რაც შეეხებ საინტერესოს...
"ჰამბურგის" სახე
"ჰამბურგზე" ერთი კარგი ანალიტიკური სტატიის დაწერა შეიძლება, მაგრამ ყველაფრის დეტალურ ახსნას და ანალიზს გაზეთის რამდენიმე გვერდი არ ეყოფა - ამდენისთვის კი ჩრდილოგერმანული კლუბი საქართველოში სათანადოდ პოპულარული არაა.
თუმცა გრძელი სიტყვა მოკლედაც ითქმის და ვფიქრობთ, "ჰამბურგის" ფეხბურთელ მაქსიმილიან ბაისტერის სიტყვები ბევრ რამეზე ნათლად მეტყველებს. არადა, ბაისტერს
"ყოველ შემთხვევაში, პოტენციალი გვაქვს!"
რატომ გამოხატავს მისი ეს განცხადება "ჰამბურგის" ზოგად ჰაბიტუსს იდეალურად? იმიტომ, რომ როცა თავმოყვარე გუნდი მოქმედ ჩემპიონს მისსავე მოედანზე 4:1-ს მოუგებს, მერე ამბიციურ "გლადბახსაც" დაამარცხებს (1:0) და ასეთი მატჩების შემდეგ ჯერ ჰანოვერში განადგურდება (1:5), მერე კი ლამის უიმედო აუტსაიდერს საკუთარი კედლებიდან ქულას გაატანს, იქ პოტენციალზე საუბარი, ცოტა არ იყოს, სასაცილოა.
უკვე წლებია, "ჰამბურგის" შემთხვევაში, აუხსნელ ბედოვლათობასთან გვაქვს საქმე.
"აუგსბურგის" პროგრესი
პირველი წრის შემდეგ ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო. "აუგსბურგმა" ბოლო ათი მატჩიდან მხოლოდ ორი წააგო (ისიც "ლევერკუზენთან" და "ბაიერნთან") და არა მარტო სარელეგაციო მე-16 ადგილამდე აბობღდა, არამედ აუგსბურგელებისთვის ჰორიზონტზე მე-15 ადგილიც კი გამოჩნდა.
შაბათს ამ გუნდმა ბრემენიდან სამი ქულა წაიღო - "ჰოფენჰაიმს" 5 ქულით უსწრებს, ხოლო "ვოლფსბურგს" უკვე მხოლოდ ექვსით ჩამორჩება.
შტეფანი და იოახიმი
შტეფან კისლინგი ამოვიჩემეთ, მაგრამ ფაქტია, რომ მოედანს უგოლოდ არ ტოვებს და რატომაც არ უნდა ამოვიჩემოთ?
კისლინგს ახლა ისეთ მატჩებშიც გააქვს, სადაც მეტოქე თავს 10 ფეხბურთელით იცავს. "შტუტგარტთან" კისლინგმა ჯერ თავისივე მოპოვებული პენალტი გაიტანა, მერე კი ლარს ბენდერსაც გაატანინა და თამამად ვიტყვით, რომ "შტუტგარტს" თამაში მარტომ შეუტრიალა.
ორი საგოლე პასი და ერთი გოლი მატჩში, რომელშიც მისმა გუნდმა მხოლოდ ორი გოლი გაიტანა - მეტი რაღა ქნას?
ერთი სიტყვით, თუ გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი კისლინგს ბუნდესგუნდში ახლაც არ გამოიძახებს, გვექნება საფუძველი, ვიფიქროთ, რომ იოგისა და შტეფანს შორის რაღაც მოხდა...
ვედომ ნავსი გატეხა
"შტუტგარტის" ფორვარდ ვედად იბიშევიჩს ბუნდესლიგაში ბოლო გოლი 2012 წლის დეკემბერში ჰქონდა გატანილი და სტატისტიკის მოყვარულები სიამოვნებით უთვლიდნენ უგოლო წუთებს.
"ლევერკუზენთან" ვედომ ნავსი პენალტით გატეხა, მაგრამ მისმა გოლმა შვაბენლანდურ კლუბს ვერაფერი მოუტანა - ბრუნო ლაბადიას ბიჭები დამარცხდნენ, სტატისტიკის მოყვარულებმა კი ახალი ათვლა დაიწყეს: 78 წუთია, იბიშევიჩს გოლი არ გაუტანია.
ლევანგოლსკი
"ჰანოვერის" მენეჯერმა იორგ შმადტკემ "დორტმუნდთან" მატჩის წინ თქვა, რობერტ ლევანდოვსკის დისკვალიფიკაცია რომ შეუმცირეს, ეს უსამართლობააო. თუმცა შმადტკეს და ჰანოვერელებს გულის სიღრმეში იმედი ჰქონდათ, რომ პოლონელი თავდამსხმელი ორკვირიანი პაუზისა და "ბაიერნთან" ცუდად გასახსენებელი სათასო მატჩის შემდეგ ჩვეულ ფორმაში არ იქნებოდა.
მაგრამ მატჩის 21-ე წუთზე ანგარიში უკვე 2:0 იყო და ორივე გოლის ავტორი ლევანდოვსკი გახლდათ. თანაც, კლოპმა რობერტი იმ დღეს არა ცენტრფორვარდად, არამედ გამთამაშებლად გაამწესა...
ბედნიერი და უბედური გომეში
ეურელიო გომეშს ჰოფენჰაიმური ცხოვრება ალბათ სხვანაირად წარმოედგინა. ყველასგან დავიწყებული კიპერი ნაღდად ვერ იფიქრებდა, რომ გერმანიაში მაშინვე პუბლიკის ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი გახდებოდა, მაგრამ გახდა!
მართალია, მერე შეცდომებიც დაუშვა, მაგრამ ახლა მისთვის მეხუთე ბუნდესლიგურ მატჩში უკვე კაპიტნის სამკლავურიც კი გაუკეთეს.
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "ჰოფენჰაიმი" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდება. იქაც ბედნიერი იქნება ეურელიო? საკითხავი სწორედ ეს არის.
რამდენს აცდიან შააფს?
საკითხავი ისიცაა, როდის აევსებათ ბრემენის "ვერდერის" ხელმძღვანელებს მოთმინების ფიალა და როდის გაათავისუფლებენ გუნდის მთავარ მწვრთნელ თომას შააფს?
მართალია, ეს უკანასკნელი ძალიან დიდი ხანია, ამ თანამდებობაზე მუშაობს და "ვერდერთან" ერთად მართლა ბევრი რამ გადაიტანა და ბევრსაც მიაღწია, მაგრამ ფაქტია, რომ აგერ, უკვე ორი წელია, შააფის "ვერდერი" მოლოდინს მცირედითაც ვერ ამართლებს და ერთ დროს "ბაიერნის" მთავარ კონკურენტად წოდებული ბრემენული კლუბი უკვე მთელი საფეხბურთო გერმანიის დაცინვის ობიექტია.
შესაძლოა, "ვერდერის" დაღმასვლა შააფზე მეტად სხვა ვინმეების და რამეების ბრალი უფროა, მაგრამ მაინც...
ფაქტი ისაა, რომ "ვერდერი" მე-14 ადგილზეა და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე სერიოზულად მარტო იმიტომ არ ემუქრება, რომ ბუნდესლიგაში "ჰოფენჰაიმი" და "ფიურტიც" თამაშობენ...
კევინი ყოველი შემთხვევისთვის
გერმანიაში ბოროტი ენები ამბობენ, კევინ გროსკროიტცი მხოლოდ იმიტომ გახდა ბუნდესლიგის წარმატებული ფეხბურთელი, რომ ფიქრი არ შეუძლიაო.
კიდევ უფრო ბოროტი ენები იმასაც ამტკიცებენ, რომ გროსკროიტცის ფეხბურთელობა არა მისი ნიჭის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მონდომების დამსახურებაა.
ყველა, ვინც ამ მოსაზრებებს იზიარებს, შაბათს გაოცებული დარჩებოდა, რადგან იურგენ კლოპმა გროსკროიტცი მისთვის აბსოლუტურად უჩვეულო, მარჯვენა მცველის პოზიციაზე გაამწესა და კევინმაც კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო და რაც მთავარია, გამორჩეულად ინტელექტუალური თამაში გვაჩვენა.
მან "ჰანოვერთან" ორი საგოლე პასი გააკეთა და თამამად შეუძლია, საკუთარ CV-ში მარცხენა მცველის, მარცხენა ნახევარმცველისა და საყრდენი ნახევარმცველის შემდეგ კიდევ ერთი პოზიციაც ჩაწეროს...
XXIV ტურის გმირი
იულიან დრაქსლერი (შალკე)
"შალკეს" 19 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ვოლფსბურგში 4:1-ზე მოგებული მატჩის შემდეგ თქვა, ეს ჩემი საუკეთესო თამაში იყო მას მერე, რაც ფეხბურთს პროფესიულ დონეზე ვთამაშობო.
შეუძლებელია, არ დავეთანხმოთ, რადგან დრაქსლერმა ბუნდესლიგაში პირველად შეასრულა დუბლი და თან ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა გამოარკვიეს, რომ გელზენკირხენული კლუბის თავკაცმა იენს კელერმა იულიანს მატჩის წინ ლეგენდარული რაულის თამაშისა და გოლების ვიდეოანალიზი აყურებინა და როგორც ჩანს, გელზენკირხენელმა თინეიჯერმა ესპანელისგან ბევრი რამ ისწავლა.
მატჩის შემდეგ კელერმა თქვა, "დრაქსი" დღეს მსოფლიო დონის ფეხბურთელი იყოო.
საუკეთესო ფეხბურთელები
XXIV ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 19 2.26
2. კევინ ტრაპი აინტრახტი 24 2.27
3. მარიო გიოტცე დორტმუნდი 22 2.45
4. რენე ადლერი ჰამბურგი 23 2.67
5. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 24 2.75
6. თომას მიულერი ბაიერნი 21 2.75
7. ტონი კროოსი ბაიერნი 22 2.76
8. რაფაელ შეფერი ნიურნბერგი 21 2.76
9. აარონ ჰანტი ვერდერი 20 2.83
10. ილქაი გიუნდოგანი დორტმუნდი 20 2.83
გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 24 16 9 25
2. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 21 16 6 22
3. თომას მიულერი ბაიერნი 21 11 11 22
4. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 21 9 11 20
5. მარკო როისი დორტმუნდი 24 11 8 19
6. მარიო გიოტცე დორტმუნდი 22 8 9 17
7. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 20 15 2 17
8. ნილს პეტერსენი ვერდერი 24 11 5 16
9. იაკუბ ბლაშჩიკოვსკი დორტმუნდი 19 9 6 15
10. ვედად იბიშევიჩი შტუტგარტი 21 11 4 15
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XXIV ტური: დაუნდობელი მიუნხენის "ბაიერნი"! [VIDEO]