რაც შეეხება სხვა ამბებს: მეჰმეთ ექიჩის ფეხბურთის თამაში მართლა შესძლებია; რაფაელ ვან დერ ვაარტი ან ნამეტანი გულახდილია, ანაც ნამეტნავად აფრენს; ჯერალდ ასამოა კი თხილის ნამცხვარს აღარასოდეს შეჭამს...
გომეში ვიზეს სწორია...
წინა კვირაში ჰოფენჰაიმში ყველა ბედნიერი იყო - როგორც იქნა, ტიმ ვიზე მოვიშორეთ და კარში ნორმალური
მაგრამ ამ უქმეებზე "ჰანოვერთან" წაგება (0:1) სწორედ გომეშს უნდა დაბრალდეს, რომელმაც მის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე რეაგირება დააგვიანა და დიუფმაც სწორედ ამით ისარგებლა. მეკარის ასეთ შეცდომებს ჰოფენჰაიმელები კი მიჩვეულები არიან - ვიზეც ხომ სწორედ ასეთ და ამაზე უარეს შეცდომებს უშვებდა. ასე რომ, კითხვა, მართლა კარგი მეკარე ჰყავს თუ არა "ჰოფეს", მაინც აქტუალური დარჩა.
ვისი ფეხბურთელია ვილიამ კვისტი?
ერთი შეხედვით, რომც არ იცოდეთ, ამის გამოცნობა რთული არაა - ვილიამ კვისტი "შტუტგარტის" საყრდენი ნახევარმცველია, მაგრამ შვაბენლანდური კლუბის ფანებს შაბათს ეს არ სჯეროდათ. "ვერდერთან" თამაშის დაწყებიდან ერთი საათი იყო გასული და ანგარიში 1:1 გახლდათ, როცა კვისტი ნილს პეტერსენთან ორთაბრძოლაში ყოვლად უნიათოთ შევიდა და ბურთი დაკარგა, რის შემდეგაც აარონ ჰატმა "ვერდერი" დააწინაურა.
შტუტგარტელები საბოლოოდ 1:4 განადგურდნენ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ უმძიმეს კრიზისში არიან. ზედიზედ ხუთი მარცხის შემდეგ ბრუნო ლაბადიას გუნდი მე-14 ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო გადარჩენისთვის იბრძვის, ვიდრე ევროპალიგის საგზურისთვის.
ვინ არის ვერდერის ათი ნომერი?
მეჰმეთ ექიჩი და ილქაი გიუნდოგანი ერთ დროს განუყრელი მეგობრები იყვნენ და "ნიურნბერგში" შესანიშნავ დუეტს ქმნიდნენ. რაკი ასე კარგად თამაშობდნენ, მათ მდიდარი გუნდებისგან კარგი წინადადებები მიიღეს და შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგეს: გიუნდოგანი დორტმუნდის "ბორუსიაში" გადავიდა, გახდა გერმანიის ჩემპიონი და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი, ხოლო ექიჩიმ კი ბრემენის "ვერდერს" მიაშურა და გახდა... ამ წინადადების დასრულება ძალიან ძნელია, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში, მეჰმეთ ექიჩი იმაზე უკეთესი მოთამაშე ნაღდად არ გამხდარა, ვიდრე "ნიურნბერგში" იყო. ამ შაბათამდე ექიჩის ახალ კლუბში შესაძლებლობების 40 პროცენტიც კი არ ჰქონდა გამოვლენილი.
ეს შაბათი კი მისი დღე იყო: ექიჩიმ არა მარტო ბრწყინვალე პასები არიგა, არამედ ორი გოლიც გაიტანა. ამ ორი გოლიდან ერთი იმდენად ლამაზი იყო, რომ ბრემენული კლუბის ფანებს "ვერდერის" ძველი "ათიანები", მიკუ, დიეგო და იოზილი გაახსენდათ. ჰო, "მუსიკოსების" ათი ნომერი დღეს, დიახაც, მეჰმეთ ექიჩია.
ლევანდოვსკი იბრაჰიმოვიჩის გზაზე
რობერტ ლევანდოვსკი უდავოდ ძალიან მაგარი თავდამსხმელია. თავის დროზე, დორტმუნდის "ბორუსიაში" რომ გადავიდა, პოლონელ ფერნანდო ტორესს უწოდებდნენ, დღესდღეობით კი ტიტულოვან ესპანელ კოლეგაზე ძვირად ფასობს და მასზე უფრო დიდი მოთხოვნაცაა, ვიდრე თავად ტორესზე.
რობერტს თავიდან გოლები მშვიდად გაჰქონდა, ამ სეზონში კი უკვე ექსტრავაგანტურ ტრიუკებსაც მიეჩვია - ქუსლით პასებს, ორიგინალურ დარტყმებს და ა.შ. ამ ისტორიის თითქოს ლოგიკური გაგრძელებაა ის, რაც რობერტს შაბათს, "ჰამბურგთან" მატჩში დაემართა: ჯერ ბრწყინვალე გოლი გაიტანა, მერე კი ჰამბურგელ სკიელბრედს ფეხი ისე უშნოდ მოუქნია, რომ ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, მსაჯმა წითელი ბარათი აუფრიალა.
ამ დღეებში პოლონელი თავდამსხმელი ალბათ ბევრს იფიქრებს იმაზე, თუ რატომ მოიქცა ასე.
გულახდილი ვან დერ ვაარტი
"მსაჯს ლევანდოვსკისთვის წითელი ბარათის ჩვენება აშკარად არ უნდოდა. შესაბამისად, პატარა სპექტაკლი დავდგი იმისათვის, რომ დორტმუნდელი მოედნიდან გაეძევებინა. ამის მერე მსაჯი ასისტენტს ელაპარაკებოდა და საბოლოოდ წითელი ბარათი მაინც ამოიღო," - ეს "ჰამბურგის" ჰოლანდიელი გამთამაშებლის, რაფაელ ვან დერ ვაარტის აღიარებითი ჩვენებაა, რომელმაც "დორტმუნდის" თავკაცი იურგენ კლოპი ძალიან გააბრაზა.
ფეხბურთის მოყვარულებს ბევრი ისეთი ეპიზოდი გვახსოვს, როცა ერთმა მოთამაშემ პროვოცირებით თუ თეატრალური ვარდნით მომხდარი გაამძაფრა და ამით მატჩის შედეგზე გავლენა იქონია. ეს შემთხვევა კი მართლა პირველია იმ მხრივ, როცა ფეხბურთელმა ეს ყველაფერი მაშინვე, თამაშის შემდეგ აღიარა.
"ეს იყო ყველაზე ცუდი წინადადება მათ შორის, რაც ოდესმე მომისმენია," - ასეთი იყო კლოპის კომენტარი.
ვან დერ ვაარტი იქით იყოს და...
მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის კარგად თამაშის გარდა, ყველაფერს აკეთებს, ჰამბურგელებისთვის მთავარი სალაპარაკო თემა მაინც ვან დერ ვაარტია. სანამ ჩრდილოგერმანული კლუბის ქომაგები საბოლოოდ დაასკვნიან, რისთვის დაბრუნდა მათთან ჰოლანდიელი "ანგელოზი", ჩვენ ამ გუნდთან მიმართებაში საუბრისას ყურადღება არა მასზე, არამედ ჰეონ-მინ სონზე უნდა გავამახვილოთ, რადგან ყურადღებას, დიახაც, ეს უკანასკნელი უფრო იმსახურებს.
სონი "ჰამბურგის" აღზრდილი, ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი თავდამსხმელია, რომელსაც შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზეც კარგად გამოსდის თამაში. ის პირველ ბუნდესლიგაში ახლახან გამოჩნდა და უკვე ვან დერ ვაარტის დონის გოლები გააქვს. საკმარისია, თვალი გადაავლოთ იმ გოლებს, რომლებიც მან "ვერდერთან" და "დორტმუნდთან" გაიტანა და ამაში თვითონაც დარწმუნდებით.
"ბორუსიასთან" მან სულაც დუბლი შეასრულა და განსაკუთრებით მომხიბვლელი პირველი ხეირიანი დარტყმა გამოუვიდა. სონი მაგარი ბიჭი იზრდება.
იყო და არა იყო რა
იყო ბუნდესლიგაში ასეთი თავდამსხმელი - მარტინ მაქსი. ცენტრფორვარდი გახლდათ და, შეიძლება გახსოვდეთ კიდეც, თავისი გუნდის თითქმის ყველა გოლში მონაწილეობდა. მაშინ მთელი საფეხბურთო გერმანია გაჰყვიროდა, მაქსის ადგილი გერმანიის ნაკრებშიაო, მაგრამ მაშინდელი ბუნდესმწვრთნელი ყურსაც არ იბერტყავდა და სხვა გერმანელი ცენტრფორვარდების თამაშებს ესწრებოდა.
მაქსს კი უფრო და უფრო მეტი გოლი გაჰქონდა, თუმცა გერმანიის ნაკრებში არა და არ იწვევდნენ. მერე, როდესღაც, როგორც იქნა, დააფასეს და შანსი მისცეს: 4 წუთი არგენტინასთან. ცხადია, 4 წუთში ვერაფერი დაამტკიცა, რადგან ეს დრო შეიძლება თვით ლეო მესისაც არ ეყოს და მას მერე ბუნდესგუნდში აღარ დაუპატიჟებიათ.
რაც დრო გადის, "ლევერკუზენის" ფორვარდი შტეფან კისლინგი უფრო და უფრო ხშირად გვაგონებს მარტინ მაქსს. "ლევერკუზენის" "ფორვარდს" ბუნდესლიგაში უკვე 100 გოლი აქვს გატანილი, გერმანიის ნაკრებში კი სულ ექვსჯერ ათამაშეს...
ალაბას რომ გერმანული პასპორტი ჰქონდეს
მის საფეხბურთო შესაძლებლობებში ეჭვი არც აქამდე ეპარებოდათ, მაგრამ ბუნდესლიგის 21-ე ტურის შემდეგ მთელი საფეხბურთო გერმანია ოცნებას მიეცა: რა მოხდებოდა, რომ "ბაიერნის" მარცხენა მცველი დავიდ ალაბა რამდენიმე ასეული კილომეტრით ჩრდილოეთში დაბადებულიყო? რა მოხდებოდა, რომ გერმანული პასპორტი ჰქონოდა? გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი რომ ყოფილიყო?
რა მოხდებოდა და ფილიპ ლამი, ბოლოს და ბოლოს, ბუნდესგუნდშიც მუდმივად დაცვის მარჯვენა ფლანგზე ითამაშებდა, მარცხნივ კი ალაბა ალბათ 10 წელი ირბენდა გაუჩერებლად და გერმანიის ეროვნული გუნდი შეიძლება მართლაც უძლეველი ყოფილიყო.
ტურის ფრაზა
ამ უქმეებზე გერმანიაში ყველაზე მაგარი კომენტარი "შალკეს" მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა გააკეთა. მიუნხენის "ბაიერნთან" 0:4-ზე განადგურების შემდეგ მან თქვა: "პირველი გოლის დროს პენალტი არ იყო, მეორე გოლის დროს ჯარიმა არ იყო, მესამე გოლი კი მიუნხენელებმა თამაშგარე მდგომარეობიდან გაგვიტანეს!"
მართალია, მერე მიხვდა, რომ სისულელეები ილაპარაკა და დასძინა, ასე რომ არ მომხდარიყო, "ბაიერნი" გოლებს ალბათ სხვანაირად გაიტანდაო, მაგრამ მაინც: ტურის ფრაზის ავტორი ნაღდად ჰელდტია.
ფილოსოფოსი გომესი
"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა მარიო გომესი ამჯერად ძირითად შემადგენლობაში გაამწესა, მისი სეხნია და რეკორდმაისტერის საუკეთესო ბომბარდირი მანჯუკიჩი კი სკამზე დატოვა. გომესმაც ითამაშა და გოლიც გაიტანა (ჰელდტის აზრით, მიუნხენელთა 4 გოლიდან მარტო გომესისა იყო ჩასათვლელი), მაგრამ მაინც ვერ გაარკვია, ეთქმის თუ არა რეკორდმაისტერის სასტარტო შემადგენლობის წევრი.
"ვინ ვარ? რა როლი მაქვს? არაფერი ვიცი!" - თქვა გომესმა "შალკესთან" მატჩის შემდეგ. ამ კითხვებზე პასუხს მარიო, სავარაუდოდ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შეიტყობს.
ალერგიული ასამოა
"ფიურტისა" და "ვოლფსბურგის" დაპირისპირების შემდეგ, რომელიც "მგლებმა" 1:0 მოიგეს, ფიურტელებს წაგება აღარ ახსოვდათ - ჯერალდ ასამოაზე ნერვიულობდნენ. "ასა" გასახდელში გაიშხლართა და იყვირა, მიშველეთო. "ფიურტი" პანიკამ მოიცვა, გულის პრობლემა ეგონათ, რადგან ჯერალდი გულს ადრეც არაერთხელ შეუწუხებია, მაგრამ, საბედნიეროდ, გული შუაში არ აღმოჩნდა.
ასამოას თამაშამდე თხილის ნამცხვარი უჭამია, თხილზე კი ალერგია აქვს და ეს სწორედ ალერგიული შეტევა გახლდათ. "თხილის ნამცხვარს ცხოვრებაში აღარ შევჭამ!" - კბილებში გამოსცრა ასამოამ აზრზე მოსვლის შემდეგ.
სიმბოლური ნაკრები
XXI ტურის გმირი
ჰეონ მინ სონი (ჰამბურგი)
"ჰამბურგის" 20 წლის ტალანტი ჰეონ-მინ სონი "დორტმუნდთან" მართლა ბრწყინვალე იყო, მაგრამ "ჰამბურგს", როგორც ყოველთვის, ისევ პრობლემა აქვს. საქმე იმაშია, რომ სონს ტანჯულ ჩრდილოგერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2014 წელს უმთავრდება და ახალი ჯერაც არ გაუფორმებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მსურველებს შეუძლიათ, ხელები დაიკაპიწონ.
"ჰამბურგის" სპორტულმა დირექტორმა ფრანკ არნესენმა ამ საკითხზე მუშაობა კვირასვე დაიწყო, მაგრამ დიდი შანსია, რომ უკვე გვიანი იყოს. მიმდინარე სეზონში სონის ანგარიშზე უკვე 9 გოლია.
საუკეთესო ფეხბურთელები
XXI ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 16 2.19
2. კევინ ტრაპი აინტრახტი 21 2.19
3. რენე ადლერი ჰამბურგი 21 2.48
4. მარიო გიოტცე ბორუსია (დ) 19 2.56
5. აარონ ჰანტი ვერდერი 18 2.64
6. თომას მიულერი ბაიერნი 19 2.69
7. ტონი კროოსი ბაიერნი 21 2.73
8. სებასტიან როდე აინტრახტი 21 2.76
9. რაფაელ შეფერი ნიურნბერგი 18 2.78
10. დიეგო ბენალიო ვოლფსბურგი 21 2.79
გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 21 14 7 21
2. თომას მიულერი ბაიერნი 19 11 10 21
3. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 20 14 6 20
4. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 19 7 10 17
5. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 18 14 2 16
6. მარკო როისი ბორუსია (დ) 21 8 8 16
7. შტეფან აიგნერი აინტრახტი 21 7 7 14
8. იაკუბ ბლაშჩიკოვსკი ბორუსია (დ) 17 9 5 14
9. ნილს პეტერსენი ვერდერი 21 9 5 14
10. ადამ სალაი მაინცი 20 12 2 14
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XXI ტური: იურგენ კლოპი ბჭობს, მიუნხენის "ბაიერნი" იცინის [VIDEO]