ანდრეს ინიესტა: პეპი მიუნხენშიც მაგარი იქნება!

AutoSharing Option
მას მერე, რაც გადაწყდა, რომ ზაფხულიდან მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა იქნება, გერმანიაში ყველას ერთი კითხვა აწუხებს: როგორ ფეხბურთს ითამაშებს რეკორდმაისტერი "ბარსელონას" ექსთავკაცის ხელში, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში, ფაქტობრივად, ახალი სტილი შექმნა. 42 წლის გვარდიოლას "ბაიერნში" თავის გეგმებზე კომენტარები ჯერ არ გაუკეთებია - მხოლოდ ის თქვა, რომ ზაფხულამდე არც არაფერს იტყვის, რადგან არ უნდა, რომ მიუნხენური გრანდის ამჟამინდელ მწვრთნელ იუპ ჰაინკესს ხელი შეუშალოს.

შესაბამისად, კითხვა, თუ როგორი იქნება გვარდიოლას ფორმაციის "ბაიერნი", უპასუხოდ რჩება. ანდრეს ინიესტა ის ფეხბურთელია, რომელიც გვარდიოლას
ძალიან კარგად იცნობს და ჩვენი გერმანელი კოლეგები "ბარსას" 28 წლის ვარსკვლავს ალბათ ამიტომაც დაუკავშირდნენ. გთავაზობთ ინტერვიუს ინიესტასთან, რომელიც "ბილდში" გამოქვეყნდა და რომელშიც ანდრესი პეპის "ბაიერნში" დანიშვნაზე საუბრობს.

- რა რეაქცია გქონდათ, როცა გვარდიოლას "ბაიერნში" დანიშვნის ამბავი შეიტყვეთ?
- გამიხარდა, რომ პეპი დიდ ფეხბურთში ბრუნდება. ეს არა მარტო მისთვის, არამედ ზოგადად, ფეხბურთისთვისაა კარგი. ასეთი კალიბრის სპეციალისტი უმუშევარი დიდხანს არ უნდა იყოს.

- მიულოცეთ?
- რა თქმა უნდა.

- როგორ ფიქრობთ, გვარდიოლა "ბაიერნში" ახალ "ბარსელონას" ჩამოაყალიბებს?
- ფაქტია, რომ ყველანაირად ეცდება, "ბაიერნის" ფეხბურთელებს თავისი ფილოსოფია ჩაუნერგოს და ისე ათამაშოს, როგორც "ბარსელონას" ათამაშებდა. რაკი "ბაიერნს" შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, დარწმუნებული ვარ, რომ მიუნხენში გვარდიოლას მუშაობა შედეგს გამოიღებს.

- თქვენ შეიძლება ჩემპიონთა ლიგაში შეხვდეთ...
- ეს ძალიან კარგი იქნებოდა. განსაკუთრებით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

- გვარდიოლას სტილი ბურთის ფლობა და მოკლე პასებია. გერმანიაში ბევრს ეპარება ეჭვი იმაში, რომ "ბარსას" სტილი "ბაიერნშიც" გაამართლებს.
- არა მგონია, რომ გვარდიოლას მიუნხენში პრობლემები შეექმნას. შესაძლოა, "ბარსას" სტილი ასი პროცენტით არც გადაიტანოს. ის, რაც "ბარსელონას" მოუხდა, "ბაიერნს" შეიძლება მართლა არ მოუხდეს. ვინც ფიქრობს, რომ გვარდიოლა მხოლოდ ასეთი სტილის მიმდევარია და მას, როგორც მწვრთნელს, სხვანაირი სტრატეგიით წარმატების მიღწევა არ შეუძლია, ძალიან ცდება.

ზოგადად, "ბაიერნის" ფეხბურთის იდეა "ბარსას" იდეასთან საკმაოდ ახლოსაა. რეკორდმაისტერის მონაწილეობით რამდენიმე მატჩი ამ სეზონშიც ვნახე და აშკარაა, რომ "ბაიერნიც" ბურთის დიდხანს ფლობაზე აკეთებს აქცენტს. თანაც, ფეხბურთელების კლასით მიუნხენური გრანდი ჩვენს გუნდს დიდად არ ჩამოუვარდება.

- პეპს მიუნხენში გამოჰყვებოდით?
- "ბარსელონაში" ძალიან კარგად ვარ.

- რითაა განსაკუთრებული ხოსეპ გვარდიოლა?
- ეს არის ადამიანი, რომელიც ასი პროცენტით იდენტიფიცირებულია იმ საქმესთან, რასაც ემსახურება. პეპს შეუძლია, თავი გადადოს ფეხბურთელისთვის და მოთამაშეებს სტადიონს მიღმაც ემეგობრება. დარწმუნებული ვარ, რომ "ბაიერნის" ფეხბურთელები მის ხელში ბედნიერები იქნებიან. იგივეს ვუწინასწარმეტყველებ "ბაიერნის" გულშემატკივრებსაც, რადგან პეპი მართლაც განსაკუთრებული ადამიანი და მწვრთნელია.

მოკლედ, გიხაროდენ მიუნხენელებო - გვარდიოლა "ბაიერნში" ძალიან მაგარი ამბავია!

- როგორი ვარჯიშები აქვს ხოლმე?
- ყველაფერს ყურადღებას აქცევს, ბევრს საუბრობს და მოთამაშეებს შეცდომებს უსწორებს. გვარდიოლა ყველა დეტალს აკვირდება!

- რა მხრივ შეიძლება შეექმნას პრობლემა მიუნხენში?
- ზემოთაც ვთქვი, რომ არა მგონია, გაუჭირდეს. ეცდება, თავისი საქმე ძველებურად კარგად აკეთოს და ხალხის პატივისცემა დაიმსახუროს. ეჭვი არ მეპარება, რომ ყველაფერი გამოუვა.

- რას უნდა მიაქციონ "ბაიერნის" ფეხბურთელებმა ყურადღება იმისათვის, რომ გვარდიოლა არ გაბრაზდეს?
- უნდა დაუჯერონ! დაუჯერონ და ყველაფერი კარგად იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ხოსეპ გვარდიოლა "ბარსელონას" წინააღმდეგ 24 ივლისს წარსდგება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული