ბუცები ლურსმანზე: ფრინგსი "ვერდერში" ბრუნდება?

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ტორსტენ ფრინგსმა კარიერა დაასრულა და შესაძლოა, ბრემენის "ვერდერში" დაბრუნდეს. 36 წლის ფრინგსი ბოლოს კანადაში, კერძოდ, "ტორონტოში" თამაშობდა და ხშირი ტრავმიანობის გამო ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა, ახლა კი ბრემენული კლუბიდან შეთავაზებას ელის.

"ტორონტოსთან" კონტრაქტი 2013 წლის ბოლომდე მქონდა გაფორმებული, მაგრამ ხელშეკრულება ვადამდე ადრე გავწყვიტე. ახლახან მორიგი ტრავმა მივიღე, რომლის მოშუშებას ორი თვე მაინც უნდა, მე კი ამდენი მკურნალობა უკვე ყელში ამომივიდა და კლუბის პრეზიდენტს კონტრაქტის შეწყვეტა ვთხოვე, რაზეც დამთანხმდა. აშკარად მოვიდა დრო, რომ კარიერა დავასრულო," - უთხრა
ჩვენს გერმანელ კოლეგებს ფრინგსმა, რომელსაც 2012 წლის სექტემბრის შემდეგ არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.

ამრიგად, ტორსტენ ფრინგსის კარიერა 18-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ დასრულდა. ამ ხნის მანძილზე მან გერმანიის ნაკრებში 79 მატჩი ჩაატარა, 2002 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, "ბაიერნთან" ერთად გერმანიის ჩემპიონატი და თასი მოიგო (2005), "ვერდერში" კი ორჯერ დაეუფლა გერმანიის თასს (1999 და 2009 წლებში).

რაც შეეხება ტორსტენის "ვერდერში" დაბრუნების პერსპექტივას. ცნობილია, რომ როცა ბრემენული კლუბიდან მიდიოდა, ფრინგსი "მუსიკოსების" მაშინდელ სპორტულ დირექტორ კლაუს ალოფსს შეუთანხმდა იმაზე, რომ კარიერის დასრულების შემდეგ "ვერდერში" დაასაქმებდნენ. ახლა ალოფსი "ვოლფსბურგში" მუშაობს, "ვერდერის" ახალი მენეჯერი თომას აიხინი კი აცხადებს, ამ შეთანხმების შესახებ არაფერი ვიცოდი და თუ ის მართლაც არსებობს, რაღაცას მოვიფიქრებთ და ტორსტენს დაველაპარაკებითო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფრინგსმა მწვრთნელობა გადაწყვიტა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული