (დ)-აინტრახტი.

17 თებერვალი
ნიურნბერგი-ჰანოვერი, ჰოფენჰაიმი-შტუტგარტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XXI ტურის წინ: რა შანსი აქვს "შალკეს" მიუნხენში?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული