ბუნდესლიგა. XXIV ტური: დაუნდობელი მიუნხენის "ბაიერნი"! [VIDEO]

AutoSharing Option
"ბაიერნმა" ისევ მოიგო და მორიგი რეკორდები დაამყარა. ბოლოსწინა ადგილზე მყოფი "ჰოფენჰაიმის" დამარცხებით (1:0), რეკორდმაისტერმა ამ სეზონში მე-11 გასვლითი მატჩი მოიგო, რაც საუკეთესო შედეგია და ამასთან, მეორე წრის მეშვიდე თამაშიც უდანაკარგოდ დაამთავრდა.

თანაც, ბავარიელებს მეორე წრეში მხოლოდ ერთი გოლი აქვთ მიღებული. "ჰოფენჰაიმი" კი მეორე ბუნდესლიგისკენ მიექანება - 24 ტურის შემდეგ "სოფლელებს" სარელეგაციო მე-16 ადგილამდე უკვე 5 ქულა აშორებთ, მე-15 პოზიციამდე კი - 11 ქულა!

აქვე ისიც ვთქვათ, რომ ჰაინკესმა ძირითად შემადგენლობაში მეორე მეკარე ტომ შტარკე ათამაშა, მანუელ ნოიერი კი სკამზე დატოვა.
"ბაიერნს" არიენ რობენიც დააკლდა, გომესმა, ბოატენგმა და შაჩირიმ კი სასტარტოში ითამაშეს. გამარჯვების გოლი მარიო გომესმა პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა და მეორე ნახევარშიც მხოლოდ მიუნხენელებს შეეძლოთ გატანა - შვაინშტაიგერმა საჯარიმო დარტყმებით ორჯერ მოიკითხა ჰოფენჰაიმელთა კარის ძელი.

"ჰანოვერი" კარგი გუნდია, მაგრამ არა იმდენად, რომ "დორტმუნდი" გაამწაროს. გერმანიის ჯერაც ჩემპიონმა მირკო სლომკას გუნდი 3:1 დაამარცხა და მეორე ადგილი შეინარჩუნა.

მოულოდნელი იყო "შალკეს" მარტივი გამარჯვება "ვოლფსბურგში" (4:1), რითაც გელზენკირხენული კლუბი ევროზონას მიუახლოვდა, თუმცა მთავარი სენსაცია შაბათს ბრემენში დაფიქსირდა, სადაც "აუგსბურგმა" 1:0 მოიგო და თუ ეს გუნდი ასე გააგრძელებს, შეიძლება, გადარჩეს.

სენსაცია იყო ისიც, რომ ბოლოადგილოსანმა "ფიურტმა" ჰამბურგიდან ქულა წაიღო (1:1), შაბათის ტოპ-მატჩში კი "ლევერკუზენმა" "შტუტგარტს" სამი ქულა ბოლო წუთებზე გამოგლიჯა.

კლოპმა ჰაინკესს მოუბოდიშა
დორტმუნდელებმა გერმანიის თასზე "ბაიერნთან" წაგება (0:1) იოლად გადაიტანეს, რაც სწორედ "ჰანოვერთან" მატჩში გამოჩნდა. იურგენ კლოპის გუნდის გამარჯვება პირველ რიგში ტურის წინ შეწყალებული რობერტ ლევანდოვსკის დამსახურებაა - პოლონელს პარასკევს დისკვალიფიკაცია შეუმცირეს და ამიტომაც ითამაშა, "ჰანოვერთან" კი დუბლი შეასრულა და გოლთა აქტივი 16-მდე გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ კლოპმა რობერტი გამთამაშებლის პოზიციაზე ათამაშა, ცენტფორვარდად კი იულიან შიბერი ჰყავდა გამწესებული - მესამე გოლი სწორედ ამ უკანასკნელის ანგარიშზეა.

ჰანოვერელებს ბოლო მომენტში მთავარი გოლეადორი მამე დიუფი დააკლდათ და რაკი არც ჟაბოლჩ ჰუშტი ჰყავდათ, რომელსაც მძიმე ტრავმა აქვს, შეტევაში ძალიან გაუჭირდათ.

ამ წაგების შემდეგ სლომკას გუნდს სტუმრად 10-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (8 წაგება, 2 ფრე) - "წითლებმა" გასვლითი მატჩის მოგება ბოლოს თითქმის 4 თვის წინ მოახერხეს (4:2 შტუტგარტში) და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "ჰანოვერი" ევროპალიგის საგზურს ვეღარ მოიპოვებს.

VideoSportall.Ge
დორტმუნდი - ჰანოვერი 3:1


მატჩის შემდეგ კლოპმა "ბაიერნის" თავკაც იუპ ჰაინკესს ოფიციალურად მოუბოდიშა იმის გამო, რაც პარასკევს წამოსცდა. შაბათის ნომერში ვწერდით, რომ ჰაინკესი ნაწყენი იყო კლოპის განცხადების გამო, რომელშიც იურგენმა მას ფაქტობრივად პლაგიატობა დააბრალა - "ბაიერნმა" ჩვენი სტილი გადაიღოო.

"იუპის დარი გამოცდილი და საპატივცემულო მწვრთნელის შეურაცხყოფა ნამდვილად არ მინდოდა და ჩემს სიტყვებში ჰაინკესი არ მიგულისხმია. ასე რომ, თუ იუპმა ეს სიტყვები თავის თავზე მიიღო, საჯაროდ ვუხდი ბოდიშს," - თქვა "ბორუსიას" თავკაცმა.

"შალკე" პოზიციებს იბრუნებს, "ვოლფსბურგი" ანტირეკორდზე მიდის
"შალკემ" ბოლო სამ თამაშში შვიდ ქულას მოუყარა თავი, რაც იმას ნიშნავს, რომ გელზენკირხენელები აზრზე მოვიდნენ. ვოლფსბურგში მოპოვებული მნიშვნელოვანი და ბევრისთვის მოულოდნელი გამარჯვების (4:1) შემდეგ კი "შალკეს" ევროზონაში მოხვედრის კარგი შანსი გაუჩნდა.

მატჩის გმირი გელზენკირხენელთა ნიჭიერი ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა, მერე კი ჯეფერსონ ფარფანსაც გაატანინა. "ვოლფსბურგმა" კი საკუთარ მოედანზე ისევ ვერ მიაღწია წარმატებას - "მგლებს" ამ სეზონში სულ 27 ქულა აქვთ და აქედან საკუთარ "ფოლკსვაგენარენაზე" მხოლოდ 10 მოიპოვეს.

დიდი შანსია, რომ "ვოლფსბურგმა" ამ მხრივ ანტირეკორდი დაამყაროს - აქამდე შინ ერთ სეზონში ყველაზე ცოტა ქულა "ვოლფებმა" 2010/2011 წლების სეზონში აიღეს (21).

არაადეკვატურები: "ჰამბურგი" და "ვერდერი"
"ჰამბურგი" ბუნდესლიგის ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ და არაპროგნოზირებად გუნდად რჩება. რაფაელ ვან დერ ვაარტმა და კომპანიამ აუტსაიდერ "ფიურტს" ერთი ქულა გაატანეს და მართალია, ჯერ კიდევ აქვთ საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის შანსი, მაგრამ ასეთი გაუგებარი ფეხბურთითა და პერსპექტივებით ტორსტენ ფინკის გუნდს ევროსარბიელზე არაფერი ესაქმება.

ასევე ამოუცნობი გუნდია "ვერდერიც". "ვეზერშტადიონზე" ცხადად გამოჩნდა, რომ დღეს "აუგსბურგი" "ვერდერზე" გაცილებით მოტივირებულია და რომ ამ გუნდის ჩამოწერა ნაადრევი იყო. აუგსბურგელებმა მეორე წრეში უკვე იმაზე მეტი ქულა აიღეს, ვიდრე პირველ წრეში მთლიანად და გადარჩენისთვის გააფთრებით იბრძვიან - ბრემენიდან სამი ქულის წაღება კი ტობიას ვერნერის დამსახურებაა, რომელმაც "მუსიკოსების" კარი პირველივე ტაიმში დალაშქრა.

თომას შააფის შეგირდებმა მეტოქეს მეორე ტაიმშიც ვერაფერი დაუპირისპირეს, თუმცა მატჩის მიწურულს "ვერდერს" აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნეს.

"ბაი არენაზე" ემოციები დუღდა
შაბათის ტოპ-მატჩი "ლევერკუზენსა" და "შტუტგარტს" შორის ძალიან ემოციური და დრამატული გამოდგა. შვაბები ვედად იბიშევიჩის პენალტით იგებდნენ და პირველი ტაიმი მოიგეს კიდეც, მეორე ნახევარში კი "ბაიერი" "შტუტგარტს" კატა-თაგვობანას ეთამაშებოდა და ბოლოს მიზანს მაინც მიაღწია - შტეფან კისლინგისა (ასევე პენალტით) და ლარს ბენდერის გვიანი გოლებით "ფარმაცევტებმა" თამაში მაინც თავიანთ სასარგებლოდ შეატრიალეს.

ბოლო წუთებზე ლევერკუზენელთა მწვრთნელი საშა ლევანდოვსკი "შტუტგარტის" მენეჯერ ფრედი ბობიჩს წაეკიდა, რის გამოც ტრიბუნაზე მიაბრძანეს. ბობიჩი ამბობს, ჩვენს საჯარიმოში ყველა შემთხვევაზე პენალტს ითხოვდა და მეც ვუთხარი ის, რისი ღირსიც იყოო.

ლევერკუზენელთათვის ცუდი მხოლოდ ის იყო, რომ ცენტრალურმა მცველმა იომერ თოფრაქმა მძიმე ტრავმა მიიღო და დიდი შანსია, რომ ამ სეზონში ვეღარ ითამაშოს...

გერმანიის თასი : "ბაიერნს" ვოლფსბურგი ერგო
გერმანიის თასის ნახევარფინალის წილისყრა გაიმართა. მიუნხენის "ბაიერნი" "ვოლფსბურგს" უმასპინძლებს, "ფრაიბურგი" კი "შტუტგარტს" ესტუმრება. მატჩები 16 და 17 აპრილს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ გერმანიის თასის ფინალი 1 ივნისს ტრადიციულად ბერლინში შედგება.

ბუნდესლიგა. XXIV ტური
აინტრახტი-გლადბახი 0:1
გოლი: 0:1 ლ. დე იონგი (22)
აინტრახტი (4-2-3-1): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო, ანდერსონი, ოჩიპკა - შვეგლერი, როდე - აიგნერი, მაიერი, ინუი - ლაკიჩი (46. ჩელოცი).
გლადბახი (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი, ალვარო დომინგესი, დემსი - ნორდტვეიტი, მარქსი - ჰერმანი (85. რუპი), ვენდტი - იუნესი (77. ჰანკე) - ლ. დე იონგი (75. მლაპა).
გაფრთხილება: სამბრანო, ანდერსონი, როდე, შვეგლერი - ლ. დე იონგი, მარქსი
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 14(2)-11(2); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 51 500

დორტმუნდი-ჰანოვერი 3:1
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (8), 2:0 ლევანდოვსკი (21), 2:1 აბდელაუ (40), 3:1 შიბერი (72)
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სუბოტიჩი, ფელიპე სანტანა, შმელცერი - კელი, გიუნდოგანი (81. ნ. შაჰინი) - ბლაშჩიკოვსკი (76. ს. ბენდერი), ლევანდოვსკი, როისი (64. გიოტცე) - შიბერი.
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩაჰედი, ჯურუ (74. ჰაგი), კ. შულცი, პოკონიოლი - და სილვა პინტუ, ჰოფმანი - ია კონანი, რაუში (46. შმიდებახი) - ზობიხი, აბდელაუ (78. შლაუდრაფი).
გაფრთხილება: შმიდებახი, კ. შულცი
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 19-19; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 23(6)-6(2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 80 645

ვოლფსბურგი-შალკე 1:4
გოლები: 0:1 დრაქსლერი (33), 1:1 ოლიჩი (50), 1:2 დრაქსლერი (63), 1:3 ფარფანი (63), 1:4 ჰუნტელაარი (86)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ჰასებე (76. ფაგნერი), ნალდო (31. კირიაკოსი), კიაერი, მ. შეფერი - ჟოსუე (67. პერიშიჩი), პოლაკი - ვიეირინია, დიეგო, ოლიჩი - დოსტი.
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - ჰიოგერი, ჰიოვედესი, მატიპი, კოლასინაცი - ჯონსი, ნოიშტედტერი (46. მეტცელდერი) - ფარფანი, დრაქსლერი (89. რაფაელი), მიშელ ბასტოსი (77. ბარნეტა) - ჰუნტელაარი.
გაფრთხილება: ფაგნერი - ჯონსი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 6-16; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 8(4)-13(7); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 29 326

ვერდერი-აუგსბურგი 0:1
გოლი: 0:1 ვერნერი (29)
ვერდერი (4-1-4-1): მილიტცი - იგნიოვსკი, ლუკიმია, სოკრატისი, შმიტცი - იუნუზოვიჩი - არნაუტოვიჩი, დე ბრუინი, ჰანტი (68. აკპალა), ექიჩი (46. ელია) - პეტერსენი.
აუგსბურგი (4-1-4-1): ამსიფი - ფოგტი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - ჰანი, კოო (85. ოტლი), ჟი, ვერნერი (67. მორავეკი) - მიოლდერსი (91. ბონსე).
გაფრთხილება: ლუკიმია, არნაუტოვიჩი, სოკრატისი - ბაიერი, მიოლდერსი, კალსენ-ბრაკერი
კუთხური: 11-5; ჯარიმა: 18-21; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 16(3)-12(5); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 39 211

ნიურნბერგი-ფრაიბურგი 1:1
გოლები: 1:0 სიმონსი (33-პენ), 1:1 შმიდი (83)
ნიურნბერგი (4-1-2-2-1): რ. შეფერი - ბალიჩი, ნილსონი (77. დაბანლი), კლოზე, პლატენჰარდტი - სიმონსი - ფოილნერი, ფრანტცი - კიოტაკე (82. ილდიზი), ესვაინი - პეკჰარტი (62. პოლტერი).
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - შმიდი, გინტერი, დიანიე, ზორგი - შუსტერი, მაკიადი (77. ფლუმი) - მ. კრუსე, დ. კალიჯური - გუედე (46. სანტინი), როზენტალი.
გაფრთხილება: ფრანტცი, პოლტერი - მაკიადი, დ. კალიჯური
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 29-14; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 11(4)-14(4); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 38 188

ჰამბურგი-ფიურტი 1:1
გოლები: 0:1 ჯურჯიჩი (14), 1:1 ბაისტერი (21)
ჰამბურგი (4-1-2-1-2): ადლერი - დიკმაიერი, ვესტერმანი, რაიკოვიჩი, იანსენი - ბადელი (57. არსლანი) - სონი (87. ბრუმა), აოგო - ვან დერ ვაარტი - ბაისტერი, რუდნევსი (75. ბერგი).
ფიურტი (4-1-4-1): ჰესლი - მ. ციმერმანი, სობიეხი, მავრაი, ბაბა - გაისი (85. პეცოსი) - კლაუსი, ფიურშტნერი, ვარგა, პლედლი (55. პარკი) - ჯურჯიჩი (78. ასამოა).
გაფრთხილება: ბადელი - გაისი
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 11-9; თამაშგარე: 3-7; კარში დარტყმა: 18(8)-6(2); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 47 206

ლევერკუზენი-შტუტგარტი 2:1
გოლები: 0:1 იბიშევიჩი (12-პენ), 1:1 კისლინგი (82-პენ), 2:1 ლ. ბენდერი (86)
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - კარვახალი, ვოლშაიდი, თოფრაქი (5. შვააბი), კადლეცი - რაინარტცი (46. ჰეგელერი) - ლ. ბენდერი, კასტრო - სემი (79. მილიკი), შიურლე - კისლინგი.
შტუტგარტი (4-1-2-2-1): ულრაიხი - გ. საკაი, ტასკი, რიუდიგერი, ბოკა (46. მოლინარო) - კვისტი (90. მაქსიმი) - გენტნერი, ჰოლცჰოიზერი (86. მაკედა) - ჰარნიკი, ტრაორე - იბიშევიჩი.
გაფრთხილება: ვოლშაიდი, კასტრო, რაინარტცი - იბიშევიჩი, მოლინარო
კუთხური: 6-0; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 30(8)-5(4); ბურთის ფლობა: 71%-29%.
მაყურებელი: 27 058

ჰოფენჰაიმი-ბაიერნი 0:1
გოლი: 0:1 გომესი (38)
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): გომეში - ოხსი, აბრაამი, ვესტერგაარდი, ჯონსონი - ვილიამსი, ვაისი - შრიოკი (76. დერდიოკი), ვოლანდი (70. ხოსელუ), უსამი (46. რობერტო ფირმინიო) - დე კამარგო.
ბაიერნი (4-2-3-1): შტარკე - ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაიშტაიგერი - თ. მიულერი, შაჩირი (64. ლუის გუსტავო), რიბერი - გომესი (75. მანჯუკიჩი).
გაფრთხილება: ვილიამსი, შრიოკი, დერდიოკი - ბოატენგი
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 24-12; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 9(3)-19(7); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 30 150

VideoSportall.Ge
ჰოფენჰაიმი - ბაიერნი 0:1


ფორტუნა-მაინცი 1:1
გოლები: 1:0 სვენსონი (6-საკ. კარში), 1:1 კლასნიჩი (40)
ფორტუნა (4-2-2-1-1): გიფერი - ბალოგუნი, ლატკა, მალეზასი, ვან დერ ბერგი - ბოძეკი, ტეშე (60. ბოლი) - ლამბერტცი (90. ო. ფინკი), ბელინგჰაუზენი - კრუსი - დ. შაჰინი (60. რაფაელი).
მაინცი (4-1-2-1-2): ვეტკლო - პოსპეხი, სვენსონი, ნოვესკი, ზაბავნიკი (38. მ. კალიჯური) - ბაუმგარტლინგერი - ზიმლინგი, მალი - ივანშიტცი - შ. პარკერი (80. სალაი), კლასნიჩი (46. ნ. მიულერი).
გაფრთხილება: ლატკა, ლამბერტცი, რაფაელი - ზაბავნიკი, ნ. მიულერი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 13(3)-5(3); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 40 226

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები
: 16 - ლევანდოვსკი (დორტმუნდი), კისლინგი (ლევერკუზენი); 15 - მანჯუკიჩი (ბაიერნი); 12 - ა. მაიერი (აინტრახტი), სალაი (მაინცი); 11 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), თ. მიულერი (ბაიერნი), პეტერსენი (ვერდერი), როისი (დორტმუნდი).

მომდევნო ტური
8 მარტი
აუგსბურგი-ნიურნბერგი.

9 მარტი
ბაიერნი-ფორტუნა, შალკე-დორტმუნდი, ფრაიბურგი-ვოლფსბურგი, მაინცი-ლევერკუზენი, ფიურტი-ჰოფენჰაიმი, გლადბახი-ვერდერი.

10 მარტი
ჰანოვერი-აინტრახტი, შტუტგარტი-ჰამბურგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იურგენ კლოპი: "ბორუსიამ" შემტევი ფეხბურთის სპექტაკლი მოაწყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული