ბუნდესლიგა. XXIII ტურის შეჯამება: სანამ ზებენერშტრასეს მეტეორი დაეცემა...

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" იმ ზომამდე მიგვიყვანა, რომ რეკორდმაისტერის კარში გატანილი ერთი გოლიც კი სალაპარაკო თემაა - მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნმა" თავის მხრივ ექვსი გაიტანა!

ბავარიელთა აღმაფრენა უკვე სასაცილოა, საფეხბურთო გერმანიას კი საჩემპიონო ინტრიგა ენატრება. არადა, ბუნდესლიგაში თამაშობს ფეხბურთელი, რომელსაც გარკვეული სტატისტიკით, რომელშიც გოლების გატანის ინტენსივობაზეა საუბარი, ლიონელ მესიმდე ბევრი არაფერი უკლია...

ბაიერნის "პრობლემა"
"ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერმა შაბათს მისთვის უჩვეულო მოძრაობა გააკეთა - უკან გაიხედა, საკუთარ კარში შეიხედა და იქ ბურთი დაინახა. რეკორდმაისტერის კიპერის კარი "ვერდერის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა დალაშქრა.
"ბაიერნის" კარში გოლი გავიდა - იცით თუ არა თქვენ?! ეს ამ სეზონში ისეთივე იშვიათი მოვლენაა, როგორც ციმბირში მეტეორის ჩამოვარდნა ან რომის პაპის გადადგომა. მართალია, იმ დროს ანგარიში მიუნხენელთა სასარგებლოდ უკვე 4:0 იყო და ამ გოლს სპორტული თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია ("ბაიერნმა" მერე კიდევ ორი გოლი გაიტანა), მაგრამ მატჩის შემდეგ იუპ ჰაინკესმა მაინც დაიჩივლა, დე ბრუინის გოლმა ცოტათი გაგვაბრაზა, რადგან შესვენებაზე მიზნად კარის მშრალად შენახვა დავისახეთო.

მოკლედ, ბავარიელებს მეორეადგილოსანთან 17-ქულიანი უპირატესობაც არ ჰყოფნით და ახლა იმაზეც ბრაზდებიან, 23-ე ტურში მე-8 გოლი რომ მიიღეს. შედარებისთვის, "ვერდერს" ამ დროისთვის 47 გოლი აქვს გაშვებული...

ჰუშტის ცუდი დღე
"ბაიერნისგან" დიდი ანგარიშით მოგება, რა თქმა უნდა, არ გვიკვირს, ხოლო რაც შეეხება "ჰანოვერის" 5:1-ს "ჰამბურგთან": ფაქტია, რომ რეკორდმაისტერის მერე საუკეთესო ამ ტურში სწორედ მირკო სლომკას გუნდი იყო, რომელმაც ბოლო დროს აზრზე მოსული "ჰამბურგი" გაანადგურა, მაგრამ ცხრილში მაინც ვერ გადაასწრო.

"წითლებში" ყველა ბედნიერი იყო - მხოლოდ ჟაბოლჩ ჰუშტის ჰქონდა მოღუშული სახე. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ "ჰანოვერის" უნგრელმა ლიდერმა პენალტის შესრულებისას ტრავმა მიიღო (!) და იმ დროს, როცა უნდა ეზეიმა, ტკივილისგან დამანჭული სახე ჰქონდა, მერე კი სულაც შესაცვლელი გახდა. ასე კურიოზულ ვითარებაში "ჰანოვერს" ფეხბურთელი ბოლოს სადღაც 1978-დან 1982 წლების შუალედში დაუშავდა - როცა გუნდის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დიტერ შატცშნაიდერმა ტრავმა თავისი სახლის სამზარეულოში შპალიერის გაკვრის დროს მიიღო...

გულახდილი კურცი
მენეჯერ ანდრეას მიულერის სამოტივაციო განცხადებებმა "ჰოფენჰაიმს" ვერ უშველა. შუა კვირაში მან გადაცემა "დოპელპასში" დიდხანს ისაუბრა იმაზე, რომ "ჰოფეს" ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ გუნდი მაინც ვერ აღწევს წარმატებებს, რადგან არ ჰყავს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ლიდერობას იტვირთავს და მთელ გუნდს შემოუძახებს.

"სოფლელები" "აუგსბურგთან" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში 1:2 დამარცხდნენ, მე-17 ადგილამდე დაქვეითდნენ და საფინალო სასტვენის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მარკო კურცმა ცეცხლზე ნავთი დაასხა - მიკროფონი აიღო და მთელი სტადიონის გასაგონად ჩასძახა, დღეს მე გუნდი არ მყავდაო...

რიბერის ორი განცხადება
წინა კვირაში ფრანკ რიბერის გასახდელში ფანი დახვდა და ნერვები მოუშალა, ამ უქმეებზე კი "ბაიერნის" ფრანგ დრიბლიორს აბეზარი გულშემატკივარი აღარ ახსოვდა - რეკორდმაისტერმა "ვერდერს" გადაუარა, რიბერიმ კი ამ შეხვედრაში თავი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა.

მატჩის შემდეგ ფრანგმა ორი საინტერესო წინადადება თქვა. პირველი: "ბაიერნი" მხოლოდ იმ შემთხვევაში არ გახდება გერმანიის ჩემპიონი, თუ "ზებენერშტრასეზე" მეტეორი ჩამოვარდება!" მეორე: "ყველაზე მთავარი გოლები და ფეხბურთის თამაშით სიამოვნების მიღებაა!"

ამოცანა გვეკითხება: სინამდვილეში რომელი ეკუთვნის მართლა რიბერის?

ცარიელ-ტარიელი იბიშევიჩი
თავდამსხმელებს არ უყვართ სტატისტიკა, რომელიც მათ უგოლო სერიას გამოხატავს, მაგრამ ადრე თუ გვიან, ეს ყველა ცენტრფორვარდის ხვედრია. ამჯერად "შტუტგარტის" გოლეადორ ვედად იბიშევიჩს ვერ დაემართა კარგი ამბავი - 685 წუთია, გოლი არ გაუტანია. გერმანულ პრესაში ვედოს შესახებ სტატიები ნაირ-ნაირი სათაურებით ქვეყნდება - "ბილდმა" "იკრიშევიჩი" შეარქვა, "ზუდკურიერი" კი "ვედადის უსიამოვნო ვნებებზე" წერდა. თავად იბიშევიჩი კი უკვე სამი დღეა, დუმს...

ვინ მოარჯულებს მატმურს?
სამაგალითო სტატისტიკა არც ფრანკფურტის "აინტრახტის" თავდამსხმელ ქარიმ მატმურს აქვს. გასული წლის დეკემბერში ის შვიდ დღეში მოედნიდან ორჯერ გააძევეს, რაც ბუნდესლიგის 50-წლიან ისტორიაში, რა თქმა უნდა, პირველი და განუმეორებელი შემთხვევა იყო.

მატმურმა მაშინ თქვა, ასეთი რამ აღარასოდეს დამემართებაო, მაგრამ გასულ უქმეებზე კინაღამ ჰეთ-თრიკი შეასრულა: 44-ე წუთზე ქარიმმა დანიელ კალიჯურის უკნიდან შეუტია, რაც აშკარად შურისძიებას ჰგავდა, რადგან მანამდე კალიჯური მატმურის თანაგუნდელ სებასტიან როდეს ეუხეშა. მსაჯმა კი ქარიმი დაინდო! სამაგიეროდ, არ დაინდო "აინტრახტის" მწვრთნელმა არმინ ფეემ - მან ეს მოურჯულებელი ტიპი მაშინვე თამაშიდან მოხსნა. თავად მატმური კი უკვე სამი დღეა, დუმს...

საშა ბარსაში?
ახლა ნამდვილად არ ვაპირებთ საშა მიოლდერსის გატეხილ ცხვირზე ან მის საგოლე ალღოზე წერას, რადგან მისი სტატისტიკა ყველაფერზე ნათლად მეტყველებს: საშა მიოლდერსი "ფრანკფურტიდან" "აუგსბურგში" 2011 წელს სულ რაღაც 175 000 ევროდ გაიყიდა, მას მერე კი ბუნდესლიგის 13 მატჩში 9 გოლი გაიტანა! ამ მაჩვენებლით ის საგოლე აქტივობით ლიონელ მესის მხოლოდ 0.1 პროცენტით ჩამორჩება.

რაკი ამაზე საქართველოში დავწერეთ, დიდი შანსია, რომ ესპანეთშიც დაეწერათ და არ გაგიკვირდეთ, ძალიან მალე "ლელოში" ნახოთ სტატია ასეთი სათაურით: "საშა მიოლდერსი ბარსელონაში?"

XXIII ტურის სიმბოლური ნაკრები ლელოს ვერსიით
(4-2-3-1)

Sportall.Ge

XXIII ტურის გმირი
დიდიე ია კონანი (ჰანოვერი)

დიდიე ია კონანი თავდამსხმელია, ცენტრფორვარდი, მაგრამ 28 წლის შემსრულებელ გოლეადორს "ჰანოვერის" მთავარი მწვრთნელი მირკო სლომკა ხშირად მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ათამაშებს ხოლმე. ეს იმიტომ, რომ "წითლების" წინა ხაზზე დიდი კონკურენციაა - სლომკას ხომ მამე დიუფი და მოა აბდელაუც ჰყავს. ევროპალიგაში, მახაჩყალის "ანჟისთან" ია კონანი მარჯვენა ნახევარმცველი იყო და ცუდად ითამაშა. სამაგიეროდ, "ჰამბურგთან" გაიბრწყინა და თანაც, ისევ ამ პოზიციაზე! "ჰანოვერმა" 5:1 მოიგო, დიდიემ კი ბუნდესლიგაში თავისი მეექვსე დუბლი (ამ სეზონში მეორე) შეასრულა.

საუკეთესო ფეხბურთელები
XXIII ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. კევინ ტრაპი აინტრახტი 23 2.24
2. ფრანკ რიბერი ბაიერნი 18 2.25
3. მარიო გიოტცე დორტმუნდი 21 2.45
4. რენე ადლერი ჰამბურგი 22 2.64
5. თომას მიულერი ბაიერნი 20 2.68
6. რაფაელ შეფერი ნიურნბერგი 20 2.75
7. ტონი კროოსი ბაიერნი 22 2.76
8. აარონ ჰანტი ვერდერი 19 2.76
9. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 23 2.78
10. ფაბიან გიფერი ფორტუნა 23 2.80

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 23 15 8 23
2. თომას მიულერი ბაიერნი 20 11 11 22
3. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 21 9 11 20
4. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 20 14 6 20
5. მარკო როისი დორტმუნდი 23 11 8 19
6. მარიო გიოტცე დორტმუნდი 21 8 9 17
7. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 19 15 2 17
8. ნილს პეტერსენი ვერდერი 23 11 5 16
9. ადამ სალაი მაინცი 22 12 3 15
10. შტეფან აიგნერი აინტრახტი 23 7 7 14

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XXIII ტური: გოლუხვი იუ(პ)ილე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული