გერმანიის თასი. 1/4-ფინალის წინ: "ფრაიბურგის" ისტორიული შანსი

AutoSharing Option
გერმანიაში თასის მეოთხედფინალური მატჩები გაიმართება. მთელი საფეხბურთო გერმანია "ბაიერნისა" და "დორტმუნდის" ჯახის მოლოდინშია, მაგრამ ეს მატჩი ოთხშაბათს შედგება და ამიტომ გერმანიის მოქმედი და მომავალი ჩემპიონების დაპირისპირებაზე დეტალურად ოთხშაბათის ნომერში მოგითხრობთ.

"ფრაიბურგი" ამ სეზონში შესანიშნავად გამოიყურება და ლოგიკურიცაა, ბრაისგაუელები თასის მეოთხედფინალში რომ გავიდნენ. 26 თებერვალს კრისტიან შტრაიხის გუნდი ნახევარფინალის საგზურისთვის "მაინცს" შეებრძოლება.

"ეს უნიკალური შანსია, რომ ამ მართლაც ბრწყინვალე სეზონში სერიოზულ წარმატებას მივაღწიოთ. არ ვიცი, როდის იყო "ფრაიბურგი" ბოლოს გერმანიის თასის ნახევარფინალში და ძალიან მინდა, რომ ახლა გავიდეთ
", - ეს "ფრაის"
კაპიტნის, იულიან შუსტერის სიტყვებია.

ის, რაც შუსტერმა არ იცის, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით: ეს "ფრაიბურგი" (Freiburg SC) გერმანიის თასის ნახევარფინალში არასდროს გასულა! 1935 წელს ამგვარ წარმატებას სხვა "ფრაიბურგმა" (Freiburg FC) მიაღწია და მაშინ, ნახევარფინალში "შალკესთან" 2:6 დამარცხდა.

ცხადია, გერმანიის თასის მეოთხედფინალური ეტაპის გადალახვა ისტორიული შანსია "მაინცისთვისაც", რომელსაც ტრავმის გამო წამყვანი ნახევარმცველი ელკინ სოტო არ ეყოლება.

ითამაშებენ ქართველები?
27 თებერვალს, გარდა "ბაიერნი"-"დორტმუნდისა", "შტუტგარტისა" და მეორებუნდესლიგელი "ბოხუმის" დაპირისპირებაცაა, სადაც, მოგეხსენებათ, ჩვენებურები - ალექსანდრე იაშვილი და ნიკოლოზ გელაშვილი თამაშობენ.

ბოხუმელთა თავკაცი კარსტენ ნაიტცელი იაშვილს ბოლო დროს ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ამწესებს, გელაშვილს კი მხოლოდ შეცვლაზე ათამაშებს ხოლმე.

იაშვილმა მეორე ბუნდესლიგის 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლი არ გაუტანია ("კიკერის" საშუალო შეფასება: 3.47 ბალი), გელაშვილს კი 11 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი აქვს ("კიკერის" საშუალო შეფასება: 4.75 ბალი).

"ბოხუმს" უდიდესი სენსაციის მოხდენა შეუძლია, მაგრამ "შტუტგარტი" მობილიზებულია, რადგან, როგორც იცით, გერმანიის თასის მფლობელი (ან ფინალისტი) ევროპალიგაში გადის, რისი შანსიც შვაბებს ბუნდესლიგის ცხრილიდან უკიდურესად შემცირებული აქვთ.

გერმანიის თასი. 1/4-ფინალი
26 თებერვალი
მაინცი-ფრაიბურგი 22:00
ოფენბახი-ვოლფსბურგი 23:30

27 თებერვალი
შტუტგარტი-ბოხუმი 22:00
ბაიერნი-დორტმუნდი 23:30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული