შესანიშნავ ფორმაში მყოფმა რეკორდმაისტერმა გერმანიის მოქმედ ჩემპიონს თასის მეოთხედფინალში მინიმალური ანგარიშით მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბავარიული გრანდი გერმანიის თასის უპირობო ფავორიტია და ამ სეზონში მინიმუმ დუბლის შესრულების საუკეთესო შანსი აქვს.
"ბაიერნთან" ერთად, თასის ნახევარფინალში ოთხშაბათს "შტუტგარტმაც" გააღწია - შვაბებმა ალექსანდრე იაშვილისა და ნიკოლოზ გელაშვილის "ბოხუმი" საკმაოდ იოლად დაამარცხეს. შეგახსენებთ, რომ სამშაბათს გერმანიის თასის ნახევარფინალის საგზურები "ვოლფსბურგმა" ("ოფენბახს" მოუგო) და "ფრაიბურგმაც" ("მაინცი" დაამარცხა) მოიპოვეს.
ამ დღეებში საფეხბურთო გერმანია
ბუნდესლიგაში "ბაიერნს" "ბორუსიასთან" ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ამ ხუთი დაპირისპირებიდან ბავარიული გრანდი ოთხჯერ დამარცხდა. ორივე გუნდის ფეხბურთელებს კარგად ახსოვდათ გერმანიის თასის წინა ფინალიც, რომელშიც "ბორუსიამ" "ბაიერნი" 5:2 გაანადგურა. ახლა კი მიუნხენურმა გრანდმა მოახერხა და ამ უაღრესად ნეგატიურ სერიას ბოლო მოუღო.
იუპ ჰაინკესის გუნდს ამის სურვილი პირველივე წუთებიდან ეტყობოდა. მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნს" ფრანკ რიბერი აკლდა, ჰაინკესის ბიჭებმა მაინც მედგრად შეუტიეს. არიენ რობენს და ტონი კროოსს კარგი მომენტები ჰქონდათ, დორტმუნდელებს კი აშკარად აკლდათ მატს ჰუმელსი, რომელიც არყოფნა იურგენ კლოპის გუნდის დაცვის ხაზს მაგრად დაეტყო. თუმცა "ბორუსია" ვერც შეტევაში ბრწყინავდა და ამრიგად, გოლი, რომლითაც რობენმა პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში გახსნა, აბსოლუტურად დამსახურებული იყო. აქვე ვთქვათ, რომ ეს გოლი დორტმუნდელთა მარცხენა მცველის, მარსელ შმელცერის შეცდომას მოჰყვა...
ჰიონესი: ამ თამაშმა ყველაფერი საბოლოოდ გაარკვია
მეორე ტაიმი დორტმუნდელებმა გაცილებით უკეთ დაიწყეს - ილქაი გიუნდოგანმა მანუელ ნოიერი პირველივე წუთებზე შეაწუხა. მართალია, კლოპის გუნდს შეტევაში უკეთესობა დაეტყო, მაგრამ ბავარიელები დაცვაშიც შეუცდომლად თამაშობდნენ და მომენტებსაც ქმნიდნენ. კროოსს და დანტეს ორჯერ შეეძლოთ სხვაობის გაზრდა.
"ბორუსიას" მხრიდან კი ანგარიშის გათანაბრება შეცვლაზე შესულ იულიან შიბერს შეეძლო.
ამრიგად, თასის მფლობელი ტურნირს გამოეთიშა და ახლა გერმანიის თასის უპირობო ფავორიტი სწორედ "ბაიერნია".
"ამ გამარჯვებით ჩვენ საბოლოოდ დავბრუნდით გერმანული საკლუბო ფეხბურთის სათავეში. ამ თამაშის შემდეგ უკვე ყველაფერი გარკვეულია - "ბაიერნი" გერმანიაში საუკეთესოა! აღსანიშნავია, რომ "დორტმუნდმა" თავისი სიძლიერით ჩვენც სხვა განზომილებაში გადაგვიყვანა," - განაცხადა მატჩის შემდეგ "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა.
"პირველ ტაიმში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც საჭირო იყო, მიუნხენელებმა კი თავიანთი მომენტი გამოიყენეს. გოლის გატანა ჩვენც შეგვეძლო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. "ბაიერნი" გერმანიაში დღეს პირველია, მაგრამ ეს პირველობა 100 წელიწადი ნამდვილად არ გაგრძელდება," - ეს კი დორტმუნდელთა მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის სიტყვებია. მან მოგვიანებით უფრო საინტერესო კომენტარი გააკეთა - თქვა, აშკარაა, რომ გომესი და რობენი რეკორდმაისტერის სათადარიგოთა სკამზე ჯდომას დიდხანს ვეღარ აიტანენ, ეჭვი მეპარება, რომ ამაზე გაისადაც თანახმანი იყვნენო...
შტუტგარტს ბოხუმთან არ გაუჭირდა
შტუტგარტში სრულყოფილი საფეხბურთო საღამო არ შედგა, რადგან "ბოხუმთან" მატჩს, რომელშიც ბრუნო ლაბადიას გუნდი აშკარა ფავორიტი იყო, მხოლოდ 20 200 მაყურებელი დაესწრო, რაც იმას ნიშნავს, რომ სტადიონი სანახევროდ ცარიელი გახლდათ. ეს ალბათ იმის ბრალიცაა, რომ "შტუტგარტს" ზედმეტად სუსტი მეტოქე ჰყავდა - ქვედალიგელი "ბოხუმი", რომელთანაც შვაბებს აუცილებლად უნდა მოეგოთ და ეს მოახერხეს კიდეც.
"სეზონის მეორე ნახევარი არასახარბიელოდ დავიწყეთ, მაგრამ, სამაგიეროდ, გერმანიის თასის ნახევარფინალში გავედით და არ დაგავიწყდეთ, რომ ევროპალიგის მერვედფინალშიც ვართ," - თქვა მატჩის შემდეგ შვაბთა თავკაცმა ბრუნო ლაბადიამ.
გერმანიის თასის ნახევარფინალის წილისწყრა კვირას შედგება, მატჩები კი 16 და 17 აპრილს გაიმართება.
ბაიერნი-დორტმუნდი 1:0
გოლი: 1:0 რობენი (43)
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი (78. ლუის გუსტავო), კროოსი (94. ბოატენგი), რობენი - მანჯუკიჩი (91. გომესი).
დორტმუნდი (4-3-2-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ფელიპე სანტანა, შმელცერი - გიუნდოგანი, ს. ბენდერი, გროსკროიტცი (62. ბლაშჩიკოვსკი) - გიოტცე, როისი (81. შიბერი) - ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: ხავი მარტინესი, კროოსი, მანჯუკიჩი
მაყურებელი: 71 000
შტუტგარტი-ბოხუმი 2:0
გოლები: 1:0 გენტნერი (18), 2:0 იბიშევიჩი (81)
შტუტგარტი (4-1-4-1): ულრაიხი - გ. საკაი, ტასკი, ნიდერმაიერი (51. რიუდიგერი), ბოკა - კვისტი - ჰარნიკი (91. ჰოლცჰოიზერი), გენტნერი, ოკაზაკი (46. მაკედა), ტრაორე - იბიშევიჩი.
ბოხუმი (4-2-2-2): ლუთე - როთენბახი, მალტრიტცი, ეიოფსონი, ლუმბი - ზინკევიჩი (68. დელურა), კრამერი - გორეტცკა, ტასაკა (74. იაშვილი) - შაიდჰაუერი (74. გელაშვილი), რჟატკოვსკი.
გაფრთხილება: რიუდიგერი - კრამერი, მალტრიტცი
მაყურებელი: 20 200
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გერმანიის თასი. 1/4-ფინალი: "მგლები" და "ფრაი" ნახევარფინალში