ყურადღების ცენტრში ბუნდესლიგის კლასიკა, "ბაიერნისა" და "ვერდერის" დაპირისპირებაა. ეს მატჩი რეკორდმაისტერის თავკაც იუპ ჰაინკესისთვის ბუნდესლიგაში რიგით მე-1000 ბრძოლა იქნება.
ნაკლებად სანახაობრივი, სამაგიეროდ არანაკლებ დაძაბული უნდა გამოვიდეს "აუგსბურგისა" და "ჰოფენჰაიმის" დაპირისპირება, რომელიც გადარჩენისთვის დუელია. მიონხენგლადბახში "ბორუსიების" დერბი გაიმართება.
ჰაინკესის მე-1000 მატჩი
ლოგიკურად, "ბაიერნს" წინააღმდეგობა ვერც "ვერდერმა" უნდა გაუწიოს, რადგან მიუნხენური გრანდი ბრწყინვალე ფორმაშია, ბრემენელები კი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე არასტაბულურ
"მუსიკოსების" შანსი შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ "ბაიერნმა" შუა კვირაში "არსენალთან" ითამაშა (3:1 ლონდონში), მომავალ ოთხშაბათს კი გერმანიის თასის მეოთხედფინალური დუელი ელის "დორტმუნდთან".
ბავარიელთა თავკაც იუპ ჰაინკესისთვის ეს მატჩი განსაკუთრებულია: 67 წლის სპეციალისტისთვის ეს ბუნდესლიგაში რიგით მე-1000 შეხვედრა იქნება (ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში ერთად).
აქვე ისიც ვთქვათ, რომ მიუნხენელებს 2013 წელს ჯერჯერობით ყველა თამაში მოგებული აქვთ, მანუელ ნოიერს კი 22 ტურის შემდეგ ოდენ შვიდი გოლი აქვს გაშვებული.
ჰაინკესთან ერთად, ყურადღების ცენტრში იქნება "ვერდერის" თავდამსხმელი ნილს პეტერსენი, რომელიც "ბაიერნის" საკუთრებაა და ბრემენში იჯარის წესით თამაშობს. ეს უკანასკნელი ძალიან კარგ ფორმაშია - ბოლო სამ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.
ბაიერნელი კლაუდიო პისარო კი ყოფილი ბრემენელია, თუმცა საეჭვოა, რომ ჰაინკესმა პერუელი ცენტრფორვარდი ძირითად შემადგენლობაში გაამწესოს.
ციფრების თამაში შტუტგარტში - "ნიურნბერგს" სტანდარტულები უყვარს
ჰოფენჰაიმში გამარჯვებით (1:0) "შტუტგარტმა" შავი სერია შეწყვიტა. ზედიზედ ხუთი მატჩის წაგების შემდეგ შვაბებმა, როგორც იქნა, სამი ქულა აიღეს და ამოისუნთქეს.
აღსანიშნავია, რომ "ჰოფესთან" შეხვედრაში "შტუტგარტის" თავკაცმა ბრუნო ლაბადიამ ტაქტიკა შეცვალა და თუკი მანამდე 4-2-3-1 სქემას იყენებდა, ამჯერად გუნდი 4-1-4-1-ით ათამაშა და როგორც ხედავთ, ამ ნაბიჯმა გაამართლა. შვაბებს "ნიურნბერგთან" ექნებათ საქმე და, რა თქმა უნდა, სამი ქულის აღებას გეგმავენ.
თუმცა შტუტგარტელები ცოტათი გადაღლილები იქნებიან, რადგან ხუთშაბათს ევროპალიგაში ითამაშეს და სხვათა შორის, ლაბადიას კოლექტივი ერთადერთი გერმანული კლუბია, რომელიც ევროპალიგის მერვედფინალში გავიდა (2:0 გენკთან).
ცხადია, რომ შვაბებს გაისადაც სურთ ევროპაში თამაში, მაგრამ საუკეთესო ექვსეულამდე ექვსი ქულა აშორებთ და "ნიურნბერგთან" მოგება ჰაერივით სჭირდებათ. თუმცა "ნიურნბერგი" ნაღდად არაა საჩუქარი - ფრანკებმა 2013 წელს მხოლოდ ერთი მარცხი განიცადეს (0:3 "დორტმუნდთან") და მეორე წრეში სტაბილურად ასპარეზობენ.
"ნიურნბერგის" ძლიერი მხარე პირველ რიგში სტანდარტულებია: გოლების ნახევარი ამ გუნდს სწორედ ასე აქვს გატანილი. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ სტანდარტული მდგომარეობებიდან გატანილი 11 გოლიდან, შვიდში იაპონელი კიოტაკე უშუალოდ მონაწილეობდა.
ვინ გაიკაფავს გზას ევროპისკენ - "ჰანოვერი" თუ "ჰამბურგი"?
ჰანოვერელებმა შვებით ამოისუნთქეს, რადგან, როგორც იქნა, ისევ საკუთარ კედლებში ითამაშებენ. ეს იმიტომ აღვნიშნეთ, რომ მირკო სლომკას გუნდს სულ 30 ქულა აქვს და აქედან 23 სწორედ საშინაო შეხვედრებში აიღო.
შესაბამისად, "წითლები" გახარებულები არიან იმით, რომ საპასუხისმგებლო მომენტში "ჰამბურგთან" თამაში საკუთარ მოედანზე უწევთ. სლომკას გუნდს ამ შეხვედრის კარგად ჩატარება ჰაერივით სჭირდება, რადგან ევროპალიგიდან ხუთშაბათს მახაჩკალის "ანჟიმ" გააგდო.
"ჰამბურგთან" ჰანოვერელთა მთავარი იმედი უნგრელი ჟაბოლჩ ჰუშტია, რომლის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა, რითაც ის "წითლების" ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია.
"ჰამბურგს" მეკარე რენე ადლერი უბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იაროსლავ დრობნი კვლავ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს. ტორსტენ ფინკის გუნდში შესანიშნავი განწყობაა, რადგან HSV-მ ზედიზედ ორი მატჩი მოიგო და ევროპალიგის საგზურს უმიზნებს.
ბრძოლა გადარჩენისთვის: წაგება აკრძალულია!
იმის გამო, რომ ბოლო სამეულსა და დანარჩენებს შორის ცხრილში ახლა 10-ქულიანი წყვეტაა, თამამად უნდა ვთქვათ, რომ აუტსაიდერთა ერთადერთ იმედად მე-16 ადგილის დაკავება რჩება, რომელიც სარელეგაციოა და სეზონის დასრულების შემდეგ მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანთან ორრაუნდიან დუელს გულისხმობს. ამ ტურში "აუგსბურგი" და "ჰოფენჰაიმი" ერთმანეთს ხვდებიან და ერთი სიტყვით, იმის თქმა გვინდა, რომ წაგება ორივეს აკრძალული აქვს.
ამ სიტუაციაში "ჰოფე" ოდნავ უკეთეს მდგომარეობაშია, რადგან "აუგსბურგზე" ერთით მეტი ქულა აქვს. სამაგიეროდ, აუგსბურგელებს ბურთების შეფარდება აქვთ უკეთესი, რაც თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში იქნება გადამწყვეტი.
"ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს ჩვენთვის სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ," - აცხადებს აუგსბურგელთა მთავარი მწვრთნელი მარკუს ვაინცირლი. "ჰოფენჰაიმის" მენეჯერი ანდრეას მიულერი კი ამბობს, რომ მისი გუნდის მიზანი მე-16 პოზიციის შენარჩუნებაა, ანუ, "ჰოფეს" იდეაში ფრეც აწყობს.
მაინცი ვოლფსბურგისა და სტატისტიკის წინააღმდეგ
მართალია, "მაინცმა" "შალკესთან" 2:2 ითამაშა, რაც პრეზიდენტ ჰარალდ შტრუტცის თქმით დრამატული დუელი იყო, ხოლო მენეჯერ კრისტიან ჰაიდელის აზრით კი, გუნდმა ბრწყინვალე სპექტაკლი დადგა, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ მაინცელებს მოგება სჭირდებოდათ და ვერ მოიგეს.
"მაინცის" მიზანი ექვსეულში მოხვედრაა და თომას ტუხელის გუნდს ამის კარგი შანსი აქვს, მაგრამ იმისათვის, რომ მიზნის მიღწევის რეალური შანსი შეინარჩუნოს, "ვოლფსბურგთან" გამარჯვებაა საჭირო. თუმცა, სტატისტიკა "მაინცის" წინააღმდეგ მეტყველებს: ამ გუნდს შინ ყველაზე მეტი თამაში სწორედ "ვოლფსბურგთან" აქვს წაგებული...
"შალკე" ცოცხალია?
შაბათის საღამოს მატჩი "შალკესა" და "ფორტუნას" ჯახია. გელზენკირხენული კლუბი ბოლო დროს აზრზე მოვიდა და ჯერ მაინცში მიაღწია ფრეს (2:2), მერე კი ჩემპიონთა ლიგაში, "გალათასარაისთანაც" (1:1 სტამბოლში) სასურველი შედეგი დააფიქსირა.
თუმცა აშკარაა, რომ "შალკეს" სისუსტედ დაცვის ხაზი რჩება და დიუსელდორფელებიც სწორედ ამის იმედად იქნებიან.
"გლადბახის" დაკარგული შვილის "დაბრუნება"
კვირის პირველი დუელი "ბორუსიების" მატჩია, რომელიც მიონხენგლადბახში გაიმართება. ფავორიტი "დორტმუნდია", მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იურგენ კლოპის გუნდი "ბორუსია პარკიდან" სამ ქულას იოლად წაიღებს. თანაც, "დორტმუნდს" ნომინალური ცენტრფორვარდი აღარ დარჩა - რობერტ ლევანდოვსკი და იულიან შიბერი დისკვალიფიცირებულები არიან.
ამრიგად, კლოპი იძულებულია, გუნდი ესპანურ სტილში, ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე ათამაშოს.
თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იურგენს ჰყავს უნივესრალი მარკო როისი, რომელსაც ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაში ეხერხება.
სხვათა შორის, ეს უკანასკნელი "დორტმუნდში" გადასვლის შემდეგ "ბორუსია პარკზე" პირველად წარსდგება - მტრის რანგში! "გლადბახშიც" როტაციას უნდა ველოდოთ, რადგან ლუსიენ ფავრის გუნდმა ხუთშაბათს ევროპალიგაში ითამაშა (ლაციოსთან დამარცხდა და გავარდა).
ტურს "ფიურტისა" და "ლევერკუზენის" მატჩი დახურავს და როცა ბოლოადგილოსანი მესამეადგილოსანს მასპინძლობს, იქ როლები მკვეთრადაა გადანაწილებული, მაგრამ ფიურტელები ბოლომდე ბრძოლას აპირებენ.
შეგახსენებთ, ამ კვირაში "ფიურტის" შეფებმა მთავარი მწვრთნელი მაიკ ბიუსკენსი გაათავისუფლეს და მის თანამდებობაზე დროებით ლუდვიგ პრაისი დაინიშნა, რომლის დებიუტი სწორედ "ლევერკუზენთან" შედგება.
ბუნდესლიგა. XXIII ტური
22 თებერვალი
ფრაიბურგი-აინტრახტი 0:0
23 თებერვალი
ბაიერნი-ვერდერი 18:30
ტრავმა: ბადშტუბერი - ვოლფი, სოკრატისი, ბარგფრედე, ფრიტცი, ფიულკრუგი
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 93 თამაში: +42=25-26, (160:116)
შტუტგარტი-ნიურნბერგი 18:30
ტრავმა: აუდელი, ბა, დიდავი, კაკაუ, თორუნი - შტეფანი, მარკოს ანტონიო, გებჰარტი, ჰლუშეკი, ილდიზი, მაკი
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 61 თამაში: +30=14-17, (105:67)
ჰანოვერი-ჰამბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: ბრუმა (ჰამბურგი)
ტრავმა: რადლინგერი, ჩერუნდოლო, ეგიმანი, ფელიპე, ანდრეასენი, ფრანკა, შტინდლი - მანსიენი, ილიჩევიჩი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 49 თამაში: +14=15-20, (64:74)
მაინცი-ვოლფსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: შ. პარკერი (მაინცი)
ტრავმა: ბუნგერტი, კირხჰოფი, რუკავიცა, ჩუპო-მოტინგი - ფაგნერი, პილარი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +4=3-6, (25:23)
აუგსბურგი-ჰოფენჰაიმი 18:30
ტრავმა: იენტცში, მანინგერი, ფილპი, ვერჰეგი, მორავეკი, პეტრჟელა - კრისი, რუდი, სალიჰოვიჩი, ვუკჩევიჩი
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0=2-1, (2:4)
შალკე-ფორტუნა 21:30
ტრავმა: უნერშტალი, კ. პაპადოპულოსი, უჩიდა, აფელაი, მორიტცი, მარიკა - ბრუნო სუარესი, ბოლი, გარბუშევსკი, ვორონინი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +17=11-9, (63:54)
24 თებერვალი
გლადბახი-დორტმუნდი 18:30
დისკვალიფიკაცია: ჰერმანი - ლევანდოვსკი, შიბერი
ტრავმა: ჰრგოტა - ოვომოიელა
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 81 თამაში: +26=27-28, (136:135)
ფიურტი-ლევერკუზენი 20:30
დისკვალიფიკაცია: ნერიგი, ვარგა (ორივე ფიურტი)
ტრავმა: ნდოიე, შმიდტგალი, შტიბერი, ტირალა, ფალი - ბელარაბი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=0-1, (0:2)
სატურნირო მდგომარეობა
ბომბარდირები: 15 - კისლინგი (ლევერკუზენი), მანჯუკიჩი (ბაიერნი); 14 - ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 12 - ა. მაიერი (აინტრახტი), სალაი (მაინცი); 11 - თ. მიულერი (ბაიერნი), პეტერსენი (ვერდერი), როისი (დორტმუნდი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იუპ ჰაინკესი უარს არ ამბობს!