კეთილი იყოს შენი დაბრუნება, რაფაელ!
ბოლო დროს რაფაელ ვან დერ ვაარტი უხეიროდ თამაშობდა და ჩვენ არ ვიცით, რისი ბრალი იყო ეს სინამდვილეში - სილვისთან დაშორების თუ ამინდის. თუმცა ამინდი ჰამბურგში არასდროს ვარგა და უნიათობა ალბათ მაინც უფრო აწ უკვე ჰოლანდიელის ყოფილ ცოლს უნდა დავაბრალოთ. ფაქტი
რაფაელმა "გლადბახს" 26 მეტრიდან ულამაზესი გოლი გაუტანა და გახსოვთ მისი სიტყვები დორტმუნდში მოგებული თამაშის შემდეგ? მაშინ თქვა, აი, ნახავთ, "გლადბახს" აუცილებლად გავუტანო. დანაპირების შესრულებაც ასეთი უნდა!
კითხვაზე, თუ რა არის საჭირო ასეთი გოლის გასატანად, ვან დერ ვაარტმა მორცხვად თქვა, ცოტაოდენი ტალანტიო.
ვერდერს თავდამსხმელი ჰყოლია
კარგი ამბავი "ვერდერის" ქომაგებს (ჩვენთან ასეთები, დიახაც, არსებობენ): ბრემენულ კლუბს კვლავ ჰყავს მაღალი კლასის, სანდო გოლეადორი. ცუდი ამბავი: მიუხედავად ამისა, "ვერდერი" მაინც ვერ ხეირობს.
ნილს პეტერსენმა "ფრაიბურგსაც" ორი გოლი გაუტანა და მის ანგარიშზე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 11 გოლია, მაგრამ მისმა უკანახაზელმა კოლეგებმა ისევ სამჯერ მიჰქარეს და "ვერდერი" "ფრაისთან" 2:3 დამარცხდა.
დასკვნა: "მუსიკოსებს" ამ სეზონში ევროპალიგის საგზურის მოპოვება არ უწერიათ.
ფრაიბურგის მარგალიტი
შეიძლება ასეც ითქვას: მაქს კრუსე დღესდღეობით "ფრაიბურგის" სახეა. ეს გახლავთ 24 წლის ბიჭი, რომელიც ბრაისგაუულ კლუბს საკმაოდ იაფი, 750 000 ევრო დაუჯდა და რომლის გამოყენება მრავალმხრივად, არაერთ პოზიციაზე შეიძლება. ამასთან, კრუსე მიმდინარე სეზონში მართლაც სტაბილურად კარგად თამაშობს (22 მატჩი, 6 გოლი, 6 პასი).
"ვერდერთან" შეხვედრაში ის მოედანზე ყველაზე აქტიური ფეხბურთელი გახლდათ. მოკლედ, იმ აზრამდე მივდივართ, რომ "ფრაიბურგსა" და "ვერდერს" შორის მთავარი განსხვავება სწორედ კრუსეა.
საქმე იმაშია, რომ მაქსი ბრემენში გაიზარდა, მაგრამ "ვერდერში" ვერ დააფასეს და 2009 წელს "ზანკტ პაულიში" უფასოდ გადავიდა. მერე კი "ფრაიმ" იყიდა, სადაც მაქსმა არა მარტო ამ ტურში ("ვერდერთან" ანგარიში სწორედ მან გახსნა), არამედ ადრეც არაერთხელ დაამტკიცა, რომ კარგი ფეხბურთელია.
გერმანია კისლინგს ითხოვს
"ლევერკუზენის" ფორვარდ შტეფან კისლინგს 22-ე ტურის შემდეგ ბუნდესლიგაში 15 გოლი და 9 საგოლე გადაცემა აქვს, რითაც გოლს პლუს პასის რეიტინგში მთელი ბუნდესლიგის მასშტაბით საუკეთესოა და თუ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ამაზე თვალს ახლო მომავალში კიდევ დახუჭავს, ჟურნალისტები ბრანდენბურგის კარიბჭესთან აუცილებლად საპროტესტო აქციას გამართავენ, რომელსაც, დარწმუნებულები ვართ, მარტინ მაქსიც დაესწრება.
მარიოს მაკრატელა
მარიო მანჯუკიჩმა "ვოლფსბურგს" იშვიათი სილამაზის მაკრატელა გაუტანა, მერე კი იმწამსვე წამოხტა და ჯერ ზეიმი უნდოდა, მერე გაახსენდა, რომ ყოფილი გუნდი დაამწუხრა და არათუ თავად არ გამოხატა სიხარული, ზეიმი თანაგუნდელებსაც აუკრძალა.
რაღაცნაირად ბანალური სცენა გამოვიდა - მით უმეტეს, რომ შეცვლის დროს "ფოლკსვაგენ-არენას" პუბლიკამ ხორვატს მაინც უსტვინა.
მისი გოლის ნახვა კი მართლაც ღირს!
Video
ვოლფსბურგი - ბაიერნი 0:2
ვოლფსბურგი - ბაიერნი 0:2
შალკეს მწვრთნელი
იენს კელერის სახელი და გვარი ბუნდესლიგით დაინტერესებული ფანების დიდ ნაწილსაც კი ისევ არაფერს ეუბნება - ეს კაცი თითქოს არ არსებობს.
არადა, "შალკეს" მთავარი მწვრთნელი ჰქვია, რომელმაც ამ სეზონის ბოლომდე უნდა იმუშაოს. ან უნდა ემუშავა! ჯერჯერობით კელერი ისევ პოსტზე რჩება, რადგან, როგორც ჩანს, გელზენკირხენული კლუბის ბოსებმა მათთვის სასურველი კანდიდატი ან ვერ იპოვეს, ანაც ზაფხულიდან შეიპირეს, მაგრამ მას მერე, რაც "ხუმარებს" მაინცში მიღწეული ფრეც (2:2) კი გაუხარდათ, ერთი რამ ფაქტია: მენეჯერ ჰორსტ ჰელდტის ბოლო განცხადებები ისე ჟღერს, რომ კელერს "შალკეში" დიდი დღე აღარ უწერია.
კითხვაზე, ისევ მიიჩნევს თუ არა კელერს "შალკესთვის" ღირსეულ დამრიგებლად, ჰელდტმა კვირას ასე უპასუხა: "მწვრთნელის საკითხს მაშინ მივხედავ, როცა ამას საქმე მოითხოვს!"
...და ეს უკვე ნამდვილად აღარ ჰგავს სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ ნათქვამს, იენს კელერი ჩვენთან აუცილებლად სეზონის ბოლოდე იმუშავებსო...
ბასტოსს უმადლოდეს
მანამდე კი კელერი პოსტის შენარჩუნებას ბრაზილიელ მიშელ ბასტოსს უნდა უმადლოდეს, რომელმაც ზოგადად ბოლო სამ მატჩში სამი გოლი გაიტანა და დაამტკიცა, რომ "შალკეს" ღირსეული ახალწვეულია.
თუმცა ახლა გელზენკირხენელებს სულ სხვა კინო ელით - "შალკე" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ რაუნდში "გალათასარაის" ჯოჯოხეთში უნდა ესტუმროს, სადაც კელერს, ბასტოსს და კომპანიას, სხვა ალქაჯებთან ერთად, ვესლი სნეიდერი და დიდიე დროგბაც ელიან.
რობენის რისხვა
არიენ რობენისთვის "ვოლფსბურგთან" მატჩი ისევ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და იუპ ჰაინკესმა ჰოლანდიელი მოედანზე მხოლოდ 79-ე წუთზე შეუშვა, თუმცა არიენმა ეფექტური გოლი გაიტანა და მერე ბოღმა გადმოანთხია.
"ვოლფების" მეკარე დიეგო ბენალიოს ეს დარტყმა თავის სხეულზე რომ მიეღო, საკუთარ კარში ალბათ ბურთიანად შევარდებოდა. ეს დარტყმა „სლეიერის“ დრამერის ბოლო საკონცერტო აკორდს ჰგავდა. კარგი იყო... უფრო სწორად, ხმაურიანი!
სასოწარკვეთილი შტუტგარტი
"შტუტგარტში" უცებ გაახსენდათ, რომ ბრუნო ლაბადია ის მწვრთნელია, რომლის გუნდები მეორე წრეში ყოველთვის ჩაისვრიან ხოლმე. მერე შვაბენლანდური კლუბის მიერ 2013 წელს გამართულ მატჩებსაც გადახედეს და თმა ყალყზე დაუდგათ - 4 თამაში და 4 წაგება ავისმომასწავებლად ჟღერდა.
თუმცა "შტუტგარტმა" "ჰოფენჰაიმი" 1:0 დაამარცხა და ლაბადიამაც ხელისგულით ოფლი მოიწმინდა, მაგრამ ერთიცაა: ამ "ჰოფენჰაიმს" ხომ ყველა უგებს...
შიბერის საშინელება
ნამდვილად არ გვინდა, რომ გადავაჭარბოთ, მაგრამ ფრანკფურტის "აინტრახტთან" მატჩი "დორტმუნდის" ფორვარდ იულიან შიბერისთვის ის უნიკალური შანსი იყო, რაც მას ამ სეზონში პირველად და, სავარაუდოდ, უკანასკნელად მიეცა.
რაკი რობერტ ლევანდოვსკი დისკვალიფიცირებული გახლდათ, "ბორუსიას" თავკაცმა იურგენ კლოპმა სასტარტო შემადგენლობაში ცენტრფორვარდად სწორედ შიბერი გაამწესა. ბურთთან სამი კონტაქტისა და ორი ჯარიმის შემდეგ კი იულიანის სამუშაო დღე დამთავრდა - 31 წუთში ის მოედნიდან გააძევეს.
მატჩის შემდეგ შიბერმა თქვა, თავი საშინელებათა ჟანრის ფილმში მგონიაო.
როისის ფანტასტიკა
...არადა, მარკო როისიც ამავე ფილმში მონაწილეობდა და არა გვგონია, საშინელებათა ჟანრისა უწოდოს - როისისთვის "აინტრახტთან" შეხვედრა ფანტასტიკა უფრო იყო. დორტმუნდელებმა ფრანკფურტელებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და სამივე მარკოს ანგარიშზეა!
"ეს გამარჯვება ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მერე რა, რომ "ბაიერნი" 15 ქულით გვისწრებს და ჩემპიონობის შენარჩუნების შანსი ტურიდან ტურამდე ქრება - ჩვენ ბოლომდე ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც "დორტმუნდს" ეკადრება," - თქვა მატჩის შემდეგ "ბორუსიას", რურის და (გავრისკავთ და ვიტყვით) სრულიად გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელმა.
XXII ტურის სიმბოლური ნაკრები, ლელოს ვერსიით
(4-2-3-1)
XXII ტურის გმირი
მარკო როისი (დორტმუნდი, 2)
მარკოს ანგარიშზე მიმდინარე სეზონში უკვე 15 გოლია - 11 ბუნდესლიგაში გაიტანა, 3 ჩემპიონთა ლიგაში, ერთიც გერმანიის თასზე. გარდა ამისა, "დორტმუნდის" 23 წლის ვარსკვლავმა ამ სეზონში 9 საგოლე პასიც მიითვალა და გამოდის, რომ საერთო ჯამში მარტო მან 25 გოლი შექმნა მას მერე, რაც გასულ ზაფხულს "გლადბახიდან" "დორტმუნდში" გადაბარგდა. შესაბამისად, უკვე თამამად უნდა ვთქვათ, რომ დორტმუნდელებს ამ ფეხბურთელში ჩადებული ინვესტიცია (17.5 მილიონი ევრო) მაქსიმალურად უასდებათ. შაბათს როისმა თავმომწონე "აინტრახტი" დაბომბა (ჰეთ თრიკი) და ამ სეზონში უკვე მეორედ ვასახელებთ ტურის გმირად.
საუკეთესო ფეხბურთელები
XXII ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. კევინ ტრაპი აინტრახტი 22 2.23
2. ფრანკ რიბერი ბაიერნი 17 2.29
3. მარიო გიოტცე დორტმუნდი 20 2.47
4. რენე ადლერი ჰამბურგი 21 2.48
5. აარონ ჰანტი ვერდერი 18 2.64
6. თომას მიულერი ბაიერნი 20 2.68
7. ილქაი გიუნდოგანი დორტმუნდი 18 2.75
8. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 22 2.75
9. ტონი კროოსი ბაიერნი 22 2.76
10. რაფაელ შეფერი ნიურნბერგი 19 2.76
გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 22 15 8 23
2. თომას მიულერი ბაიერნი 20 11 11 22
3. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 20 14 6 20
4. მარკო როისი დორტმუნდი 22 11 8 19
5. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 20 8 10 18
6. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 19 15 2 17
7. ნილს პეტერსენი ვერდერი 22 11 5 16
8. მარიო გიოტცე დორტმუნდი 20 7 8 15
9. შტეფან აიგნერი აინტრახტი 22 7 7 14
10. იაკუბ ბლაშჩიკოვსკი დორტმუნდი 18 9 5 14
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XXII ტური: მარკო როისის გალაკონცერტი [VIDEO]