ბუნდესლიგა. პარასკევის მატჩის წინ: "ბაიერნს" "ვოლფსბურგი" ემუქრება

AutoSharing Option
ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი, საუკეთესო ბურთების შეფარდება, ყველაზე მეტი ქულა, უდიდესი, 15-ქულიანი უპირატესობა მეორეადგილოსანთან - "ბაიერნი" ამ სეზონში რეკორდებს ამყარებს და არაერთ რეკორდს უმიზნებს.

15 თებერვალს რეკორდმაისტერისთვის წინააღმდეგობის გაწევას "ვოლფსბურგი" ეცდება.

ბუნდესლიგის 22-ე ტური  "ვოლფსბურგისა" და "ბაიერნის" დაპირისპირებით გაიხსნება. "მგლებმა" წინა ტურში "ფიურტს" სტუმრად 1:0 მოუგეს და ცხრილში მდგომარეობა გამოისწორეს, მაგრამ მე-12 ადგილზე ყოფნა მათთვის ცუდი შედეგია.

"დღევანდელი მდგომარეობა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან სეზონის წინ მიზნად მინიმუმ ევროპალიგის საგზურის მოპოვება დავისახეთ. "ბაიერნთან" წ
არმატების მიღწევა, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, მაგრამ შეუძლებელი არ არის და ჩვენ სწორედ ამის დამტკიცებას შევეცდებით,"
- აცხადებს "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში "ვოლფების" თავდამსხმელი ბას დოსტი, რომელმაც "ფიურტის" კარში გამარჯვების გოლი გაიტანა და 8 გოლით "ვოლფების" საუკეთესო ბომბარდირია.

"დასაკარგი არაფერი გვაქვს. "ბაიერნთან" მოსაგებად ვიბრძოლებთ," - ეს კი "ვოლფსბურგის" მთავარი მწვრთნელის, დიტერ ჰეკინგის სიტყვებია.

ბავარიულ გრანდთან სამი ქულის აღება ამ სეზონში მხოლოდ "ლევერკუზენმა" შეძლო და ფაქტია, რომ ვოლფსბურგელებს "ფარმაცევტების" მიღწევის გამეორება ძალიან გაუჭირდებათ, მაგრამ ისიც ცხადია, რომ "მგლებს" ასეთი სენსაციის მოხდენა ხელეწიფებათ - მით უმეტეს, იმ დროს, როცა "ბაიერნს" მომდევნო კვირაში ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი ელის.

თუმცა "ბაიერნი" შესანიშნავ ფორმაშია და გარდა იმისა, რომ მეორე წრის ყველა თამაში მოიგო, მანუელ ნოიერს ერთი გოლიც კი არ გაუშვია. "შალკესთან" 4:0 კი კიდევ ერთი დასტური გახლდათ იმისა, რომ ბავარიულ გრანდს წელს ჩემპიონობაში ვეღარავინ შეეცილება.

"ბაიერნის" თავკაცი იუპ ჰაინკესი "არსენალთან" მატჩის წინ ალბათ როტაციას მიმართავს - შეიძლება თომას მიულერი და მარიო მანჯუკიჩი დაასვენოს. "ბაიერნს"  ხავი მარტინესი ტრავმის გამო დააკლდება, კლაუდიო პისარო კი გაციებულია.

15 თებერვალი
ვოლფსბურგი-ბაიერნი 23:30

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XXI ტურის შეჯამება: ჭირი იქა, ლხინი აქა?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული