კარლ-ჰაინც რუმენიგემ პეპთან საიდუმლო შეხვედრის დეტალები გაამხილა

AutoSharing Option
წინა კვირაში გაცნობეთ, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე და სპორტული დირექტორი მათიას ზამერი ციურიხში რეკორდმაისტერის მომავალ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას შეხვდნენ და ითათბირეს.

წესით, ეს შეხვედრა საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო, მაგრამ გაზეთმა, როგორც ყოველთვის, ყველაფერი შეიტყო და საიდუმლოს ფარდა ახადა. კვირას "ბილდში" რუმენიგეს ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც მიუნხენური გრანდის 57 წლის ბოსი გვარდიოლასთან თათბირის დეტალებზეც საუბრობს.

- ჰერ რუმენიგე, დორტმუნდელები "ბაიერნს" პლაგიატობაში ადანაშაულებენ - კლოპმა თქვა, მიუნხენელები ჩინელებივით არიან, ყველაფერს იმეორებენო...
- ერთი კარგი ჩინური ანდაზა მაქვს წაკითხული: "აღარ ილაპარაკო იმაზე, რაც
უკვე მოხდა - იმიტომ, რომ დაქცეულ წყალს უკან ვეღარ დააბრუნებ". საბედნიეროდ, "ბაიერნი" 70-იანი წლებიდან მსოფლიო გრანდია. ბეკენბაუერის, მიულერისა და მაიერის თაობამ ააშენა გზა, რომელზეც დღესაც დავდივართ.

- ანუ "ბაიერნს" იურგენ კლოპის სტილი არ გადაუღია?
- იურგენის განცხადება მეც არ მომეწონა. შარშან, "დორტმუნდთან" გერმანიის თასის ფინალის წაგების შემდეგ ჩვენც ძალიან გაბრაზებულები ვიყავით და მატჩის შემდეგ, ბანკეტზე იდიოტებივით ვისხედით, მაგრამ მეტოქეს პატივს ვცემდით. ხან მოიგებ, ხან წააგებ და ამის გამო არ უნდა შეგრცხვეს. "დორტმუნდი" მიუნხენში 0:1 დამარცხდა და არა მგონია, რომ ეს სამარცხვინო იყოს.

- ჰო, მაგრამ სხვადასხვა ექსპერტის აზრით, "ბაიერნის" თამაშში დღეს მართლაც ჩანს "ბორუსიას" ფეხბურთის ელემენტები...
- ყველა ტაქტიკა ფეხბურთის ისტორიამ მოიტანა და ყველაფერი საიდანღაც გვეცნობა. 70-იანი წლების ბოლოს პალ ჩერნაიმ "ბაიერნში" ზონური დაცვა დაამკვიდრა და დღეს ყველა ზონური დაცვით თამაშობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მთელი საფეხბურთო მსოფლიო პლაგიატობაში უნდა დავადანაშაულოთ.

- თქვენ ფიქრობთ, რომ "ბაიერნმა" გერმანიაში პირველობა საბოლოოდ დაიბრუნა?
- "ბაიერნში" ყველანი ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და იმედი გვაქვს, რომ გერმანიის ჩემპიონები უდიდესი უპირატესობით გავხდებით. თუმცა, მათემატიკურად ჯერ არც ჩემპიონობა მოგვიპოვებია და მით უმეტეს, არც გერმანიის თასი. ისიც ფაქტია, რომ "დორტმუნდი" გაისადაც "ბაიერნის" უმთავრესი კონკურენტი იქნება.

"ბორუსიას" კარგი მენეჯმენტი აქვს, შესანიშნავი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს. ბოლო წლებში "დორტმუნდმა" პრესტიჟის კუთხით უმძაფრესი ბრძოლა გაგვიმართა. გამორიცხული არც ისაა, რომ "ბაიერნის" და "დორტმუნდის" გიგანტურად ქცეული დუელი ჩემპიონთა ლიგაშიც შედგეს.

- ბევრი ამბობს, რომ ეს ყველა დროის საუკეთესო "ბაიერნია". სტატისტიკურად მართლაც ასეა და საინტერესოა, ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას.
- ასეთი ეპითეტების ხსენებისას ფრთხილად უნდა ვიყოთ. 70-იანი წლების "ბაიერნი" ჩვენთვის ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო. შესაძლოა, გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში "ბაიერნს" ახლა უკეთესი შედეგები აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღეს უფრო დიდი გუნდი გვყავს, ვიდრე ოქროს ხანაში, როცა "ბაიერნში" ამინდს ფრანცი, გერდი, ზეპი და სხვები ქმნიდნენ. ვფიქრობ, რომ დღევანდელი "ბაიერნი" სწორ გზას ადგას, მაგრამ დიდი გუნდის სტატუსისთვის დიდი ტიტულების მოგებაა საჭირო. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგას ვგულისხმობ.

- "ჩელსი" "ბაიერნზე" დიდი გუნდია?
- "ჩელსისთან" მარცხი დღემდე მაწამებს, მაგრამ ამ წაგებასაც პოზიტიურად უნდა შევხედოთ: სწორი დასკვნები გავაკეთეთ, ბევრი რამ შევცვალეთ და ამიტომაცაა, რომ წელს "ბაიერნი" ასე კარგად გამოიყურება. საკუთარ მოედანზე ფინალის წაგება ყველას მაგრად გვეტკინა და შედეგიც სახეზეა - წელს დაუნდობლები ვართ.

- ამაზე უკეთესი "ბაიერნის" წარმოდგენა არც ისე იოლია, მაგრამ მაინც: ლოგიკურად, ხოსეპ გვარდიოლას ხელში რეკორდმაისტერი უფრო ძლიერი უნდა გახდეს. რაზე ესაუბრეთ პეპს ციურიხში?
- შეხვედრის თემა გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტება იყო.

- ამ თათბირის გახმაურება არ გსურდათ...
- ჰო, ასეა. სასტუმროდან გამოსვლას რომ ვაპირებდით, გვარდიოლას ძმამ, პერემ ფოტოგრაფები შენიშნა, რის გამოც მან და პეპმა სხვა გასასვლელით სარგებლობა ამჯობინეს. ზამერი და მე კი მაინც ამ კარიდან გამოვედით, რადგან დარწმუნებულები ვიყავით, რომ პეპს მეორე გასასვლელთანაც ფოტორეპორტიორები დახვდებოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ამდენი ვერ მოიფიქრეს.

- იუპ ჰაინკესი ჰეთ თრიკს უმიზნებს და თუ სამივე ტიტული მოიგო, გვარდიოლას ძალიან მძიმე მემკვიდრეობას დაუტოვებს...
- ული ჰიონესს სჯერა, რომ უახლოეს 5 წელიწადში ჩემპიონთა ლიგას აუცილებლად მოვიგებთ და მეც ვფიქრობ, რომ ამის შანსი გვაქვს. შესაძლოა, ეს ოცნება წელსაც ავიხდინოთ. ჰაინკესისთვის ეს ძალიან კარგი იქნებოდა.

ამას წინათ რომელიღაც გაზეთში წავიკითხე, რუმენიგეს და ჰიონესს არ უნდათ, რომ "ბაიერნმა" წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, რადგან ასეთ შემთხვევაში გვარდიოლასთვის მოსაგები ტიტული აღარ დარჩებაო. რა სისულელეა! პეპი ყველა შემთხვევაში წნეხის ქვეშ მოექცევა და დარწმუნებული ვარ, რომ ზეწოლას გაუმკლავდება.

- გვარდიოლას ჩამოსვლა ბუნდესლიგის იმიჯზეც იმოქმედებს...
- რა თქმა უნდა! ამას წინათ დოჰაში კლუბების ასოციაციის შეხვედრაზე გახლდით, სადაც ევროპიდან 150 გუნდის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, აფრიკა, აზია, სამხრეთ ამერიკა და ავსტრალია კი სულ 35 გუნდით იყო წარმოდგენილი. ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გვარდიოლას "ბაიერნში" დანიშვნამ მთელი საფეხბურთო მსოფლიო შეძრა. პეპის ჩამოსვლა ბუნდესლიგის რენომეზე დადებითად იმოქმედებს - პეპი ბუნდესლიგისთვის სერიოზული არგუმენტია.

- რა ენაზე ესაუბრებით გვარდიოლას?
- ინგლისურად, იტალიურად და გერმანულადაც! პეპი გერმანულს სწავლობს, ყოველდღე მეცადინეობს. მითხრა, რომ ძალიან კარგი მასწავლებელი ჰყავს, რომელიც ნიუ იორკის სახლში ყოველდღე სტუმრობს ხოლმე.

- ციურიხში პროგრესი შეატყვეთ?
- არა მარტო ციურიხში. ჩვენ ერთმანეთს ელექტრონულ წერილებსა და ტექსტურ შეტყობინებებსაც ვუგზავნით და ხშირად უკვე გერმანულ ენაზე მწერს ხოლმე. თუმცა გვარდილა აღიარებს, რომ გერმანული ძალიან რთული ენაა.

- ჰაინკესთანაც აქვს ურთიერთობა?
- ახლა არა. პეპს უნდა, რომ იუპმა წყნარად იმუშაოს. ამბობს, არ მინდა, რომ ჰაინკესს ხელი შევუშალოო.

- როგორც ირკვევა, დორტმუნდელი რობერტ ლევანდოვსკი კარიერას მიუნხენში გააგრძელებს. ამბობენ, პოლონელი გოლეადორი "ბაიერნს" დიდი ხანია, შეუთანხმდაო...
- ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ წელს საკადრო საკითხებს ძალიან გვიან გადავწყვეტთ. თანაც, მარტში პოტენციურ ტრანსფერებზე სერიოზულად ლაპარაკი არცაა მიზანშეწონილი.

- კლოპს ეჭვი ეპარება იმაში, რომ არიენ რობენი და მარიო გომესი სათადარიგო ფეხბურთელების რანგს მომდევნო სეზონშიც შეეგუებიან...
- ეს იმიტომ, რომ კლოპს ლევანდოვსკიზე ატეხილი დისკუსია ნერვებს უშლის! იურგენი წინა ზაფხულს გავიცანი - ძალიან კარგი ტიპია და ფეხბურთი მართლა კარგად ესმის. მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. კლოპის ამ განცხადებას თვით რობენიც მშვიდად შეხვდა. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ადამიანმა ყველა სიტყვა უნდა აწონოს...

- მაშინ უფრო კონკრეტულად გკითხავთ: სად ითამაშებენ რობენი და გომესი მომდევნო სეზონში?
- შარშან ორივეს ახალი კონტრაქტები გავუფორმეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ რობენით და გომესით კმაყოფილები ვართ და მათი გაშვება არ გვინდა.

- ოთხშაბათს მიშელ პლატინის შეხვდით. გჯერათ, რომ ფინანსურ ფეარ პლეის მართლა დაამკვიდრებს?
- პლატინისთან კარგი ურთიერთობა მაქვს და მჯერა, რომ ამას შეძლებს. ფინანსური ფეარ პლეით ფეხბურთი უფრო სამართლიანი და წესიერი გახდება.

- პლატინის ფიფას პრეზიდენტობას ხომ არ უწინასწარმეტყველებთ?
- მიშელმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ კარგი ფუნქციონერია. მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ფეხბურთელი იყო - თანაც, დიდი ფეხბურთელი. შესაბამისად, კარგად გრძნობს, რა სჭირდება ფეხბურთს, ფეხბურთელებს და ფანებს. პლატინი ბლატერის უდავოდ კვალიფიცირებული შემცვლელი იქნებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბილდმა" პეპ გვარდიოლასთან "ბაიერნის" საიდუმლო თათბირის დეტალები გამოარკვია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული