"ბილდმა" პეპ გვარდიოლასთან "ბაიერნის" საიდუმლო თათბირის დეტალები გამოარკვია

AutoSharing Option
ხოსეპ გვარდიოლამ მიუნხენის "ბაიერნთან" სამწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თქვა, სანამ ეს სეზონი არ დამთავრდება, ბავარიულ კლუბთან არანაირი შეხება არ მექნება და არც მიუნხენში ჩავალ, რადგან არ მინდა, რომ იუპ ჰაინკესის მუშაობას თუნდაც უმნიშვნელოდ შევუშალო ხელიო.

პეპი 67 წლის ჰაინკესს უდიდეს პატივს სცემს და ხვდება, რომ მისი ყოველი გამოჩენა "დონ იუპისთვის" შეურაცხმყოფელი შეიძლება იყოს, რადგან მას მერე, რაც გვარდიოლას რეკორდმაისტერში დანიშვნა გადაწყდა, გერმანიაში ყველა "ბარსას" ექსთავკაცზე ლაპარაკობს.

ალბათ, ამიტომ გაასაიდუმლოვა "ბაიერნმა" შეხვედრა, რომელიც გაზეთმა "ბილდმა" გამოარკვია.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, სამშაბათს
"ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე და სპორტული დირექტორი მათიას ზამერი გვარდიოლას შვეიცარიაში, კერძოდ, ციურიხის სასტუმრო "ვიდერში" შეხვდნენ.

ჟურნალისტებმა დაინახეს, როგორ დატოვეს კალემ და ზამერმა ნაშუადღევს ხსენებული სასტუმრო. "ბილდი" კი სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ იქ სწორედ გვარდიოლას შეხვდნენ და მეტიც - ჩვენი გერმანელი კოლეგები შეხვედრის მიზეზზეც წერენ.

"ბილდის" ცნობით, გასაიდუმლოებული თათბირის მთავარი თემა ახალი სეზონისთვის გარკვეული გეგმების შემუშავება და იმ გადაწყვეტილებების მიღება იყო, რაც ამ ეტაპზე უკვე საჩქაროა.

კერძოდ, შეხვედრის მთავარი თემა გვარდიოლას მომავალი ასისტენტი გახლდათ - როგორც იცით, ჯერაც არაა ცნობილი, თუ ვინ იქნება პეპის პირველი თანაშემწე "ბაიერნში". საუბრის დეტალები უცნობია.

"ბილდი" მხოლოდ იმას წერს, რომ რუმენიგეს, ზამერს და გვარდიოლას "ბაიერნის" პოტენციურ ახალწვეულებზე ჯერ არ უსაუბრიათ.

თათბირი არ უნდა შეხებოდა "დორტმუნდის" გოლეადორ რობერტ ლევანდოვსკისაც, რომლის რეკორდმაისტერში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი ამბავია.

რამდენიმე დღის წინ 24 წლის პოლონელი თავდამსხმელის მრჩეველმა ჩეზარი კუხარსკიმ განაცხადა, რობერტმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მხოლოდ მან იცის, როდის გაახმაურებსო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანდრეს ინიესტა: პეპი მიუნხენშიც მაგარი იქნება!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული