მატს ჰუმელსი "ბარსელონას" უახლოვდება!

AutoSharing Option
ჟურნალ "შპორტ ბილდის" ინფორმაციით, "ბარსელონას" დორტმუნდის "ბორუსიას" და გერმანიის ნაკრების მცველის, მატს ჰუმელსის გადაბირება უნდა. კატალონიური გრანდის ხელმძღვანელებს 24 წლის გერმანელი კარლეს პუიოლის იდეალურ შემცვლელად მიაჩნიათ და მის გადაბირებას ზაფხულში ეცდებიან.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ არც ჰუმელსი და არც მისი პირველი მრჩეველი "ბარსას" მტკიცე უარს არ უთვლიან.

"შპორტ ბილდი" წერს, რომ "ბარსელონამ" ზაფხულში ჰუმელსის გადაბირება მყარად გადაწყვიტა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ამ ტრანსფერის განხორციელება სპორტულ დირექტორ რაულ სანლეის დაევალა. კატალონიელები 24 წლის გერმანელ მცველს კარლეს პუიოლის შემცვლელად მიიჩნევენ
- შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელს ბოლო დროს ტრავმები სტანჯავს და ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის მხოლოდ 13 შეხვედრაში იასპარეზა.

მატსის პირველი მრჩეველი მამამისი, ჰერმან ჰუმელსია, რომელმაც "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში ერთობ ორაზროვანი კომენტარი გააკეთა:

"ბარსელონასთან" კონტაქტი არ მაქვს, კატალონიიდან მატსის შესახებ არავინ დამკავშირებია. თუმცა ჩემამდეც მოვიდა ხმები, რომ "ბარსას" ჩემი შვილი მართლაც აინტერესებს და როგორც ჩანს, რაღაც ხდება, - უთხრა უფროსმა ჰუმელსმა "შპორტ ბილდს" და იქვე დასძინა, - ყველა ამბიციურ ფეხბურთელს სურს ისეთ სუპერგრანდში თამაში, როგორიცაა "ბარსელონა". მატსის შემთხვევაში, "ბარსასთან" ერთად, ასეთი გუნდების სიაში მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედიცაა". თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, მატსი აუცილებლად სადმე გადავა."

დორტმუნდს ჰუმელსი არ ეთმობა
უფრო კონკრეტულ კითხვაზე, ითამაშებს თუ არა მისი ვაჟი "დორტმუნდში" გაისადაც, ჰუმელსის მამამ ასეთი პასუხი გასცა: "მატსი დორტმუნდში თავს შესანიშნავად გრძნობს და კლუბის ხელმძღვანელებთან იდეალური ურთიერთობა აქვს. მე ყოველთვის ასე ვამბობ: თუ კაცი ამა თუ იმ რესტორანში გემრიელად ვახშმობს, სხვაგან არ გადაინაცვლებს. მაგრამ თუ უკეთეს რესტორანს აღმოაჩენს, უნდა დაფიქრდეს, უღირს თუ არა წასვლა."

"დორტმუნდის" ხელმძღვანელებს კი თავიანთი დაცვის ბურჯი არ ეთმობათ. "ბორუსიას" მენეჯერი მიხაელ ცორკი ამბობს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჰუმელსი ჩვენთან კიდევ დიდხანს, ან სულაც კარიერის ბოლომდე დარჩესო. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში მატსმა "ბორუსიასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა და გერმანიის მოქმედ ჩემპიონს თავისი ბედი 2017 წლამდე დაუკავშირა.

გავრცელდა ცნობები, რომ მატსის ახალ კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ჰუმელსს გარკვეული თანხის სანაცვლოდ "დორტმუნდიდან" წასვლა შეუძლია, მაგრამ ცორკმა კონტრაქტის დეტალებზე ლაპარაკი არ ისურვა.

თავად ჰუმელსს შესაძლო ტრანსფერზე კომენტარის გაკეთება არ სურს - "შპორტ ბილდს" უთხრა, ასეთი საკითხები ჩემს მრჩეველს, ანუ მამაჩემს ეხება, მე კი მხოლოდ ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებულიო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მატს ჰუმელსმა ტრავმა მიიღო
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძაან მაგარი მცველია, ბარსას დახატავს
messi001
18:26 28-03-2013
0

სიახლეები პოპულარული