კარლ-ჰაინც რუმენიგე: ზეიმი ბოლოს!

AutoSharing Option

26 ტურის შემდეგ "ბაიერნი" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს 20-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და გერმანიაში ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ მიუნხენელები ჩემპიონობას სეზონის ფინიშამდე გაცილებით ადრე გაინაღდებენ. მიუხედავად ამისა, ბავარიელები გერმანიის ჩემპიონისთვის განკუთვნილ "ვერცხლის სინს" სეზონის უკანასკნელი საშინაო მატჩის შემდეგ, ანუ, ბოლოსწინა ტურში ("აუგსბურგთან" მატჩის შემდეგ) ჩაიბარებენ.

"მიუხედავად იმისა, რომ 20 ქულით ვლიდერობთ, მაინც ასე ვიტყვი: თუ ჩემპიონები გავხდებით, სინს ბოლოსწინა ტურში ჩავიბარებთ და გერმანიის ჩემპიონობას ოფიციალურად სწორედ "აუგსბურგთან" შეხვედრის შემდეგ ვიზეიმებთ," - უთხრა გაზეთ "ბილდს" რეკორდმაისტერის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

აღსანიშნავია, რომ "ბაიერნს"
ჩემპიონობის განაღდება მომდევნო ტურშივე შეუძლია: ამისათვის საჭიროა, რომ მეორე ადგილზე მყოფმა მოქმედმა ჩემპიონმა "დორტმუნდმა" "შტუტგარტთან" ვერ მოიგოს, ხოლო მიუნხენელებმა კი "ჰამბურგი" დაამარცხონ. რუმენიგეს თქმით, მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში ბავარიელები ჩემპიონობას ძალიან მოკრძალებულად იზეიმებენ, რადგან სამ დღეში "ბაიერნს" ტურინის "იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი ელის.

"თუ ახლავე გავჩემპიონდებით, საზეიმო ვახშამიც კი არ გვექნება, რადგან "ჰამბურგთან" მატჩის შემდეგ მხოლოდ "იუვენტუსთან" ჯახზე უნდა ვიფიქროთ," - აღნიშნა რუმენიგემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფრანც ბეკენბაუერი: "ბაიერნი" "ბარსას" ვერ დაემსგავსება!


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული