"დორტმუნდში" სიტუაცია დაიძაბა!

AutoSharing Option
"დორტმუნდმა" მეორე დერბიც წააგო და გასაკვირი არ არის, რომ "ბორუსიაში" საშინელი განწყობაა, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ საქმე აქამდე მივიდოდა. "შალკესთან" უპრინციპულესი დუელის წაგების შემდეგ (1:2), "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი დაცვის ბურჯ მატს ჰუმელსს მისდგა.

"მატსი შესვენებამდე გაცილებით ადრე დაშავდა, მაგრამ არაფერი გვითხრა! ჰუმელსი სათადარიგოთა სკამთან უნდა მოსულიყო, უკანალი მინდორზე დაედო და ექიმისთვის უნდა ეხმო! ფაქტია, რომ "შალკემ" ჩვენს კართან რამდენიმე მომენტი შექმნა იმის გამო, რომ ტრავმირებული ჰუმელსი ხეირიანად ვეღარ დარბოდა. ასეთი თავგანწირვა უაზრობაა," - უთხრა კლოპმა ჩვენს გერმანელ
კოლეგებს და შეგახსენებთ, რომ იურგენი თავის შეგირდებს ძალიან იშვიათად აკრიტიკებს ხოლმე. 11 მარტს გამოჩნდა, რამდენად სერიოზულია ჰუმელსის ტრავმა - მატსი ლაზარეთში რამდენიმე კვირას დაჰყოფს.

ამასთან, "შალკესთან" წაგებამ თავად კლოპსაც კრიტიკა დაატეხა. ექსპერტებმა იურგენს არჩევანი დაუწუნეს - თუ დერბის წაგება არ უნდოდა, მარკო როისი სკამზე არ უნდა დაესვაო. ამ ბრალდებაზე კლოპს ასეთი პასუხი აქვს: "როტაცია ჩემპიონთა ლიგის გამო მჭირდება და ცხადია, რომ ყოველთვის ყველა ვერ დამეთანხმება. მე ვამბობ, რომ "შალკესთან" ჩვენი პრობლემა დაცვის ხაზში მდგომარეობდა და არა მგონია, რომ როისს ეს პრობლემა აღმოეფხვრა!"

აქვე ვთქვათ, რომ "დორტმუნდის" ხელმძღვანელებმა, გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ და სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა "არენა აუფ შალკეს" ტრიბუნები თამაშის დამთავრებამდე დატოვეს - არადა, ადრე წასვლა არ სჩვევიათ. მოგვიანებით ვატცკემ თქვა, ვისაც დერბის მოგება უნდა, ფეხბურთი ისე არ უნდა ითამაშოს, როგორც ჩვენ პირველ ტაიმში ვითამაშეთო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XXV ტური: ომი "შალკემ" მოიგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული