"შალკე": ახალი კანდიდატი მიროსლავ ჯუკიჩი

AutoSharing Option
"შალკეს" სამწვრთნელო საკითხზე ვწერდით და გელზენკირხენული კლუბის თავკაცობის კანდიდატები (ოლსენი, დი მატეო, ბიუსკენსი) ჩამოვთვალეთ და ისიც ვთქვით, რომ არც ამჟამინდელი დროებითი მწვრთნელის, იენს კელერის დარჩენაა გამორიცხული.

გავრცელებული ცნობების თანახმად, "შალკეს" მთავარი მწვრთნელის პოსტისთვის ახალი კანდიდატი გამოიკვეთა - სერბი სპეციალისტი მიროსლავ ჯუკიჩი, რომელიც ახლა ესპანური "ვალიადოლიდის" დამრიგებელია.

შეგახსენებთ, რომ ჰუუბ სტევენსის გათავისუფლების შემდეგ "შალკეს" იენს კელერი წვრთნის, რომელიც დროებით თავკაცადაა შერაცხული და მართალია, გელზენკირხენული კლუბის ხელმძღვანელები მის დატოვებას არ გამორიცხავენ, მაგრამ ფაქტია, რომ ახალ სპეციალისტსაც ეძებენ. "შალკეს" ჯუკიჩით დაინტერესება ამ უკანასკნელის
მრჩეველმა კარლოს ბოკერომ ესპანურ რადიო "კადენა სერს" დაუდასტურა.

ჯუკიჩმა "ვალიადოლიდი" 2011 წლის მარტში ჩაიბარა და მაშინ გუნდი სეგუნდა დივიზიონიდან გავარდნის კანდიდატი იყო, მაგრამ სერბმა ბრძოლისუნარიანი კოლექტივი ჩამოაყალიბა, "ვალიადოლიდი" ელიტაში დააბრუნა, ამ სეზონში კი, 28 ტურის შემდეგ ჯუკიჩის სამწყსო მე-12 ადგილზეა და გავარდნის საფრთხე ნაკლებად ემუქრება.

47 წლის სერბი მწვრთნელი მანამდე სერბეთის ეროვნულ და 21-წლამდელთა ნაკრებ გუნდებს ავარჯიშებდა; ასევე, მუშაობდა ბელგრადის "პარტიზანში", ბელგიურ "ექსელსიორსა" და ესპანურ "ერკულესში". ჯუკიჩს "ვალიადოლიდთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვინ მიხედავს "შალკეს"?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული