დაპირისპირება "ბაიერნში": ლოთარი ულის ბოდიშს ელის

AutoSharing Option
ოფიციალურად დაუდასტურებელი ცნობების თანახმად, დორტმუნდის "ბორუსიას" პოლონელი გოლეადორის, რობერტ ლევანდოვსკის "ბაიერნში" გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია, მაგრამ მიუნხენელები არაფერს ადასტურებენ.

მეტიც, ამის გამო რეკორდმაისტერის პრეზიდენტი ული ჰიონესი ლეგენდარულ ბაიერნელ ლოთარ მათეუსსაც კი მისდგა.

საქმე იმაშია, რომ 51 წლის მათეუსმა რამდენიმე დღის წინ თქვა, გავიგე, რომ ლევანდოვსკი "ბაიერნში" გადადისო და იქვე დასძინა, მხარეები ყველაფერზე შეთანხმებულან, უბრალოდ, ტრანსფერის განხორციელების დრო დარჩა გასარკვევიო. მათეუსმა ისიც თქვა, რომ "ბაიერნი" 24 წლის ლევანდოვსკიში 25-დან 30 მილიონამდე ევროს გადაიხდის.

ლოთარის ამ განცხადებას 61 წლის ჰიონესი 11 თებერვალს გამოეხმაურა:
"ბოლო დროს მათეუსი მარტო ქალებით იყო დაკავებული, ახლა კი "ბაიერნის" ტრანსფერებზე ლაპარაკობს. როგორც ჩანს, მის ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა!"


მათეუსის პასუხმა არ დაახანა: "ულიმ ამ სიტყვებით შეურაცხყოფა მომაყენა. თუ ლევანდოვსკი "ბაიერნში" არ გადავა, საჯაროდ მოვუბოდიშებ და თუ გადავა, მისგან ველოდები ბოდიშს!"

რაც შეეხება მთავარს: ლოთარი ამბობს, ტრანსფერის შესახებ ერთ-ერთმა ინსაიდერმა მითხრაო. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ "ბაიერნის" ფეხბურთელები ამ ტრანსფერის გარშემო ატეხილი დისკუსიების დამთავრებას ითხოვენ. "უმჯობესია, ყველაფერი მალე გაირკვეს!" - ეს მარიო გომესის სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მოსალოდნელი ტრანსფერი: ლევანდოვსკი "ბაიერნს" უახლოვდება!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული