ვინ შეცვლის რობერტ ლევანდოვსკის?

AutoSharing Option
რობერტ ლევანდოვსკიმ შაბათს დორტმუნდელი ფანები კიდევ ერთხელ გააბედნიერა. 24 წლის პოლონელმა გოლეადორმა "ჰანოვერთან" (3:1) დუბლი შეასრულა და "ბორუსიას" ბუნდესლიგაში მეორე ადგილი შეუნარჩუნა, მაგრამ ლევანდოვსკი "დორტმუნდისთვის" უკვე პრობლემაცაა.

საქმე იმაშია, რომ რობერტს დორტმუნდიდან აბარგება გადაწყვეტილი აქვს, რაზეც არაერთხელ ვწერდით, მაგრამ ჯერ არ ამბობს, როდის დატოვებს "ბორუსიას" - ზაფხულში თუ გაისად, როცა კონტრაქტი ამოეწურება. შესაბამისად, სანამ პოლონელი ამ საკითხზე დუმს, დორტმუნდული კლუბის ხელმძღვანელებს მომავლის აზრიანად დაგეგმვა არ შეუძლიათ.

მოვლენების განვითარების პირველი ვარიანტი ასეთია: ლევანდოვსკი, რომელსაც "ბორუსიასთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული, ამ
სეზონის ბოლოს წავა, რაც იმას ნიშნავს, რომ იურგენ კლოპის გუნდი მინიმუმ 20 მილიონ ევროს მიიღებს და ამ თანხით პოლონელის ღირსეული შემცვლელის ყიდვის საშუალება მიეცემა. მეორე ვარიანტი კი ისაა, რომ ლევანდოვსკი დორტმუნდში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩეს და გაისად "ბაიერნში" უფასოდ გადავიდეს. ცნობილია, რომ მიუნხენური გრანდის ბოსებს სწორედ ეს ვარიანტი ხიბლავთ, რადგან რობერტის ხელში ჩაგდება უფასოდ სურთ. შესაბამისად, ეს ვარიანტი უფრო რეალურია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში დორტმუნდელებს ხელი ეშლებათ!

"კარგი იქნება, რომ ყველაფერს მალე მოეფინოს ნათელი, მაგრამ ჯერჯერობით პრობლემას მაინც ვერ ვხედავ. ზაფხულში დავსხდებით და გადავწყვეტთ, რა და როგორ ჯობია," - აცხადებს "ბორუსიას" სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი.

თუმცა დორტმუნდელები ყველაფერს არ ამბობენ. საქმე ისაა, რომ "ბორუსიას" შეფები და მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ლევანდოვსკის საუკეთესო შემცვლელად ბოსნიელ ედინ ჯეკოს მოიაზრებს, მაგრამ თუ ლევანდოვსკი კიდევ ერთი წლით დარჩება, "მანჩესტერ სიტის" 26 წლის ფორვარდის ყიდვას ამ სეზონის ბოლოს აზრი ეკარგება.

თავად ჯეკომ რამდენჯერმე თქვა, რომ "დორტმუნდში" გადასვლა უნდა, ჩვენი გერმანელი კოლეგები კი იტყობინებიან, რომ ბოსნიელი "ბორუსიას" ბოსებისგან საბოლოო პასუხს უახლოეს ათ დღეში ელოდება. სწორედ ასე უთქვამს ჯეკოს მრჩეველს ბოსნიური მედიისთვის.

ედინს "სიტიში" ყოველწლიურად 8.5 მილიონ ევროს უხდიან, "დორტმუნდს" კი თუნდაც ამ თანხასთან მიახლოებული ხელფასის გადახდა ჯეკოსთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ლევანდოვსკის მინიმუმ 20 მილიონად გაყიდის.

ალტერნატივა: დიუფი ან აბდელაუ
"ბილდის" ინფორმაციით, კლოპი და კომპანია ლევანდოვსკის შეცვლის ალტერნატიული გზების ძიებასაც შეუდგნენ: "დორტმუნდს" "ჰანოვერის" ფორვარდები, 25 წლის მამე დიუფი და 27 წლის მოა აბდელაუ აინტერესებს.

"დიუფი ძალიან საინტერესო ფეხბურთელია და ჩვენ კიდევ არაერთ ფორვარდს ვაკვირდებით. სხვათა შორის, ძალიან მომწონს ასევე ჰანოვერელი აბდელაუც," - ეს კლოპის სიტყვებია.

საინტერესო ისაა, რომ მამეს და მოას "ჰანოვერთან" ხელშეკრულებები სწორედ 2014 წელს უმთავრდებათ - ანუ იმ დროს, როცა "ბაიერნი" ლევანდოვსკის უფასოდ გადაბირებას გეგმავს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მიხაელ ცორკმა დაადასტურა: ლევანდოვსკი მიდის!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული