ერთი ეგაა, რომ "ბაიერნს" ჩემპიონობა ჯერ ოფიციალურად არ გაუნაღდებია, მაგრამ ეს შეიძლება შაბათს 27-ე ტურში გააკეთოს, რაც ბუნდესლიგის ისტორიაში მიუნხენური გრანდის მორიგი გრანდიოზული რეკორდი იქნება.
ამისათვის საჭიროა, რომ დორტმუნდის "ბორუსიამ" "შტუტგარტის" დამარცხება ვერ შეძლოს, ხოლო "ბაიერნმა" კი შაბათის საღამოს მატჩში "ჰამბურგი" დაამარცხოს.
ერთი სიტყვით, მოვლენების ამგვარად განვითარება რეალურია, მაგრამ ბავარიელები გაჩემპიონების შემთხვევაში ზეიმს არ აპირებენ, რადგან წინ "იუვენტუსთან" უმნიშვნელოვანესი ჯახი ელით და არ უნდათ, რომ კონცენტრაცია დაკარგონ.
საინტერესო იქნება ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის და ევროპალიგის საგზურებისთვის და, რა თქმა უნდა, ბრძოლა გადარჩენისთვის. ევროსაგზურებისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში ამ ტურში რამდენიმე საინტერესო დუელია: "ფრაიბურგისა" და "გლადბახის" სახით ერთმანეთს უშუალო კონკურენტები ხვდებიან, მათ კონკურენტებს კი ცხრილის ქვედა ნახევარში განლაგებულ კლუბებთან მოუწევთ ჭიდილი - "შალკე" "ჰოფენჰაიმს" მასპინძლობს, "ჰანოვერი" აუგსბურგში ჩადის, "მაინცი" "ვერდერს" დაუხვდება, ხოლო "აინტრახტი" კი კვირას უიმედო აუტსაიდერ "ფიურტს" ესტუმრება.
სხვათა შორის, კვირის მეორე შეხვედრაც საინტერესოა და კერძოდ იმ მხრივ, რომ "ვოლფსბურგის" მთავარი მწვრთნელი დიტერ ჰეკინგი "ნიურნბერგის" სახით ყოფილ გუნდს უნდა დაუპირისპირდეს.
"შალკეს" მარიკა უბრუნდება
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზურის მოპოვების უმთავრესი კანდიდატი "შალკეა", რომელიც 26 ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა და "აინტრახტს" მხოლოდ ბურთების უარესი შეფარდების (-2) გამო ჩამორჩება.
ამ ტურში "შალკე" "ჰოფენჰაიმს" მასპინძლობს და იდეაში, მოგება არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ "სოფლელები" გააფთრებით იბრძვიან გადარჩენისთვის - "ჰოფესთვის" ახლა თითოეულ ქულას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ "შალკე" სამ ქულას იოლად ვერ დაისაკუთრებს.
გელზენკირხენელებს რუმინელი თავდამსხმელი ჩიპრიან მარიკა გამოუჯანმრთელდათ, რაც კლაას-იან ჰუნტელაარის არყოფნაში დიდი შეღავათია, თუმცა იენს კელერმა ძირითად შემადგენლობაში, შესაძლოა, მაინც ფინელი ტეემუ პუკი ათამაშოს - ამ უკანასკნელმა ხომ ესპანეთს გაუტანა (1:1), რის შემდეგაც ათჯერ მეტად დაფასდა. აღსანიშნავია ისიც, რომ "ჰოფენჰაიმს" "შალკესთან" დადებითი ბალანსი (4/3/2) აქვს.
დაეხმარება "შტუტგარტი" "ბაიერნს"?
იმისათვის, რომ "ბაიერნს" ამ ტურში გაჩემპიონების საშუალება არ მისცენ, დორტმუნდელებმა შტუტგარტში უნდა მოიგონ, მაგრამ მეორემხრივ, მიუნხენური გრანდის ჩემპიონობა ისედაც გარდაუვალია და შეიძლება, "ბორუსიამ" "შტუტგარტს" თავი "არც შეაკლას" - მით უმეტეს, რომ იურგენ კლოპის გუნდს ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი დუელი ელის (სტუმრად, "მალაგასთან").
"შტუტგარტი" ცხრილში მე-12 ადგილზეა და მართალია, ბრუნო ლაბადიას გუნდს ევროზონამდე 6 ქულა აშორებს, მაგრამ ევროპალიგაში მოხვედრას შვაბები ალბათ მაინც გერმანიის თასიდან შეეცდებიან, სადაც ნახევარფინალში არიან და მეტოქედ "ფრაიბურგი" ჰყავთ.
"ბორუსია" შვაბენლანდში პოლონელი გარემარბის, იაკუბ ბლაშჩიკოვსკის (ტრავმა) გარეშე ჩადის და აქვე იმასაც გაგახსენებთ, რომ "შტუტგარტისა" და "დორტმუნდის" ბოლო ოთხი დუელიდან ოთხივე ფრედ დასრულდა - მათ შორის იყო შარშანდელი ფანტასტიკური 4:4-იც, რომელიც დორტმუნდში დაფიქსირდა. თუ დღევანდელი დუელიც ფრედ დასრულდა, ან "შტუტგარტმა" მოიგო, "ბაიერნს" მოგვიანებით გაჩემპიონების შანსი მიეცემა.
დუელი ევროპალიგისთვის
"ფრაიბურგისა" (36 ქულა) და "გლადბახის" (38) დაპირისპირება ევროპალიგის საგზურებისთვის მებრძოლი გუნდების უშუალო დაპირისპირებაა.
აღსანიშნავია, რომ "ფრაიმ" ბოლო დროს სტაბილურობა დაკარგა, რაზეც პირველ რიგში "დორტმუნდთან" (1:5) და "ვოლფსბურგთან" (2:5) წაგებები მეტყველებს. მიონხენგლადბახელები კი საკმაოდ სტაბილურად თამაშობენ და ბოლო ოთხ შეხვედრაში 8 ქულას მოუყარეს თავი.
"ფრაიბურგის" 25 წლის შემტევ მაქს კრუსესთვის ეს მატჩი განსაკუთრებულია, რადგან ამ კვირაში გადაწყდა, რომ კრუსე ზაფხულში "გლადბახის" ფეხბურთელი გახდება.
რა ეშველება "ვერდერს"? "აუგსბურგის" პროგრესი სახეზეა
საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად იბრძვის "მაინციც". თომას ტუხელის გუნდს 38 ქულა და ამ მხრივ მართლაც კარგი პერსპექტივა აქვს. მაინცელები ბრემენში ჩადიან, "ვერდერი" კი აბსოლუტურად გაუკრვეველ ვითარებაშია.
თომას შააფის გუნდი ამ სეზონში სამარცხვინოდ ასპარეზობს და ყველაზე მეტი, 51 გოლი აქვს გაშვებული. "მუსიკოსები" ევროპალიგის საგზურზე აღარც ოცნებობენ, მათ უფრო მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრებათ, მაგრამ არა იმდენად, რომ ძალიან ინერვიულონ - "ვერდერი" სარელეგაციო მე-16 ადგილზე მყოფ "აუგსბურგს" 6 ქულით უსწრებს.
თუმცა თუ ბრემენელები არ გამოსწორდებიან, შესაძლოა, გავარდნის საფრთხე მართლა რეალურად დაემუქროთ, რადგან "აუგსბურგს" პროგრესი ეტყობა...
...და დიდი შანსია, რომ აუგსბურგელებმა ამ ტურშიც სამი ქულა აიღონ, რადგან საკუთარ მოედანზე "ჰანოვერს" ხვდებიან, რომელიც გასვლით მატჩებში ძალიან ცუდად გამოიყურება (2/1/10).
ფაქტია, რომ "აუგსბურგის" ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ მირკო სლომკას გუნდის დასამარცხებლად და თუ ეს შეძლეს, "ვერდერთან" ერთად, დიუსელდორფის "ფორტუნასაც" აანერვიულებენ.
დიუსელდორფელები კი ამ ტურში "ლევერკუზენს" სტუმრობენ, თუმცა შორი გზა ნამდვილად არ აქვთ გასავლელი - დიუსელდორფიდან ლევერკუზენამდე ხომ სულ რაღაც 40 კილომეტრია.
"ფორტუნასაც" და "ბაიერსაც" ბოლო ტურებში რეგრესი აქვთ: დიუსელდორფელებმა ბოლო ოთხ ტურში მხოლოდ ორ ქულას მოუყარეს თავი, "ლევერკუზენმა" კი ზედიზედ ორი თამაში წააგო.
"ბაიერნისთვის" ახლა მთავარი "იუვენტუსია"
გაჩემპიონების შემთხვევაში, "ბაიერნში" "ჰამბურგთან" მატჩის შემდეგ ზეიმი ყველას აკრძალული აქვს.
ასე განსაჯეთ: არც ერთობლივი ვახშამია დაგეგმილი. მიზეზი გასაგებია: სამშაბათს რეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ რაუნდში "იუვენტუსს" მასპინძლობს და მიუნხენელებისთვის ეს მატჩი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გერმანიის ჩემპიონობის 27-ე ტურში გაფორმება.
"ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, გერმანიის ჩემპიონობას კი მაინც ვეღარავინ წაგვართმევს," - ეს "ბაიერნის" პრეზიდენტ ული ჰიონესის სიტყვებია. ახლა თავად განსაჯეთ, რამდენად კონცენტრირებულ "ბაიერნს" უნდა ველოდოთ "ჰამბურგთან".
ჰეკინგი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
2012 წლის 3 ნოემბერს, ანუ, პირველ წრეში, დიტერ ჰეკინგის დამოძღვრილმა "ნიურნბერგმა" "ვოლფსბურგი" გებჰარტის გოლით 1:0 დაამარცხა. დეკემბრის მიწურულს დიტერი ნიურნბერგიდან წავიდა და "ვოლფსბურგის" თავკაცად დაინიშნა და ახლა მისი გუნდი მის ყოფილ გუნდს მასპინძლობს.
ამ მატჩის მოგება ვოლფსბურგელებს უფრო სჭირდებათ, მაგრამ მიხაელ ვიზინგერის ფორმაციის "ნიურნბერგის" დამარცხება არც ისე ადვილია - ამ მწვრთნელის ხელში ფრანკებს მხოლოდ ერთი თამაში აქვთ წაგებული (3 მოგება, 5 ფრე).
კვირის მეორე მატჩი კი "ფიურტისა" და "აინტრახტის" დაპირისპირებაა - ფიურტელები ცალი ფეხით მეორე ბუნდესლიგაში არიან, ფრანკფურტელები კი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან და სამი ქულა ჰაერივით სჭირდებათ.
რეკორდმაისტერის რეკორდები
27-ე ტურში ჩემპიონობის გაფორმება ბუნდესლიგის აბსოლუტური რეკორდი იქნება. ეს რეკორდი ისედაც "ბაიერნს" ეკუთვნის - მიუნხენურმა გრანდმა 1972/73 და 2002/03 წლების სეზონში "ვერცხლის სინი" 30-ე ტურში გაინაღდა. ამაზე ადრე ბუნდესლიგა არავის მოუგია.
"ბაიერნი" ახლა 20-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. ბუნდესლიგის რეკორდი გერმანიის ჩემპიონობის 16-ქულიანი უპირატესობით მოპოვებაა, რაც ასევე "ბაიერნმა" შეძლო (2002/03 წლების სეზონში).
"ბაიერნი" ბუნდესლიგის ისტორიაში ერთადერთი გუნდია, რომელმაც ერთ სეზონში 100-ზე მეტი გოლი გაიტანა. 1971/72 წლების სეზონში მიუნხენელებმა 101 გოლის გატანა მოახერხეს. ამ რეკორდის გასაუმჯობესებლად ბავარიელებს დარჩენილ 8 ტურში 33 გოლი სჭირდებათ.
სამაგიეროდ, გაცილებით რეალურია ბურთების შეფარდების რეკორდის გაუმჯობესება: ახლა "ბაიერნის" ბურთების შეფარდება არის +58, რეკორდი კი ისევ და ისევ "ბაიერნს" ეკუთვნის +64, რაც ბავარიელებმა 1972/73 წლების სეზონში დააფიქსირეს.
ერთ სეზონში ყველაზე ცოტა გოლიც "ბაიერნს" აქვს გაშვებული (21, 2007/08 წლების სეზონში) და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბავარიული გრანდის კარი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 9-ჯერ დაილაშქრა, დიდი შანსია, რომ რეკორდმაისტერმა ეს რეკორდიც გააუმჯობესოს.
ამ ყველაფრის ფონზე რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ერთ სეზონში ყველაზე მეტი ქულა "დორტმუნდმა" დაგროვა - 81, წინა სეზონში. "ბაიერნს" ახლა ამ რეკორდის დამხობაც შეუძლია. სეზონის ყველა დარჩენილი მატჩის მოგების შემთხვევაში ბავარიელები ხომ 93 ქულას დააგროვებენ.
"ბაიერნს" მხოლოდ ერთი თამაში აქვს წაგებული და თუ დარჩენილ ტურებში არ წააგებს, 1986/87 წლების სეზონში დამყარებულ თავისივე რეკორდს გაიმეორებს - მიუნხენური გრანდი იმ სეზონშიც მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.
ჩემპიონობა საკუთარ მოედანზე წაგების გარეშე - ეს ხშირად ხდება. აი, სეზონის გასვლითი მატჩის წაგების გარეშე დასრულება კი იშვიათობაა და "ბაიერნს" სტუმრად ჯერ წაგება არ აქვს. 1986/87 წლების სეზონში "ბაიერნმა" სტუმრად ასევე არცერთი თამაში არ დათმო.
9 თამაში, 9 მოგება - ასეთია "ბაიერნის" ბალანსი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის მეორე წრეში. თუ ასე გააგრძელებენ, მიუნხენელებს კიდევ ერთი რეკორდის დამხობა შეუძლიათ - რეკორდისა, რომელიც "დორტმუნდს" ეკუთვნის: "ბორუსიამ" წინა სეზონის მეორე წრეში 47 ქულა აიღო (15 მოგება, 2 ფრე, არცერთი წაგება).
"ბაიერნს" დღეისათვის ბუნდესლიგაში ზედიზედ 9 თამაში აქვს მოგებული - კიევ ორიც და ესეც რეკორდი იქნება. აქამდე რეკორდი ზედიზედ 10 მატჩის მოგებაა, რაც "გლადბახს" (1986/87) და "ვოლფსბურგს" (2008/09) ეკუთვნით. ზედიზედ 11 გამარჯვება კი ბუნდესლიგაში არასდროს არავის ღირსებია.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ყველა ტურის შემდეგ "ბაიერნი" ლიდერობდა. პირველიდან ბოლო ტურამდე ლიდერობა ბუნდესლიგის ისტორიაში სულ 4-ჯერ დაფიქსირდა და ეს ოთხივე შემთხვევაში "ბაიერნმა" შეძლო - 1968/69, 1972/73მ 1984/85 და 2007/08 წლების სეზონებში.
"ბაიერნის" მწვრთნელი იუპ ჰაინკესი 9 მაისს 68 წლის ხდება. უკვე წყალი არ გაუვა იმას, რომ "დონ იუპი" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი მწვრთნელი იქნება. აქამდე ეს რეკორდი ვილი მულტჰაუპს ეკუთვნის, რომელმაც ბრემენის "ვერდერი" 1964/65 წლების სეზონში 61 წლის ასაკში გააჩემპიონა.
ბუნდესლიგა. XXVII ტური
30 მარტი
შალკე-ჰოფენჰაიმი 18:30
ტრავმა: უნერშტალი, კ. პაპადოპულოსი, აფელაი, ჯონსი, ჰუნტელაარი - ვიზე, კრისი, რუდი, სალიჰოვიჩი, ვუკჩევიჩი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +2=3-4, (11:12)
შტუტგარტი-დორტმუნდი 18:30
დისკვალიფიკაცია: მოლინარო (შტუტგარტი)
ტრავმა: ბა, დიდავი, კვისტი, კაკაუ, ოკაზაკი, თორუნი - ჰუმელსი, ოვომოიელა, ბლაშჩიკოვსკი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 89 თამაში: +38=23-28, (152:135)
ფრაიბურგი-გლადბახი 18:30
ტრავმა: მაკიადი, ფრაისი (ორივე ფრაიბურგი)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +7=10-6, (34:29)
მაინცი-ვერდერი 18:30
ტრავმა: ბუნგერტი, ჟუნიორ დიასი, ზაბავნიკი, მ. კალიჯური, რუკავიცა, კლასნიჩი - ვოლფი, ფრიტცი, იგნიოვსკი, იუნუზოვიჩი, აკპალა, ფიულკრუგი
ბოლო 6 მატჩი
+1=5-0 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +3=2-8, (14:26)
აუგსბურგი-ჰანოვერი 18:30
დისკვალიფიკაცია: ვერნერი - და სილვა პინტუ, მ. დიუფი
ტრავმა: იენტცში, ფილპი - ეგიმანი, ანდრეასენი, ფრანკა, ჰუსტი, შტინდლი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0=2-1, (2:4)
ფორტუნა-ლევერკუზენი 18:30
ტრავმა: ბრუნო სუარესი, ბოძეკი, ომაე - ბელარაბი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +7=12-8, (43:45)
ბაიერნი-ჰამბურგი 21:30
დისკვალიფიკაცია: ბაისტერი, იანსენი (ორივე ჰამბურგი)
ტრავმა: ბადშტუბერი - ირაჩეკი, ბერგი
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 95 თამაში: +55=21-19, (200:96)
31 მარტი
ვოლფსბურგი-ნიურნბერგი 17:30
ტრავმა: პერიშიჩი, პილარი - მარკოს ანტონიო, გებჰარტი, ჰლუშეკი, ილდიზი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=4-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +5=6-10, (25:29)
ფიურტი-აინტრახტი 19:30
ტრავმა: გაისი, ჰეფელე, შტიბერი, ტირალა - ტრაპი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=1-0, (1:1)
სატურნირო მდგომარეობა
ბომბარდირები: 19 - ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 16 - კისლინგი (ლევერკუზენი); 15 - მანჯუკიჩი (ბაიერნი); 12 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), ა. მაიერი (აინტრახტი), თ. მიულერი (ბაიერნი), სალაი (მაინცი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"