ბუნდესლიგა. XXV ტური: ომი "შალკემ" მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
რურის დიდ დერბის გერმანიაში "დერბთა დერბის" ტყუილად არ უწოდებენ: ეს არის მოსისხლე მტრების დაპირისპირება, მატჩი, რომელის მოლოდინს ყოველთვის ამართლებს და ნეიტრალურ ქომაგსაც კი არასდროს ტოვებს უკმაყოფილოს.

გამონაკლისი არც ეს დერბი იყო: მარტო ის რად ღირს, რომ გუნდებმა კარისკენ ჯამში 36-ჯერ (!) დაარტყეს!

"შალკეს" აკრიტიკებენ, რადგან გელზენკირხენული კლუბი ამ სეზონში არასტაბილურია; დორტმუნდის "ბორუსიას" კი მთელი ევროპა აქებს, რადგან ზედიზედ ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, წელს კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა და თვით დიდი ექსპერტებიც
კი უფრო შორს წასვლასაც უწინასწარმეტყველებენ.

რურის დიდი დერბი კი სწორედ იმით გამოირჩევა, რომ ყოველთვის არაპროგნოზირებადია. ამ სეზონში "შალკემ" ნაქებ "დორტმუნდს" ორივე თამაში მოუგო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გელზენკირხენელი ფანები იმითაც ბედნიერები არიან, რომ ამ სეზონში რურის ჩემპიონები არიან - მოსისხლე მტერი ხომ ორჯერვე გაამწარეს.

ბუნდესლიგის ისტორიაში 82-ე, საერთოდ კი 142-ე დერბი "შალკემ" აბსოლუტურად დამსახურებულად მოიგო. მეტიც: პირველ ტაიმში ფეხბურთს მხოლოდ გელზენკირხენელები თამაშობდნენ.

VideoSportall.Ge
შალკე - დორტმუნდი 2:1


"პირველ ნახევარში მართლაც სრულყოფილი ფეხბურთი ვითამაშეთ. ორივე გოლი დავიმსახურეთ", - თქვა მატჩის შემდეგ "შალკეს" კაპიტანმა ბენედიქტ ჰიოვედესმა.

"ეს იყო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ტაიმი "შალკეს" ისტორიაში!
" - ეს კი მენეჯერ ჰორსტ ჰელდტის სიტყვებია.

დორტმუნდელთა მარცხენა მცველმა მარსელ შმელცერმა კი პირველ ტაიმს ყველაზე საზარელი 45 წუთი უწოდა და "ბორუსიას" ფანებს ბოდიში მოუხდა.

"შალკეს" თავისი გიოტცე ჰყავს
მეორე ტაიმში დორტმუნდელები უკეთ ათამაშდნენ და რობერტ ლევანდოვსკიმ სხვაობა შეამცირა, მაგრამ იურგენ კლოპის გუნდმა მეტი ვეღარაფერი შეძლო და ყველაზე არასასურველი მარცხი თავიდან ვერ აიცილა.

აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკიმ "დორტმუნდის" ისტორიაში რეკორდი დაამყარა - ბუნდესლიგის ზედიზედ მეშვიდე თამაშში გაიტანა გოლი, მაგრამ საფინალო სასტვენის შემდეგ "ბორუსიაში" ეს არავის აღუნიშნავს - ჩემპიონები დარცხვენილები იყვნენ.

"შალკეს" ერთ-ერთი გმირი ისევ იულიან დრაქსლერი იყო - 19 წლის შემტევი ნახევარმცველი, რომელმაც ამ გოლით (მან ანგარიში გახსნა) უკვე საბოლოოდ შეაყვარა თავი "აუფ შალკეს" პუბლიკას. მისი და მარიო გიოტცეს დუელში გამარჯვებას ყველა ამ უკანასკნელს უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ შაბათს დრაქსლერმა გიოტცინიოს ბევრად აჯობა.

"დრაქსიმ" გოლი ძალიან ემოციურად აღნიშნა - ფანებთან გულზე მჯიღის ცემით მიიჭრა, მატჩის შემდეგ კი თქვა:

"ეს გოლი და ეს მომენტი სიკვდილამდე მემახსოვრება. მე აქაური ბიჭი ვარ და დერბიში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. კარიერის მე-100 მატჩში "დორტმუნდის" კარში გოლის გატანაზე არც კი მიოცნებია. ამაზე უკეთესი რა უნდა მომხდარიყო? სრულყოფილი დღე მქონდა!"

მატჩის წინ "შალკემ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჰიოვედესმა კონტრაქტი 2017 წლამდე გააგრძელა. კაპიტანმა თქვა, ძალიან სწრაფად შევთანხმდით, რადგან "შალკე" სიგიჟემდე მიყვარს და ჩემი ადგილი სწორედ აქ არისო.

ჰუნტელაარი და ჰუმელსი დაშავდნენ
დერბის უმტკივნეულოდ, რა თქმა უნდა, არ ჩაუვლია. 52-ე წუთზე "შალკეს" კიპერი ჰილდებრანდი ჰუნტელაარს ფეხზე დაახტა და ჰოლანდიელმა, როგორც ჩანს, მძიმე ტრავმა მიიღო. ჰუნტელაარი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. თამაში, რა თქმა უნდა, ვეღარ გააგრძელა და ცნობილია, რომ "შალკეს" ვერც ჩემპიონთა ლიგაში, "გალათასარაისთან" საპასუხო შეხვედრაში დაეხმარება.

გაირკვა, რომ "შალკეს" გოლეადორს ოპერაცია არ სჭირდება, მაგრამ ლაზარეთში რამდენიმე კვირას დაჰყოფს.

"ჩიპრიან მარიკა დაშავებულია, ახლა ჰუნტელაარმაც ტრავმა მიიღო. ეს საშინელებაა, თავდამსხმელები ხელიდან გვეცლებიან",
- დაიჩივლა გელზენკირხენელთა მწვრთნელმა იენს კელერმა. დორტმუნდელებს კი ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელებული მატს ჰუმელსი დაუშავდათ...

ზემოთაც ვთქვით, რომ გუნდებმა ერთმანეთს 36-ჯერ დაურტყეს (20:16). მათ შორის იყო შესანიშნავი საგოლე მომენტები, რომლებიც "შალკეს" მხრიდან ჰუნტელაარმა (მე-14 წუთზე), დრაქსლერმა (29), პუკიმ (74, 84), ფარფანმა და კოლასინაცმა ვერ გამოიყენეს, დორტმუნდელთაგან კი - ბლაშჩიკოვსკიმ (19) და ლევანდოვსკიმ (73, 88). როგორც ხედავთ, რაოდენობაში განსხვავება უდიდესია, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ "შალკემ" ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ნაღდად დაიმსახურა.

თანაც, გელზენკირხენელებისთვის ეს რიგით მე-400 საშინაო მატჩი გახლდათ - საიუბილეო გამარჯვებაც ასეთი უნდა!

აღსანიშნავია, რომ მეორე წრის ცუდად დაწყების შემდეგ "შალკემ" ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების რეალური შანსი დაიბრუნა.

"როცა გვიჭირდა, ბევრისგან განსხვავებით, დეპრესიაში არ ჩავვარდი და არც ახლა ვარ ეიფორიაში. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ", - თქვა კელერმა, რომელსაც სეზონის ბოლოს ალბათ მაინც გაათავისუფლებენ. ასეთი არასტაბილურია "შალკე"...

"ფორტუნამ" "ბაიერნს" ორი გაუტანა
"ბაიერნის" კარში გოლის გატანა ამ სეზონში ძალიან ძნელია, მაგრამ "ფორტუნამ" რეკორდმაისტერს ორი ბურთი გაუტანა და მიუნხენური გრანდი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს ზღაპრული უპირატესობით რომ არ ლიდერობდეს, ვიტყოდით, რომ ანერვიულა.

ბავარიელებმა დიუსელდორფელებს თავიდანვე შეუტიეს, მაგრამ ანგარიში "ფორტუნამ" გახსნა, რის შემდეგაც იუპ ჰაინკესის შეგირდები, მიუხედავად უდიდესი უპირატესობისა, ანგარიშს დიდხანს ვერ ათანაბრებდნენ.

მიულერმა წონასწორობის აღდგენა პირველი ტაიმის მიწურულსღა შეძლო - თომასმა მიმდინარე სეზონში მე-12 გოლი გაიტანა.

რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, "ფორტუნა" მეორე ტაიმში კიდევ ერთხელ დაწინაურდა - მანუელ ნოიერი დიუსელდორფელთა კაპიტანმა ლამბერტცმა დაამწუხრა, მაგრამ ზუსტად სამ წუთში ფრანკ რიბერიმ კიდევ ერთხელ გაათანაბრა.

ამის შემდეგ ჰაინკესმა მოედანზე პისაროს სახით მეორე ფორვარდი გამოიყვანა, მაგრამ გამარჯვების გოლი მცველმა ჟერომ ბოატენგმა შეაგდო - ეს მისი პირველი გოლია ბუნდესლიგაში.

VideoSportall.Ge
ბაიერნი - ფორტუნა 3:2


ამრიგად, რაკი "დორტმუნდი" და "ლევერკუზენი" დამარცხდნენ ("ბაიერი" მაინცში დაეცა) "ბაიერნმა" უპირატესობა 20 (!) ქულამდე გაზარდა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სეზონის ფინიშამდე 9 ტურია დარჩენილი, შესაძლოა, მიუნხენელებმა ჩემპიონობა სამ ტურში (!!!), სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე გაინაღდონ!

"ფრაიც" აიჭრა
"ბაიერნის" შემდეგ ყველაზე ცოტა გოლი ისევ "ფრაიბურგს" აქვს მიღებული, მაგრამ ამ სეზონში კარგი დაცვით სახელგანთქმული ბრაისგაუელები "ვოლფსბურგთან", ყველასათვის მოულოდნელად, 2:5 განადგურდნენ.

პირველი ტაიმი ნამდვილი საგიჟეთი იყო: ჯერ კრუსეს გოლით "ფრაი" დაწინაურდა, რის შემდეგაც "მგლებმა" 20 წუთში სამი გოლი გაიტანეს. განსაკუთრებით ლამაზი ივიცა ოლიჩის მაკრატელა გამოვიდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ხორვატმა დუბლი შეასრულა, მერე კი გუნდებმა თითო გოლიღა გაცვალეს.

ამ წაგებით "ფრაიმ" ევროსაგზურებისთვის ბრძოლაში დიდი დარტყმა მიიღო, "ვოლფსბურგი" კი მე-15 ადგილიდან ოდნავ ზემოთ აძვრა.

შაბათსვე, "ფიურტისა" და "ჰოფენჰაიმის" მატჩი, რომელიც გადარჩენისთვის ბრძოლაში ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი დუელი იყო, "სოფლელების" ხმაურიანი გამარჯვებით (3:0) დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ფიურტის" საშველი აღარაა. ფიურტელებს მხოლოდ თეორიული შანსი შერჩათ.

ბუნდესლიგა. XXV ტური
აუგსბურგი-ნიურნბერგი 1:2
გოლები: 0:1 კიოტაკე (21), 1:1 ვერნერი (36), 1:2 ესვაინი (54)
აუგსბურგი (4-1-4-1): ამსიფი - ფოგტი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ოტლი (71. მორავეკი) - ჰანი, კოო, ჟი (82. ბონსე), ვერნერი (63. იორლი) - მიოლდერსი.
ნიურნბერგი (4-1-4-1): რ. შეფერი - ბალიჩი (75. დაბანლი) ნილსონი, კლოზე, პლატენჰარდტი (46. პინილა) - სიმონსი - ჩანდლერი, კიოტაკე (85. ილდიზი), ფოილნერი, ესვაინი - პეკჰარტი.
გაფრთხილება: ფოგტი, კალსენ-ბრაკერი, კოო, ბონსე - პლატენჰარდტი, ფოილნერი
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 24-21; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 12(3)-6(2); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 30 660

ბაიერნი-ფორტუნა 3:2
გოლები: 0:1 ბოლი (16), 1:1 თ. მიულერი (45), 1:2 ლამბერტცი (71), 2:2 რიბერი (73), 3:2 ბოატენგი (86)
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი, ბოატენგი, ალაბა - შვაინშტაიგერი, ლუის გუსტავო - თ. მიულერი (72. პისარო), კროოსი (68. შაჩირი), რიბერი - მანჯუკიჩი (61. გომესი).
ფორტუნა (4-2-3-1): გიფერი - ბალოგუნი, მალეზასი, ლატკა, ვან დერ ბერგი - ბოძეკი, ტეშე - ლამბერტცი (75. დ. შაჰინი), ბოლი (64. ო. ფინკი), ბელინგჰაუზენი - კრუსი.
გაფრთხილება: ლუის გუსტავო - ლატკა, ვან დერ ბერგი
კუთხური: 12-1; ჯარიმა: 12-18; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 22(11)-4(2); ბურთის ფლობა: 75%-25%.
მაყურებელი: 71 000

შალკე-დორტმუნდი 2:1
გოლები: 1:0 დრაქსლერი (11), 2:0 ჰუნტელაარი (35), 2:1 ლევანდოვსკი (59)
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, კოლასინაცი - ჰიოგერი, ნოიშტედტერი (73. ფუხსი) - ფარფანი, დრაქსლერი (82. დრაქსლერი), მიშელ ბასტოსი - ჰუნტელაარი (54. პუკი).
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი (46. ნ. შაჰინი), შმელცერი - გიუნდოგანი (76. ლაიტნერი), ს. ბენდერი - ბლაშჩიკოვსკი, გიოტცე, გროსკროიტცი (46. როისი) - ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: ჰუნტელაარი, კოლასინაცი, ჰიოგერი
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 20(10)-16(3); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 61 673

ფრაიბურგი-ვოლფსბურგი 2:5
გოლები: 1:0 მ. კრუსე (2), 1:1 მაკიადი (7-საკ. კარში), 1:2 ვიეირინია (16), 1:3 ოლიჩი (22), 1:4 ოლიჩი (49), 2:4 ფლუმი (65), 2:5 დიეგო (92)
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - შმიდი (77. მუიჯა), კრმასი (46. ფლუმი), დიანიე, ზორგი - შუსტერი, მაკიადი - მ. კრუსე, დ. კალიჯური - როზენტალი (84. ტერაცინო), გინტერი.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ფაგნერი (89. ჟოსუე), კირიაკოსი (70. მ. შეფერი), კიაერი, როდრიგესი - ტრეში, პოლაკი - ვიეირინია, დიეგო, პერიშიჩი (46. არნოლდი) - ოლიჩი.
გაფრთხილება: კრმასი, მ. კრუსე - ოლიჩი, პოლაკი, დიეგო, ბენალიო
კუთხური: 9-3; ჯარიმა: 11-23; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 16(6)-14(10); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 22 900

მაინცი-ლევერკუზენი 1:0
გოლი: 1:0 ივანშიტცი (61-პენ)
მაინცი (4-1-2-3): ვეტკლო - ბელი, სვენსონი, ნოვესკი, პოსპეხი - ბაუმგარტლინგერი - ზიმლინგი, სოტო - ნ. მიულერი (91. ედე), სალაი (89. ჩუპო-მოტინგი), ივანშიტცი (70. რისსე).
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - კარვახალი, მ. ფრიდრიხი, შვააბი, კადლეცი (78. მილიკი) - რაინარტცი (78. სემი) - ლ. ბენდერი, როლფესი (65. ჰეგელერი) - კასტრო, შიურლე - კისლინგი.
გაფრთხილება: ბელი, სალაი, ნოვესკი - რაინარტცი, მ. ფრიდრიხი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 8(1)-16(4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 30 124

ფიურტი-ჰოფენჰაიმი 0:3
გოლები: 0:1 რობერტო ფირმინიო (10), 0:2 ხოსელუ (16), 0:3 ვაისი (50)
ფიურტი (4-1-4-1): გრიუნი - მ. ციმერმანი, სობიხი, მავრაი, ბაბა - გაისი (12. პეცოსი) - კლაუსი, ფიურშტნერი, ვარგა (46. პეკოვიჩი), პარკი - ჯურჯიჩი (77. ნიოთე).
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): გომეში - ოხსი (71. თესკერი), დელპიერი, ვესტერგაარდი, ბეკი - ვილიამსი, ვაისი - შრიოკი (61. ადვინკულა), ვოლანდი (80. პოლანსკი), რობერტო ფირმინიო - ხოსელუ.
გაფრთხილება: პეცოსი, პეკოვიჩი - რობერტო ფირმინიო, ვოლანდი
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 17-20; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 12(4)-12(5); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 15 760

გლადბახი-ვერდერი 1:1
გოლები: 1:0 მლაპა (72), 1:1 იგნიოვსკი (77)
გლადბახი (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი, ალვარო დომინგესი, ვენდტი - ჯაკა, ნორდტვეიტი - ჰერმანი (70. რუპი), არანგო - იუნესი (70. მლაპა) - ლ. დე იონგი (70. ჰანკე).
ვერდერი (4-4-1-1): მილიტცი - გებრე სელასიე, პავლოვიჩი, ლუკიმია, შმიტცი - ფრიტცი (46. ჰანტი), იუნუზოვიჩი, თრაიბული (75. არნაუტოვიჩი), იგნიოვსკი - დე ბრუინი - პეტერსენი.
გაფრთხილება: ალვარო დომინგესი
კუთხური: 9-11; ჯარიმა: 8-11; თამაშგარე: 7-0; კარში დარტყმა: 10(5)-16(4); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 54 010

ჰანოვერი-აინტრახტი 0:0
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი – ჩაჰედი, ჯურუ, კ. შულცი, პოკონიოლი – ჰოფმანი, და სილვა პინტუ – ია კონანი, პანდერი (61. შლაუდრაფი) – მ. დიუფი, აბდელაუ (78. ზობიხი).
აინტრახტი (4-1-2-1-2): ტრაპი – ს. იუნგი, სამბრანო, ანდერსონი, ოჩიპკა – შვეგლერი – ჩელოცი, მაიერი – ინუი (90. ლაკიჩი) – აიგნერი (87. კიტელი), მატმური (77. ლანიგი).
გაფრთხილება: ჯურუ, ჰოფმანი
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 18-13; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 7(3)-11(2); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 44 800

შტუტგარტი-ჰამბურგი 0:1
გოლი: 0:1 რუდნევსი (50)
შტუტგარტი (4-1-2-2-1): ულრაიხი – რიუდიგერი, ტასკი, ნიდერმაიერი, ბოკა – კვისტი – გენტნერი, ჰოლცჰოიზერი (46. ოკაზაკი) – ჰარნიკი, ტრაორე (73. მაკედა) – იბიშევიჩი.
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი – დიკმაიერი, ბრუმა, ვესტერმანი (64. რაიკოვიჩი), იანსენი – რინკონი, ბადელი – სკიელბრედი (84. არსლანი), ვან დერ ვაარტი, აოგო (71. სონი) – რუდნევსი.
გაფრთხილება: ნიდერმაიერი, იბიშევიჩი - რუდნევსი
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 15-23; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 13(7)-12(3); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 47 100

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 17 – ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 16 – კისლინგი (ლევერკუზენი); 15 – მანჯუკიჩი (ბაიერნი); 12 – ა. მაიერი (აინტრახტი), თ. მიულერი (ბაიერნი), სალაი (მაინცი).

მომდევნო ტური
15 მარტი
ვოლფსბურგი-ფორტუნა

16 მარტი
დორტმუნდი-ფრაიბურგი, ვერდერი-ფიურტი, ნიურნბერგი-შალკე, ჰოფენჰაიმი-მაინცი, ჰამბურგი-აუგსბურგი, ლევერკუზენი-ბაიერნი.

17 მარტი
აინტრახტი-შტუტგარტი, გლადბახი-ჰანოვერი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იუპ ჰაინკესი: ფანტასტიკური ბრძოლის სულისკვეთება გამოვავლინეთ [VIDEO]
იურგენ კლოპი: "შალკემ" დამსახურებულად გაიმარჯვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული