შესაბამისად, გელზენკირხენულ კლუბში სამწვრთნელო საკითხი ისევ აქტუალური გახდა. როგორც იცით, "შალკეს" ახლა იენს კელერი ავარჯიშებს, რომელიც გუნდის დროებითი დამრიგებელია, ზაფხულიდან კი, წესით, გელზენკირხენში ახალი მწვრთნელი უნდა დაინიშნოს. ფეემდე გელზენკირხენელებს უარი "მაინცის" თავკაცმა თომას ტუხელმაც შეუთვალა და ახლა "შალკეში" სამი კანდიდატი განიხილება: რობერტო დი მატეო, მორტენ ოლსენი და მაიკ ბიუსკენსი. თუმცა, უშანსოდ არც თავად კელერია...
ჩემპიონთა ლიგაში "გალათასარაისთან" წაგების შემდეგ "შალკეში"
გუნდი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 26 ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების რეალური შანსი აქვს (მეოთხეადგილოსან "აინტრახტს" მხოლოდ ბურთების უარესი შეფარდების გამო ჩამორჩება). დღესდღეობით "შალკეს" მართლა სერიოზული პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ფეხბურთელებმა არ იციან, ვინ იქნება მათი მწვრთნელი მომდევნო სეზონიდან. არმინ ფეეს უარის შემდეგ გელზენკირხენში მოქმედ, დროებით დამრიგებლად აღიარებული იენს კელერის გარდა, კიდევ სამი სპეციალისტის კანდიდატურას განიხილავენ.
მაიკ ბიუსკენსი
ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "შალკეს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან ყველაზე ახლოს 45 წლის მაიკ ბიუსკენსია, რომელიც გელზენკირხენულ ფანობას გასაგები მიზეზების გამო ძალიან უყვარს - მაიკი ხომ ძველი შალკელია. ბიუსკენსი ბოლოს „ფიურტის“ მწვრთნელი გახლდათ, საიდანაც ცოტა ხნის წინ, თებერვალში გააგდეს და როცა ფიურტელები გელზენკირხენში ჩაიყვანა (სხვათა შორის, "ფიურტმა" "აუფ შალკეზე" 2:1 მოიგო), "შალკეს" ფანები მას დიდი ოვაციებით შეხვდნენ.
საინტერესოა ისიც, რომ ბიუსკენსი 2008 და 2009 წლებში "შალკეში" დროებით მწვრთნელად მუშაობდა. "ფიურტიდან" წასვლის შემდეგ ბიუსკენსმა თქვა, ზუსტად ვიცი, რომ ახლა "შალკეში" ყოველ კვირას ჩემზე ისაუბრებენო...
რობერტო დი მატეო
42 წლის იტალიელმა შარშან "ჩელსის" ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, მაგრამ ამ სეზონში მაინც გაათავისუფლეს და ლონდონური კლუბის ფანები მას დღემდე მისტირიან. დი მატეოს გვარს "შალკესთან" მიმართებაში დიდი ხანია, ახსენებენ და ფაქტია, რომ გელზენკირხენული კლუბის შეფობა მისი კანდიდატურით სერიოზულადაა დაინტერესებული, მაგრამ ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, დი მატეო გელზენკირხენში მუშაობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ "შალკე" ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.
მორტენ ოლსენი
"კიკერის" ინფორმაციით, "შალკეს" მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი 63 წლის დანიელ სპეციალისტ მორტენ ოლსენზეც ფიქრობს, თუმცა ეს უკანასკნელი დანიის ნაკრების დამრიგებელია და თუ დანიელები მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ, ოლსენი კონტრაქტს არაფრისდიდებით არ გაწყვეტს.
თუ მაინც კელერი?
როგორც ზემოთაც ვთქვით, თავად იენს კელერსაც აქვს თანამდებობის შენარჩუნების შანსი. ამისათვის საჭიროა, რომ "შალკემ" ამ სეზონის დარჩენილ ტურებში სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენოს და 42 წლის იენსის ხელში მინიმუმ მეოთხე ადგილზე გავიდეს, ანუ მოიპოვოს ჩემპიონთა ლიგის საგზური. სწორედ ამაზე საუბრობს მენეჯერი ჰელდტიც: "მე არასდროს მითქვამს, რომ კელერის დარჩენა გამორიცხულია. ჯერ უნდა ვნახოთ, როგორ დავასრულებთ ამ სეზონს," - ამბობს ჰორსტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"აინტრახტი": ფეე ფრანკფურტში რჩება