ბუნდესლიგა. XXV ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: დერბიც ვნახეთ! რაღა დარჩა?!

AutoSharing Option
არ გვინდა ვიფიქროთ, რომ რურის დიდი დერბი ბუნდესლიგა 2012/2013-ის უკანასკნელი გამონათება იყო - არადა, საქმეს სწორედ ასეთი პირი უჩანს, რადგან "ბაიერნი" უკვე 20 ქულითაა დაწინაურებული.

გერმანიის ჩემპიონატმა საჩემპიონო ინტრიგასთან ერთად, უკვე დერბთა დერბიც უკან მოიტოვა. 25-ე ტურში კიდევ იყო რაღაც-რაღაცები...

შეფერი, როგორც პიპლიცა
გახსოვთ "კოტბუსის" მეკარე ტომისლავ პიპლიცა? ამ ტიპს მთელი საფეხბურთო გერმანია (და არა მარტო გერმანია) წლების მანძილზე დასცინოდა, რადგან "პიპის" ზედმეტად ხშირად მოსდიოდა კურიოზული შეცდომები. პარასკევს "ნიურნბერგის" მეკარე რაფაელ შეფერს სწორედ "პიპლიცა დაემართა", როცა ერთი შეხედვით მყარად დაფიქსირებული
ბურთი რაღაცნაირად ფეხებშუა გაიტარა.

ამ სცენას თვით აუგსბურგელი ტობიას ვერნერიც დიდხანს აკვირდებოდა, რადგან უჭირდა იმის დაჯერება, რომ მისი თავური დარტყმის შემდეგ ბურთი მართლაც შეფერის კარში აღმოჩნდა. თუმცა ეს მატჩი ნიურნბერგელებმა საბოლოოდ 2:1 მოიგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეფერი ამ შეცდომას ყოველთვის იუმორით გაიხსენებს ხოლმე.

მაგათის მიყვანილი ვიეირინია
რაც უნდა არაადეკვატურად ჟღერდეს, მოვიდა დრო, რომ ფელიქს მაგათი შევაქოთ, რადგან იმ "4 244 ფეხბურთელს" შორის, რომლებიც "დესპოტმა ფელიქსმა" "ვოლფსბურგში" მიიყვანა ან გამოსცადა, ვიეირინია მართლა საჭირო კაცი ჩანს. პორტუგალიელი "მგლების" ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად ხვდება, "ფრაიბურგთან" კი სულაც თვის საუკეთესო გოლი გაიტანა - ბურთი ხარიხის ქვეშ ერთი შეხებით ჩააჭედა.

მაგათის მიყვანილი ოლიჩი
თუმცა უმუშევრად დარჩენილი მაგათის ქება მარტო ვიეირინიას გამო არ დაგვიწყია. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, "ვოლფსბურგში" ივიცა ოლიჩიც ფელიქსმა მიიყვანა! "ფრაიბურგთან" 5:2-ზე მოგებულ მატჩში ხორვატმაც დაამტკიცა, რომ მარტო ბრძოლა და სირბილი კი არა, გოლების გატანაც შეუძლია. გაგიკვირდებათ და, ოლიჩმა "ფრაის" მაკრატელა შეუგდო! მოკლედ, იმის თქმა გვინდა, რომ გერმანიაში მაგათს ახლა მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში ახსენებენ ხოლმე, რაც ნამდვილად არაა სამართლიანი საქციელი.

როგორც ჩანს, ვოლფსბურგელებმა დასაფასებელი კაცის დაფასება არ იციან, თორემ "ფოლკსვაგენის" რომელიმე მოდელისთვის "ფელიქსის" დარქმევაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, აქამდე მაგათს ქალაქის ცენტრში ბიუსტს მაინც დაუდგამდნენ...

"ფორტუნას" კაპიტანი
ბუნდესლიგის 25-ე ტურის შემდეგ ქებას დიუსელდორფელები, უფრო სწორად, მათი კაპიტანი ანდრეას ლამბერტციც იმსახურებს. ძირძველმა "ფორტუნელმა" შაბათს ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა და სად? მიუნხენში! "ბაიერნთან"! მანუელ ნოიერის კარში! ამის მოხერხება კი წელს განსაკუთრებით ძნელია (იხილეთ "ბაიერნის" კარში გატანილი გოლების რაოდენობა).

"შალკეს" ახალი იმედი
"შალკეს" ახალგაზრდა ვარსკვლავის, იულიან დრაქსლერის ვარცხნილობაზე კამათი შეიძლება და გელზენკირხენში ეს ამ დღეებში განხილვის თემა იყო. საბოლოოდ კი ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ "დრაქსის" არ უხდება მოკლედ შეჭრილი თმა იმ დროს, როცა ზემოთ გრძელ თმას იტოვებს, მაგრამ "აუფ შალკეს" პუბლიკამ მას ეს უკვე აპატია, რადგან იულიანმა რურის დიდ დერბიში იდეალურად ითამაშა და ყველა ექსპერტისგან საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა. დრაქსლერი გაჭირვებულ გელზენკირხენელთა ახალი იმედია.

"აინტრახტის" ეფექტი ქრება
მოსალოდნელიც იყო, რომ "აინტრახტი" სეზონის ბოლომდე საუკეთესო ოთხეულში ვერ გაძლებდა და ფრანკფურტელებს საამაყოდ ისიც ეყოფათ, ელიტაში ახალაღზევებული გუნდის რანგში ამდენ ხანს რომ გაძლეს იქ, სადაც მათი ადგილი არ იყო. ახლა კი არმინ ფეეს გუნდს უკვე კარგა ხანია, არათუ არ მოუგია, გოლიც ვერ გააქვს და მთავარი ფეე რეგრესს მაინც იუმორით უდგება - ოღონდ გერმანული იუმორით.

"ჰანოვერთან" (0:0) ალექს მაიერს გოლი არ ჩაუთვალეს, რადგან თამაშგარედან შეაგდო, მაგრამ ფეემ თქვა, უგოლო სერია აღარ მიხსენოთ, ალექსმა ხომ გაიტანაო.

არტიომ რუდნევსი
დროა, ლატვიელი არტიომ რუდნევსიც ვაღიაროთ! მიუხედავად იმისა, რომ გოლები გაჰქონდა, ბუნდესლიგაში მას დიდ მომავალს არავინ უწინასწარმეტყველებდა და 25-ე ტურამდე სერიოზულ გოლეადორად არავინ აღიქვამდა. ახლა კი, "შტუტგარტთან" გატანილი გოლის შემდეგ, რომლის წყალობითაც "ჰამბურგმა" "მერსედეს ბენც არენაზე" 1:0 მოიგო, საფეხბურთო გერმანიამ ბოლოს და ბოლოს დაასკვნა, რომ "რუდი" ძლევამოსილი ცენტრფორვარდია.

ტობიას ვაისი
კიდევ კარგი, რომ "ჰოფენჰაიმის" ხელმძღვანელებმა ტიმ ვიზესთან ერთად მოყვარულთა გუნდში ტობიას ვაისიც არ გადაისროლეს (არადა, აპირებდნენ!), რადგან ამ უკანასკნელმა "ფიურტთან" სასიცოცხლო მნიშვნელობის მატჩში ისე ითამაშა, როგორც ძველ კარგ დროში, როცა "ჰოფენჰაიმი" ერთი ხანობა ბუნდესლიგის ცხრილში პირველ ადგილზეც კი იყო.

ვაისმა საგოლე პასიც გააკეთა და თვითონაც გაიტანა - "ფიურტი", ფაქტობრივად, საბოლოოდ გაწირა მეორე ბუნდესლიგისთვის, თავისიანებს კი გადარჩენის რეალური შანსი გაუჩინა.

"ბაიერნში" კომუნიკაციის პრობლემაა?
"ბაიერნმა" "დორტმუნდთან" უპირატესობა 20 ქულამდე გაზარდა და ჩემპიონობას მალე ოფიციალურად გაინაღდებს, მაგრამ არც რეკორდმაისტერია აბსოლუტურად უპრობლემო. რამდენიმე დღის წინ მიუნხენური გრანდის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ იუპ ჰაინკესს ზაფხულიდან დირექტორატში დასაქმება შესთავაზა, რაზეც კვირას იუპისგან მტკიცე უარი მიიღო - ჰაინკესმა თქვა, უმჯობესი იქნებოდა, რომ რუმენიგეს ჯერ ჩემთვის ეკითხა, მინდა თუ არა დირექტორატში შესვლაო.

ამ მოვლენაზე 11 მარტს კომენტარი რეკორდმაისტერის ყოფილმა მწვრთნელმა ოტმარ ჰიტცფელდმაც გააკეთა და თქვა, ეს იმის დასტურია, რომ "ბაიერნში" კომუნიკაცია ისევ არ ვარგაო. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ოტმარიც გაუნაწყენდა რუმენიგეს იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა უეფას თასზე "ბოლტონთან" დაფიქსირებული 2:2-ის შემდეგ, რომელშიც ჰიტცფელდმა როტაციას მიმართა, ოტმარი მკვახედ გააკრიტიკა - ფეხბურთი მათემატიკა არ არისო. ამ განცხადებას ქვეტექსტი ჰქონდა, რადგან ჰიტცფელდის პირველი პროფესია მათემატიკოსობაა.

რაც შეეხება ჰაინკესის შემთხვევას: პრეზიდენტ ული ჰიონესის განცხადებას გაგახსენებთ - ულიმ ამას წინათ თქვა, ჰაინკესი კიდევ ერთი წლით სიამოვნებით დარჩებოდა და მადლობა მას, რომ გვარდიოლას მოყვანას ასე მშვიდად ხვდებაო.

როგორც ხედავთ, არც ისე მშვიდად - "დონ იუპმა" არ მიიღო დირექტორატში ფსევდოპოსტის სამადლო შეთავაზება.

Sportall.Ge

XXV ტურის გმირი
ივიცა ოლიჩი (ვოლფსბურგი)
ულამაზესი მაკრატელა-გოლის შემდეგ 33 წლის ივიცა ოლიჩი ყვებოდა, ზურგზე დაცემის შემდეგ ხუთი წუთის განმავლობაში სუნთქვა მიჭირდაო. გოლი კი ვეტერან ხორვატს, რომელიც ყოველთვის მშრომელი ფეხბურთელი უფრო იყო, ვიდრე ხელოვანი, მართლაც არანორმალურად მომხიბვლელი გამოუვიდა.

თუმცა ოლიჩს მხოლოდ ამიტომ როდი ვასახელებთ ტურის გმირად - ივიცამ ტრადიციულად ბევრი იშრომა და მეორე გოლიც გაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნდესლიგაში მერვე დუბლი შეასრულა ("ჰამბურგში" ხუთი დუბლი ჰქონდა შესრულებული, "ბაიერნში" - ორი). ასეთი თამაშითა და შედეგიანობით ოლიჩმა დაამტკიცა, რომ "ვოლფსბურგს" ჯერ კიდევ არგია, რაშიც ბოლო დროს ყველას ეჭვი ეპარებოდა.

თუმცა აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ოლიჩს აქამდე მარცხენა ფლანგზე ათამაშებდნენ, რაც არასდროს მოსწონდა, ახლა კი ცენტრფორვარდად გაამწესეს და შედეგიც სახეზეა.

"ფრაიბურგთან" მატჩის შემდეგ "ვოლფების" მენეჯერმა კლაუს ალოფსმა თქვა, ამ შეხვედრამ ყველანი დაგვარწმუნა იმაში, რომ ოლიჩის ადგილი თავდასხმის ცენტრშიაო.

საუკეთესო ფეხბურთელები
XXV ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 20 2.20
2. კევინ ტრაპი აინტრახტი 25 2.30
3. მარიო გიოტცე დორტმუნდი 23 2.45
4. რენე ადლერი ჰამბურგი 24 2.65
5. თომას მიულერი ბაიერნი 22 2.76
6. ტონი კროოსი ბაიერნი 23 2.82
7. ფილიპ ლამი ბაიერნი 25 2.83
8. რომან ვაიდენფელერი დორტმუნდი 24 2.83
9. ფაბიან გიფერი ფორტუნა 25 2.84
10. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 25 2.84

გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 25 16 9 25
2. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 22 17 6 23
3. თომას მიულერი ბაიერნი 22 12 11 23
4. ჟაბოლჩ ჰუშტი ჰანოვერი 21 9 11 20
5. მარკო როისი დორტმუნდი 25 11 8 19
6. მარიო გიოტცე დორტმუნდი 23 8 9 17
7. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 21 15 2 17
8. იაკუბ ბლაშჩიკოვსკი დორტმუნდი 20 9 7 16
9. ნილს პეტერსენი ვერდერი 25 11 5 16
10. ფრანკ რიბერი ბაიერნი 20 6 10 16

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XXV ტური: ომი "შალკემ" მოიგო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული