"მაინცისა" და "ფრაიბურგის" დუელები ბუნდესლიგაში უინტერესო გამოვიდა (1:1, 0:0), გერმანიის თასზე კი თომას ტუხელისა და კრისტიან შტრაიხის გუნდებმა დაძაბული და საფეხბურთო მატჩისთვის ყოვლისმომცველი თამაში შემოგვთავაზეს. ვნახეთ ხუთი გოლი, ერთი გაძევება, დამატებითი ტაიმები და ბურთი ოთხჯერ მოხვდა ძელს!
მაინცელები ორი სწრაფი გოლით დაწინაურდნენ და ბრაისგაუელებმა მატჩის მიწურულს მოახერხეს ორი ბურთის გატანა, რითაც თამაში დამატებით დროში
რა მიჰქარა აითექინმა?
რაც შეეხება მსაჯობით უკმაყოფილებას: საქმე იმაშია, რომ 65-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა აითექინმა მაინცელ პოსპეხს მეორე ყვითელი აუფრიალა და მოედნიდან გააძევა, რის შემდეგაც უკვე "ფრაიბურგი" გახდა დომინანტი. შტრაიხის შეგირდებმა ოთხჯერ მოიკითხეს "მაინცის" კარის ძელი, პირველი გოლის გატანა კი მხოლოდ 86-ე წუთზეღა მოახერხეს – სხვაობა სანტინიმ შეამცირა.
მესამე დამატებულ წუთზე კი აითექინმა მაინცელთათვის კიდევ ერთი საზარელი გადაწყვეტილება მიიღო – ზაბავნიკისა და სანტინის ორთაბრძოლა მაინცელთა საჯარიმოში წესების დარღვევად შეაფასა და ტუხელის გუნდის კარში პენალტი დანიშნა, რომელიც დომინიკ კალიჯურიმ გამოიყენა. მანვე გაიტანა გამარჯვების გოლიც, რომლითაც "ფრაი" ნახევარფინალში გავიდა. მანამდე კი მოედანზე არაერთი შეხლა-შემოხლა მოხდა.
"დაუჯერებელია! ასეთი ტენდენციური მსაჯობა ბუნდესლიგაში არასდროს მინახავს და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ვნახავდი. სასტიკი უსამართლობაა ის, რომ აითექინი ახლა სადმე კომფორტულად ივახშმებს, ჩვენ კი თასიდან გამოვვარდით," - თქვა მატჩის შემდეგ სვენსონმა.
"მსაჯმა უდიდესი როლი ითამაშა. სწორედ მისი დამსახურებით დავმარცხდით," - ეს კი ნიკოლჩე ნოვესკის სიტყვებია.
ასეა თუ ისე, "ფრაიბურგი" თასის ნახევარფინალშია და თუ შტრაიხის გუნდი ბუნდესლიგაში პოზიციებს დაკარგავს, ევროპალიგის საგზურის მოპოვების შანსი თასიდანაც ექნება...
ჰეკინგი: ვოლფსბურგის მიზანი თასის მოგებაა
ნახევარფინალის სამშაბათს გასათამაშებელი მეორე საგზური კი "ვოლფსბურგმა" მოიპოვა და თანაც, "ფრაიბურგზე" მარტივად, რაც მოსალოდნელიც იყო – "მგლები" ხომ მესამე ბუნდესლიგის წარმომადგენელ "ოფენბახს" ეთამაშებოდნენ. მატჩის წინ "ვოლფების" თავკაცმა დიტერ ჰეკინგმა თქვა, გერმანიის თასის მოგება გვინდა და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთო – პრინციპში, "ვოლფსბურგს" სხვა გზა არც აქვს, რადგან "მგლები" ევროპალიგაში მხოლოდ თასიდან თუ მოხვდებიან.
"ოფენბახი" უსაქმოდ არ ყოფილა – "კიკერსს" დაწინაურება მე-9 წამზე (!) შეეძლო და პირველი ტაიმის მიწურულს ფელდჰანმა და შვარცმაც კარგი მომენტები გააფუჭეს. ვოლფსბურგელები მეორე ტაიმში მოედანზე გაცილებით მობილიზებულები გამოვიდნენ და შედეგიც მიიღეს – ჰასებეს ჩაწოდებით ოლიჩმა ისარგებლა და ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.
მოგვიანებით ხორვატმა აღიარა, იმ მომენტში საკმაოდ გამიმართლაო. მეორე გოლიც ფლანგიდან ჩაწოდებას მოჰყვა – ამჯერად შეფერი "მოემსახურა" დოსტს, რომელმაც სხვაობა ორამდე გაზარდა და ოფენბახელებს ბოლო იმედიც გადაუწურა. მართალია, შტადელმა 81-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ "ოფენბახმა" მეტი ვეღარაფერი მოახერხა. თუმცა "კიკერსი" მიღწეულითაც კმაყოფილია – "ოფენბახისთვის" თასის მეოთხედფინალში გასვლაც უდიდესი წარმატებაა.
გერმანიის თასი. 1/4-ფინალი
მაინცი-ფრაიბურგი 2:2 (2:3 დ.დ.)
გოლები: 1:0 შ. პარკერი (2), 2:0 ზიმლინგი (4), 2:1 სანტინი (86), 2:2 დ. კალიჯური (93-პენ), 2:3 დ. კალიჯური (108)
მაინცი (4-1-2-1-2): ჰ. მიულერი – პოსპეხი, სვენსონი, ნოვესკი, ზაბავნიკი – ბაუმგარტლინგერი – ნ. მიულერი, ზიმლინგი (62. მ. კალიჯური) – ედე (72. ივანშიტცი) – სალაი, შ. პარკერი (70. ჟუნიორ დიასი).
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი – ჰედენსტადი (13. შმიდი), გინტერი, კრმასი, ზორგი – შუსტერი, მაკიადი – მ. კრუსე, დ. კალიჯური – როზენტალი (84. სანტინი), ფლუმი (62. გუედე).
გაფრთხილება: ჰ. მიულერი, ბაუმგარტლინგერი – როზენტალი, კრმასი, მაკიადი
გაძევება: პოსპეხი (65. მაინცი)
მაყურებელი: 23 517
ოფენბახი-ვოლფსბურგი 1:2
გოლები: 0:1 ოლიჩი (49), 0:2 დოსტი (71), 1:2 შტადელი (81)
ოფენბახი (4-2-2-1-1): ვულნიკოვსკი – ალშვედე, კლაინეჰაისმანი, შტადელი, შტაინი – მეჰიჩი (64. ბეკერი), ფელდჰანი – მ. შვარცი (79. ავდიჩი), რაინჰარდტი – ფეტში – რათგებერი (64. ფოგლერი).
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო – ჰასებე, ნალდო, მადლუნგი, მ. შეფერი – ჟოსუე (87. კიაერი), პოლაკი – ვიეირინია (91. ტრეში), დიეგო, ოლიჩი (76. როდრიგესი) – დოსტი.
მაყურებელი: 18 700
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გერმანიის თასი. 1/4-ფინალის წინ: თასის ნაადრევი ფინალი