ოლივერ კანი: "ბაიერნს" ჰეთ თრიკის შესრულება შეუძლია!

AutoSharing Option
"ბაიერნი" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს 17-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და ფაქტია, რომ "ვერცხლის სინს" დაიბრუნებს. ბავარიელები გერმანიის თასსაც უმიზნებენ - მეოთხედფინალში დორტმუნდის "ბორუსია" დაამარცხეს და წესით, ნახევარფინალში არც "ვოლფსბურგის" გაგდება უნდა გაუჭირდეთ. ამასთან, რეკორდმაისტერს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაშიც ფაქტობრივად განაღდებული აქვს, რადგან "არსენალს" ლონდონში 3:1 მოუგო.

ერთი სიტყვით, "ბაიერნი" ბრწყინვალე ფორმაშია და ჰეთ თრიკს უმიზნებს. მიუნხენელთა ლეგენდარული მეკარის, ოლივერ კანის აზრით, "ბაიერნის" ასეთი შემართება, პირველ რიგში, შარშან, "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგების დამსახურებაა.

"წარმომიდგენია, რას გრძნობდნენ ბაიერნელები ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, რომელიც
საკუთარ მოედანზე წააგეს, მაგრამ ასეთ მტკივნეულ წაგებას უდიდესი მოტივაცია და ენერგიაც მოაქვს. გერმანიის თასზე, "დორტმუნდთან" შეხვედრაში მე სწორედ ეს ენერგია დავინახე. ასეთი შემართული, დამშეული, ცივსისხლიანი და შედეგზე ორიენტირებული "ბაიერნი" პირადად მე დიდი ხანია, აღარ მინახავს,
" - აცხადებს კანი "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

43 წლის ოლის აზრით, უდიდესი მონდომების გარდა, "ბაიერნის" ასეთი დომინირება გუნდის მთავარი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის დამსახურებაცაა. "დონ იუპთან" ერთად, რომელსაც ზაფხულში ხოსეპ გვარდიოლა შეცვლის, კანის აზრით, "ბაიერნის" წარმატებებში ზაფხულში შეძენილ ფეხბურთელებს და რეკორდმაისტერის ახალ სპორტულ დირექტორ მათიას ზამერსაც ლომის წვლილი მიუძღვით.

"დანტემ "ბაიერნის" დაცვის ხაზი მაგრად გააძლიერა. პირადად მეც არ ველოდი, რომ ეს ბრაზილიელი მცველი ძირითადი შემადგენლობის მუდმივ წევრად ჩამოყალიბდებოდა და ფაქტია, რომ ახლა "ბაიერნის" დაცვის ბურჯი სწორედ დანტეა. შესანიშნავია ბასტიან შვაინშტაიგერისა და ხავი მარტინესის ტანდემიც ნახევარდაცვის ცენტრში. "ბაიერნს" სწორედ ასეთი საყრდენი აკლდა - მარტინესი ხშირად აკეთებს ისეთ ფოლებს, როგორებსაც თავის დროზე შტეფან ეფენბერგი აკეთებდა.

ერთი სიტყვით, "ბაიერნის" წარმატების უმთავრესი მიზეზი უკანა ხაზის სტაბილურობაა, წინა ხაზზე კი რეკორდმაისტერი შარშანაც შესანიშნავად იყო დაკომპლექტებული და ახლა ჰაინკესს მარიო მანჯუკიჩისა და კლაუდიო პისაროს სახით, უბრალოდ, მეტი ალტერნატივა აქვს,"
- ამბობს კანი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ "ბაიერნს" ჯერ არცერთი ტიტული არ მოუგია, ოლი აღიარებს, რომ ასეთი ძლევამოსილი "ბაიერნი" არასდროს (!) უნახავს: "ბაიერნში" 14 წელი ვითამაშე და ასეთი სახის დომინაცია არ მახსენდება. ყველაფერთან ერთად, შვაინშტაიგერი და ლამი ფეხბურთელისთვის საუკეთესო ასაკში შედიან და ვფიქრობ, რომ ამ გუნდმა უდიდეს წარმატებებს უნდა მიაღწიოს! ამ გუნდს ნამდვილად ხელეწიფება ჰეთ თრიკის შესრულება! "ბაიერნს" დღეს ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია," - დასძენს კანი ხსენებულ ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოლივერ კანი: ახლანდელი "ბაიერნი" კლუბის ისტორიაში საუკეთესო გუნდია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული