ბუნდესგუნდის დღევანდელი "ათიანები" სხვადასხვა ასპექტებში ერთმანეთზე უკეთესები არიან და ახლო მომავალში იოგის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ბუნდესგუნდის სასტარტოში მათი უმტკივნეულო ინტეგრაცია იქნება.
ბუნდესგუნდის დამრიგებელი იუპ ჰაინკესი რომ იყოს, ყაზახეთის ნაკრებთან დღევანდელი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აუცილებლად "ლევერკუზენის" თავდამსხმელ შტეფან კისლინგს იახლებდა. სანამ ლიოვი საყაზახეთო შემადგენლობას დაასახელებდა, "ბაიერნის" თავკაცმა კისლინგი არაერთხელ შეაქო და ბუნდესმწვრთნელს ირიბად მოუწოდა ლევერკუზენელი გოლეადორის გამოძახებისკენ. მაგრამ ნამდვილი ლიოვი თავის საქმეში აბსოლუტურად
13 ნახევარმცველი 23-კაციან შემადგენლობაში
მიუხედავად იმისა, რომ შტეფანი დღესდღეობით ყველაზე შედეგიანი გერმანელი თავდამსხმელია, იოგიმ კისლინგს არც ამჯერად უხმო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ეს ფეხბურთელი არა მარტო ამ მომენტისთვის, არამედ ზოგადადაც არ სჭირდება. შესაძლოა, ოდესმე სამადლოდ გამოიძახოს და ვთქვათ, რომელიმე ამხანაგურ მატჩში ათამაშოს კიდეც, მაგრამ ფაქტია, რომ ლიოვი კისლინგზე სერიოზულ იმედებს არ ამყარებს – იმ დროსაც კი, როცა მიროსლავ კლოზე ტრავმირებულია და ბუნდესნაკრებს ვერ ეხმარება.
შესაბამისად, გერმანიის ნაკრების განაცხადში ახლა მარიო გომესის სახით მხოლოდ ერთი ნომინალური ცენტრფორვარდია. სამაგიეროდ, იმ 23-კაციან სიაში, რომელიც ლიოვმა ზუსტად ერთი კვირის წინ გამოაცხადა, 13 ნახევარმცველია. აქედან, ტყუპი ბენდერები და ტონი კროოსი იძულებულები გახდნენ, ყაზახეთთან მატჩები გამოტოვონ, ლიოვმა კი სხვა მოთამაშეების გამოძახებაზე მაინც უარი თქვა.
ლიოვს უყვარს "ათიანები"
ზოგადად, ბოლო დროს გერმანიის ნაკრებში კრეატიული ცენტრალური ნახევარმცველების, ანუ, "ათიანების" მოზღვავება შეინიშნება. ახლო წარსულში სხვანაირად იყო – ბუნდესგუნდს დიდი არჩევანი საყრდენ ნახევარმცველებში (კარსტენ რამელოვი, იენს იერემისი, დიტმარ ჰამანი) ჰქონდა, კლასიკური ფლეიმეიქერის შესაძლებლობების მქონე მოთამაშეები კი ბოლოს მეჰმეთ შოლი და სებასტიან დაისლერი იყვნენ. "ათიანების" სიმცირე გერმანიაში მას მერეც შეინიშნებოდა, რაც ანდრეას მიოლერისა და თომას ჰესლერის თაობა წავიდა, ახლა კი ისევ მომრავლდნენ გამთამაშებლები და რაც ყველაზე საინტერესოა, ყველანი ერთმანეთზე უკეთესები და ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები არიან.
რაც მთავარია, ზოგადად მსოფლიო ფეხბურთის ტენდენციაა ის, რომ წარსულს ჩაბარდა დრო, როცა ორი გამთამაშებელი ერთად "ვერ ძოვდა". გერმანელებს ამ მხრივ ყველაზე მტკივნეულად გიუნტერ ნეტცერის დრო ახსოვთ, როცა ამ უკანასკნელთან ერთად საფეხბურთო გერმანიას ჰყავდა კიდევ ერთი გრანდიოზული ფლეიმეიქერი – ვოლფგანგ ოვერატი და მაშინ მთელი საფეხბურთო გერმანია თავს იმტვრევდა, რომელს უნდა ეთამაშა ძირითად შემადგენლობაში. დღეს უკვე ბევრი გუნდის ძირითადში ვხედავთ ორ გამთამაშებელს, პირადად იოახიმ ლიოვი კი სწორედ ასეთებს ეძებს და ძალიან აფასებს. შესაბამისად, სწორედ მისი დამსახურებაა, ბუნდესგუნდი ბოლო წლებში მანამდე არნახულად კრეატიულ ფეხბურთს რომ თამაშობს.
სამი უმაღლესი კლასის გამთამაშებელი
მოკლედ, გერმანიის ნაკრებს დღეს გამთამაშებლებში დიდი არჩევანი აქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, აღარ ჰყავს მაღალი კლასის ცენტრფორვარდები და ეს პრობლემა იოგის უკვე დიდი ხანია აწუხებს. კლოზესა და მარიო გომესის შემდეგ ბუნდესგუნდში ამ პოზიციაზე დიდი სიცარიელეა. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ კისლინგზე, ფაქტია, რომ ლიოვს შტეფანი არ სჭირდება, რაც ახსნა კიდეც – კისლინგზე მოქნილი ცენტრფორვარდები მჭირდებაო. საჭიროების შემთხვევაში ამ პოზიციაზე თამაში გერმანიის ნაკრების თითქმის ყველა შემტევ ნახევარმცველს შეუძლია, მაგრამ არცერთი არ არის კლასიკური ცენტრალური თავდამსხმელი. ტენდენცია კი იქითკენ მიდის, რომ ლიოვი მომავალში ხშირად შეაჩერებს არჩევანს უცენტრფორვარდო ტაქტიკაზე.
2012 წლის ბოლო ტესტ-მატჩში, ჰოლანდიასთან, იოგიმ ყველაზე წინ მარიო გიოტცე გაამწესა, ახალი წლის დასაწყისში კი, საფრანგეთთან, ცენტრფორვარდი გომესი თამაშიდან ერთ საათში მოხსნა და ბოლო ნახევარი საათი მის პოზიციასთან ყველაზე მიახლოვებულ რგოლში მესუთ იოზილი თამაშობდა.
ლიოვს ახლა სამი უმაღლესი კლასის გამთამაშებელი ჰყავს: იოზილი, რომელიც მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი ლიდერია, "ბაიერნის" ძირითადში საბოლოოდ დამკვიდრებული ტონი კროოსი და დორტმუნდის "ბორუსიას" მარგალიტი გიოტცე. ამ სამეულიდან გერმანიის ნაკრების სასტარტოში ადგილი მხოლო იოზილს აქვს გარანტირებული, რომელიც სულ რაღაც 24 წლისაა და მაინც გერმანიის ნაკრების ყველაზე ასაკოვანი გამთამაშებელია. კროოსის ადგილს იოგი უფრო კრეატიული საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ხედავს, გიოტცეს კი, დიდი შანსია, რომ სწორედ "უჩვეულო ცხრიანის" პოზიციაზე მიუჩინოს ადგილი.
ბუნდესგუნდის გამთამაშებელთა სიაში "შალკეს" ახალგაზრდა ვარსკვლავი იულიან დრაქსლერი და გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი ლუის ჰოლტბიც არიან. ლიოვმა ისინი არაერთხელ შეაქო და ფაქტია, რომ ამ ფეხბურთელებზეც დიდ იმედებს ამყარებს.
კროოსს, გიოტცეს და დრაქსლერს ფლანგებზეც შეუძლიათ თამაში და თავიანთ კლუბებში არაერთხეოლ დაუმტკიცებიათ, რომ გარემარბებადაც ვარგანან, მაგრამ ლიოვს ფლანგებზეც დიდი არჩევანი აქვს: თომას მიულერი, მარკო როისი, ლუკას პოდოლსკი, ანდრე შიურლე – იოგის გარემარბის ორი პოზიციისთვის 4 ვარსკვლავი ჰყავს. თანაც, პოდოლსკის გარდა ყველა 19-დან 24 წლამდე ასაკისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ბუნდესმწვრთნელისთვის კიდევ დიდხანს იქნება თავსატეხი.
რაც შეეხება ცენტრფორვარდს
კლოზე ფეხბურთს მაქსიმუმ 2014 წლის მუნდიალამდე ითამაშებს, გომესის ალტერნატივა კი ჯერჯერობით არ ჩანს. ლიოვი ამიტომაც ცდილობს უცენტრფორვარდო ტაქტიკის დანერგვას და მიუხედავად იმისა, რომ მისი ადგილი ნახევარდაცვის ცენტრშია, გიოტცე ბეჯითად ეჩვევა ყველაზე წინ მდგომი მოთამაშის როლს.
"მარიო გიოტცეს ამ პოზიციაზე თამაში კარგად გამოსდის, რადგან ტექნიკურია, ბურთის დამორჩილება არნახულ სივიწროვეშიც შეუძლია, კომბინაციურ ფეხბურთში იდეალური მოთამაშეა და რაც ყველაზე მთავარია, საგოლე ალღოც კარგი აქვს," - ეს ლიოვის ასისტენტ ჰანსი ფლიკის სიტყვებია.
ერთი სიტყვით, საფეხბურთო გერმანიას და ბუნდესგუნდის ქომაგებს მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ლიოვის ფორმაციის ნაკრები ხშირად კლასიკური ცენტრფორვარდის გარეშე ითამაშებს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იოახიმ ლიოვმა გერმანიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა