"აინტრახტი": ფეე ფრანკფურტში რჩება

AutoSharing Option
მოლოდინი არ გამართლდა: ფრანკფურტის "აინტრახტის" მთავარი მწვრთნელი არმინ ფეე მომავალი სეზონიდან "შალკეს" თავკაცად არ დაინიშნება!

52 წლის სპეციალისტმა "აინტრახტის" ხელმძღვანელებს შეატყობინა, რომ მზადაა კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე გააგრძელოს, რითაც ბოლო მოუღო მითქმა-მოთქმას იმის შესახებ, რომ მას გელზენკირხენელები გადაიბირებდნენ.

ფრანკფურტელებმა ფეეს ახალი ხელშეკრულების გაფორმება ორი თვის წინ შესთავაზეს და მისი დუმილი აფიქრებინებდათ, რომ მწვრთნელი, რომლის ხელშიც "აინტრახტი" ელიტაში დაბრუნდა და სენსაციურად კარგ სეზონს ატარებს, სხვა გუნდში გადავიდოდა. "შალკეს" მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი არ მალავდა, რომ არმინით სერიოზულად იყო დაინტერესებული და რაკი ფეე
მისი მეგობარია, მთელი საფეხბურთო გერმანია დარწმუნებული იყო, რომ ისინი უკვე შეთანხმებულები იყვნენ, მაგრამ ფეემ, ბევრისთვის მოულოდნელად, "აინტრახტის" შეფებს კონტრაქტის გაგრძელებაზე თანხმობა შეუთვალა და შესაბამისად, დისკუსიას "შალკეში" მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ ბოლო მოეღო.

როგორც ჩანს, ხელმძღვანელებმა ფეე დაარწმუნეს, რომ "აინტრახტის" გაძლიერებისთვის ფულს გამოუყოფენ. უკვე გადაწყვეტილია, რომ მომავალი სეზონიდან "აინტრახტში" იასპარეზებს "ფრაიბურგის" ლიდერი იან როზენტალი. ფრანკფურტელები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ახალგაზრდა ლიდერები, სებასტიან იუნგი და სებასტიან როდე შეინარჩუნონ.

არმინ ფეე "აინტრახტში" 2011 წლის ივლისიდან მუშაობს და ეს კლუბი მის სამწვრთნელო კარიერაში მეხუთე გუნდია. 52 წლის სპეციალისტი მანამდე როსტოკის "ჰანზას", "შტუტგარტს", "ვოლფსბურგს" და "ჰამბურგს" ავარჯიშებდა. საუკეთესო შედეგი ფეეს "შტუტგარტში" მოღვაწეობისას ჰქონდა - გეხსომებათ, 2007 წელს შვაბები სწორედ მისი ხელმძღვანელობით გახდნენ გერმანიის ჩემპიონები.

წინა სეზონში ფეემ "აინტრახტი" მეორედან ისევ პირველ ბუნდესლიგაში დააბრუნა და ამ სეზონში ფრანკფურტელები საშუალოდ ერთ მატჩში 1.5 ქულას აგროვებენ, რის გამოც ევროპალიგის საგზურის მოპოვების რეალური შანსი აქვთ. აღსანიშნავია, რომ "აინტრახტი" ამაზე წარმატებული ბოლოს 19 წლის წინათ, კლაუს ტოპმიოლერის მწვრთნელობის პერიოდში იყო და სხვათა შორის, მაშინ ფრანკფურტელთა რიგებში კახა ცხადაძე ასპარეზობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XXII ტურის წინ: "აინტრახტის" იარაღი ტრაპია!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული