"ბაიერნი": რას უპირებს პეპ გვარდიოლა ამ ვარსკვლავებს?

AutoSharing Option
მას მერე, რაც გადაწყდა, რომ "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელად ინიშნება, ხოსეპ გვარდიოლას კომენტარი ან მით უმეტეს ინტერვიუ არავისთვის მიუცია. 42 წლის პეპს არ უნდა, რომ მიუნხენური გრანდის ამჟამინდელ თავკაც იუპ ჰაინკესს რამენაირად ხელი შეუშალოს და ცდილობს, არსად გამოჩნდეს.

თუმცა ფაქტია, რომ გვარდიოლამ მომავალი სეზონისთვის "ბაიერნში" საკადრო დაგეგმარებაც დაიწყო – ამას წინათ პეპი რეკორდმაისტერის ხელმძღვანელებს შვეიცარიაში შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. თუმცა საუბრის რეალური დეტალების შესახებ არავინ არაფერი იცის. არადა ყველას აინტერესებს, როგორ იქნება დაკომპლექტებული გვარდიოლას ფორმაციის "ბაიერნი", რომელ ფეხბურთელებს გაუშვებს ან
მოიყვანს და ა.შ.

დღეისათვის "ბაიერნში" მხოლოდ ერთი საკადრო საკითხია გადაწყვეტილი: მიუნხენელები 33 წლის უკრაინელ საყრდენ ნახევარმცველ ანატოლი ტიმოშჩუკს ახალ კონტრაქტს არ გაიფორმებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი ზაფხულში "ბაიერნიდან" წავა. ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, ტიმოშჩუკი კარიერას დუბაიში ან ყატარში გააგრძელებს. მომავალი სეზონის "ბაიერნზე" დაბეჯითებით სხვას ვერაფერს ვიტყვით, გერმანელი ექსპერტებისა და მიმომხილველების ვარაუდების დონეზე კი ასეთი ვითარებაა:

მარიო გომესი
მიუხედავად იმისა, რომ 27 წლის გომესს მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს და 162 შეხვედრაში 103 გოლი აქვს გატანილი, "ბაიერნში" მისი მომავალი მაინც კითხვის ნიშნის ქვეშაა. მეტიც: ექსპერტების უმრავლესობა ფიქრობს, რომ გვარდიოლას "ბაიერნში" გომესის ადგილი არ იქნება. გომესის საკითხი დიდადაა დამოკიდებული დორტმუნდის "ბორუსიადან" რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერზე. თუ პოლონელი გოლეადორი, რომელიც ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირია, მიუნხენში წელსვე გადავა, ბავარიელები გომესს ალბათ მაშინვე გაუშვებენ. "ბილდის" ცნობით, გომესს მთხოვნელები არ აკლია, რაც ლოგიკურიცაა.

წასვლის ალბათობა: 70%

არიენ რობენი
"ბაიერნის" ყოფილი მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი ამბობს, მგონია, რომ ზაფხულში არიენ რობენი მიუნხენიდან წავაო. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 64 წლის ჰიტცფელდი "ბაიერნის" პრეზიდენტ ული ჰიონესის მეგობარია, მარტო ამიტომაა დიდი შანსი, რომ 29 წლის ჰოლანდიელმა რეკორდმაისტერი მართლაც დატოვოს. დრიბლიორი რობენი გვარდიოლას მოკლეპასებიან კონცეფციას მართლაც არ შეესაბამება. მართალია, ჰიონესი და თავად რობენი ამბობენ, არაფერი გარკვეულაო, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. არიენის კონტრაქტს ვადა 2015 წლამდე აქვს.

წასვლის ალბათობა: 60%

დანიელ ვან ბუიტენი
ბელგიელი მცველი უკვე 35 წლისაა და თანაც, "ბაიერნთან" კონტრაქტი უმთავრდება. თვითონ რამდენჯერმე თქვა, რომ მიუნხენში დარჩენა უნდა, მაგრამ ახალი ხელშეკრულება მისთვის ჯერ არავის შეუთავაზებია. ცხადია, რომ მთავარი და გადამწყვეტი გვარდიოლას სიტყვა იქნება. ვან ბუიტენის კონკურენტები დაცვაში: დანტე (29 წლის), ჟერომ ბოატენგი (24) და იან კირხჰოფი, რომელიც მიუნხენს ზაფხულში, "მაინციდან" მიაშურებს. გარდა ამისა, იმ დროისთვის ჰოლგერ ბადშტუბერიც (24) გამოჯანმრთელდება და ცნობილია, რომ ბავარიელები კიდევ ერთი ცენტრალური მცველით გაძლიერებაზე ფიქრობენ.

წასვლის ალბათობა: 75%

რაფინია
27 წლის ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა "ბაიერნში" ადგილი ვერაფრით დაიმკვიდრა - მუდმივად სათადარიგოთა სკამს ახეხინებენ. თუმცა რაფინია ჩუმადაა და სკამზე ჯდომას არ აპროტესტებს, რაც მისი დარჩენის პერსპექტივაზე მეტყველებს. ბრაზილიელის კონტრაქტი 2014 წლამდეა დათარიღებული. ფაქტია, რომ თუ მიუნხენელები რაფინიას გაუშვებენ, მაშინ მასზე უკეთესი მარჯვენა მცველი უნდა მიიყვანონ და თანაც ისეთი, რომელიც სკამზე ჯდომას ასევე არ გააპროტესტებს, რადგან სასტარტოში, დაცვის მარჯვენა ფლანგი კაპიტან ფილიპ ლამს აქვს "ოკუპირებული"...

წასვლის ალბათობა: 40%

დიეგო კონტენტო
22 წლის მარცხენა მცველიც რაფინიას დარ სიტუაციაშია. "ბაიერნის" ძირითადი მარცხენა მცველი ახლა დავიდ ალაბაა და მიუნხენელები ამ უკანასკნელზე უდიდეს იმედებს ამყარებენ. კონტენტო კი მისი შემცვლელია და როცა რეკორმაისტერს სჭირდება, ეს უკანასკნელი ყოველთვის სანდო თამაშით გამოირჩევა. თანაც, სკამზე ჯდომაც არ ეთაკილება. კონტენტოს კონტრაქტს ვადა 2016 წლამდე აქვს და ცნობილია, რომ სხვა გერმანული კლუბების გარდა, იტალიური გუნდებიც ეპატიჟებიან. მისი წასვლა-დარჩენის საკითხი მეტწილად თავად კონტენტოზე იქნება დამოკიდებული.

წასვლის ალბათობა: 35%

კლაუდიო პისარო
34 წლის ფორვარდს "ბაიერნთან" კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურება. პერუელი ძირითად შემადგენლობაში თამაშს არ ითხოვს და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ მატჩში შეუძლია თავის გამოჩენა. შესაბამისად, დიდია იმის შანსი, რომ ბავარიელებმა პისაროს კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზონ – გააჩნია, რას იტყვის გვარდიოლა. თუმცა ცნობილია, რომ პისაროს ფული ძალიან უყვარს და თუ რომელიმე გუნდმა ბევრი "ჯიბის ფული" შესთავაზა, აუცილებლად წავა.

წასვლის ალბათობა: 35%

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანიაში ჰამბურგერს ხოსეპ გვარდიოლას სახელი დაარქვეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული