ბუნდესლიგა. XXVII ტურის შეჯამება და სიმბოლური: კლაუდიო პისაროს ტური

AutoSharing Option
ერთ მხარეს ამაყი ბავარიელები, მეორე მხარეს შერცხვენილი ჰამბურგელები - შაბათს, "ალიანს არენას" ტაბლოზე ისეთი ანგარიში ენთო, საფეხბურთო ენაზე ასტრონომიულად რომ მოვიხსენიებთ ხოლმე.

9:2-მა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა "ბაიერნის" დაუნდობლობაში და იმაშიც, რომ "ჰამბურგი" საოცრად პარადოქსული გუნდია.

ერთადერთი ჰამბურგელი, რომელიც შეგვეცოდა, მეკარე რენე ადლერია; "ბაიერნიდან" კი საუკეთესო ეპითეტებს "ბებერი" კლაუდიო პისარო იმსახურებს.

ბუნდესლიგის 27-ე ტურში რამდენიმე ფეხბურთელმა განსაკუთრებით კარგად ითამაშა. ფრაიბურგელმა მაქს კრუსემ, ლევერკუზენელებმა: ანდრე შიურლემ და შტეფან კისლინგმა, ასევე ბაიერნელმა არიენ რობენმა დუბლები შეასრულეს, დორტმუნდელმა რობერტ ლევანდოვსკიმ კი "ბორუსიას" შტუტგარტში მოაგებინა
და ამით არა მარტო "ბაიერნის" ოფიციალური გაჩემპიონება გადადო, არამედ დორტმუნდის შიდა რეკორდიც გააუმჯობესა (პოლონელმა ბუნდესლიგის ზედიზედ მეცხრე მატჩში შეძლო გოლის გატანა).

მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფეხბურთელი ერთი ვეტერანის ჩრდილში მოექცა: "ბაიერნის" პერუელ თავდამსხმელ კლაუდიო პისაროს ვგულისხმობთ, რომელმაც "ჰამბურგთან" პოკერი შეასრულა!

არადა, რეკორდმაისტერის 34 წლის ცენტრფორვარდი თავის პოზიციაზე "ბაიერნის" იერარქიაში რიგით მესამე არჩევანია - რეკორდმაისტერის თავკაცი იუპ ჰაინკესი მარიო მანჯუკიჩს და მარიო გომესს, რა თქმა უნდა, მასზე წინ აყენებს, მაგრამ ამჯერად, "იუვენტუსთან" უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, "დონ იუპმა" პისარო ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და ამ უკანასკნელმაც ძველი დრო გაიხსენა - რენე ადლერის კარში გოლები ისე გაჰქონდა, როგორც სურდა.

VideoSportall.Ge
30.03.13. ბაიერნი - ჰამბურგი 9:2


ჰაინკესი: შარშან პისარო რომ მყოლოდა...
ოთხ გოლსაც რომ თავი დავანებოთ, პისარომ კიდევ ორი საგოლე პასიც გააკეთა, მაგრამ გოლებს დავუბრუნდეთ: პარადოქსია, მაგრამ ფაქტი - გერმანიაში გამობრძმედილი თავდამსხმელისთვის ეს ბუნდესლიგაში შესრულებული პირველი პოკერი გახლდათ.

კლაუდიოს შაბათს ყველაფერი იდეალურად გამოსდიოდა, რაც, რა თქმა უნდა, "ჰამბურგის" უკანახაზელების დამსახურებაცაა, მაგრამ პისაროს შედეგს ვერანაირი არგუმენტი ვერ დააკნინებს.

"ფაქტია, რომ მთელი გუნდი შესანიშნავ ხასიათზეა. ძალიან კარგად ვითამაშეთ და მეც კარგ ხასიათზე ვიყავი. დიდი ხანია, არ მითამაშია და ვფიქრობ, უდიდესი მონდომება მეტყობოდა. მწვრთნელი მენდო და მას მადლობა ოთხი გოლით და ორი საგოლე პასით გადავუხადე. ეს ერთ-ერთი საუკეთესო საღამო იყო ჩემს კარიერაში," - თქვა მატჩის შემდეგ პისარომ.

პერუელი, რა თქმა უნდა, ჰაინკესმაც აქო და ადიდა: "ჩემთვის კლაუდიო პისარო ყოველთვის შესანიშნავი ფეხბურთელი და გოლეადორი იყო, რაც მან დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

ვიცი, რომ ბევრი აღარ აგდებდა სათვალავში, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ კლაუდიო აუცილებლად დაგვჭირდებოდა და გამოგვადგებოდა. როგორც ხედავთ, ჩემი სიტყვები გამართლდა.

შარშან სათადარიგოთა სკამზე პისარო რომ მყოლოდა, შეიძლება ჩემპიონთა ლიგის ფინალი არ წაგვეგო!
" - თქვა "დონ იუპმა".

სამაგალითო ფეხბურთი
"ბაიერნი" "ჰამბურგთან" წარმოუდგენლად დაუნდობელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ შესვენებისას "ალიანს არენის" ტაბლოზე უკვე 5:0 ენთო, ბავარიელებმა მეორე ტაიმი მაინც აგრესიულად, უდიდესი მონდომებითა და მაქსიმალური კონცენტრაციით დაიწყეს.

ჰაინკესის ბიჭები მეშვიდე და მერვე გოლების შემდეგაც კი მედგრად უტევდნენ და ბოლო წუთამდე ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მათ მიერ გატანილი გოლების გრაფაში ორნიშნა რიცხვი ჩაწერილიყო. მართალია, ეს ვეღარ მოახერხეს, მაგრამ მაინც: ეს ბუნდესლიგაში ბოლოს მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" 1984 წლის 11 ოქტომბერს, "ბრაუნშვაიგთან" შეხვედრაში შეძლო - 10:0.

დააფიქსირა და არ გაინტერესებთ, ვინ იყო მაშინ "გლადბახის" მთავარი მწვრთნელი? იუპ ჰაინკესი! მართალია, "ბაიერნმა" მეათე გოლი ვეღარ გაიტანა, მაგრამ 67 წლის "დონ იუპისთვის" ცხრა ბურთიც საკმარისი იყო იმისათვის, რომ "ბაიერნის" მხრიდან შაბათს ნაჩვენები ფეხბურთისთვის იდეალური და სამაგალითო ეწოდებინა.

"თუმცა სამშაბათს, "იუვენტუსთან" სულ სხვა ამბავი გველის. "იუვე" გაცილებით აგრესიულად გვეთამაშება", - დასძინა "ბაიერნის" დამრიგებელმა.

გაცილებით? "ჰამბურგს" "ბაიერნთან" იოტისოდენა აგრესიაც არ ეტყობოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, დიპლომატმა ჰაინკესმა ისედაც ჩაქოლილი და მიწასთან გასწორებული გუნდი მეტად აღარ გაწირა.

საწყალი რენე
ჰამბურგელთაგან შაბათს შეცოდებას მხოლოდ რენე ადლერი იმსახურებდა - მეკარე, რომელმაც ბოლო წლებში ბევრი რამ გადაიტანა, ამ სეზონში კი მართლა საოცრად კარგად თამაშობს.

ადლერს 2010 წლის მუნდიალი ტრავმის გამო გაუცდა, რის მერეც იმ მუნდიალამდე გერმანიის ნაკრების პირველ მეკარედ აღიარებულ რენეს კრიზისი დაეწყო და "ლევერკუზენიდანაც" გამოუშვეს. ახლა კი "ჰამბურგში" ძველებურად ათამაშდა და თამამად ვიტყვით, რომ კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს.

შესაბამისად, "ბაიერნთან" 2:9-ის მთავარი მსხვერპლი სწორედ ადლერი გახლდათ - მისი იმიჯი ამ ტურში დაუნდობელმა ბავარიელებმა შეიწირეს. შეიძლება, სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ ადლერს "ბაიერნის" არცერთ გოლში არ მიუძღვის ბრალი და "ჰამბურგს" სუსტი მეკარე რომ ჰყოლოდა, შესაძლოა, ამ შეხვედრაში სულაც ბუნდესლიგის რეკორდი დამყარებულიყო.

სხვათა შორის, თამაშის შემდეგ რენეს მთელმა საფეხბურთო გერმანიამ დაუყვავა და წესით, ამ 9:2-მა მის თავდაჯერებაზე არ უნდა იმოქმედოს. ყოველ შემთხვევაში, გერმანელები იმედოვნებენ, რომ არ იმოქმედებს, რადგან რენე ადლერი არა მარტო "ჰამბურგს", არამედ მთელ საფეხბურთო გერმანიას სჭირდება.

თავმოყვარეობაო?!
როცა 2:9-ს წააგებ, თუნდაც ეს ისტორიულად შესანიშნავ ფორმაში მყოფმა "ბაიერნმა" დაგმართოს, თავმოყვარეობა მინიმუმ მანამდე აღარ უნდა ახსენო, სანამ ოფიციალურ მატჩს არ მოიგებ, მაგრამ ჰამბურგელები ამ მხრივაც უთავმოყვარეონი ყოფილან.

"ალიანს არენაზე" დამთრგუნველი ანგარიშით წაგების შემდეგ ჩრდილოგერმანული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ფრანკ არნესენმა თქვა, ჩვენც გვაქვს თავმოყვარეობა და დღეს კლუბის იმიჯი ასე რომ გაითელა, ამაზე ყველა ფეხბურთელს პასუხი უნდა მოვთხოვოთო.

ამას რომ ამბობდა, არნესენი ძალიან იყო გაწიწმატებული, მაგრამ მწვრთნელი მაინც არ უხსენებია. მოგვიანებით კი "ჰამბურგის" მთავარმა შეფმა კარლ იარხოვმა განაცხადა, რომ ტორსტენ ფინკს გათავისუფლების საფრთხე არ ემუქრება:

"მწვრთნელს არ ვაგდებთ. ჩვენი გუნდის დამრიგებელი ფრაიბურგთანაც ფინკი იქნება და საერთოდ, ტორსტენი ჰამბურგში კიდევ დიდხანს იმუშავებს".

კრუსემ მომავალი თანაგუნდელები გააწბილა
სტატიის დასაწყისში მაქს კრუსე ვახსენეთ - "ფრაიბურგის" თავდამსხმელად გადაკეთებული შემტევი ნახევარმცველი, რომელმაც "გლადბახთან" დუბლი შეასრულა და აქვე შეგახსენებთ, რომ "ფრაიმ" სწორედ 2:0 მოიგო.

ეს მოვლენა განსაკუთრებით საინტერესო იმიტომაა, რომ კრუსემ უკვე გააფორმა კონტრაქტი მიონხენგლადბახელებთან და მომავალი სეზონიდან სწორედ "ბორუსიაში" ითამაშებს. ანუ კრუსემ თავის მომავალ გუნდს შეუსრულა დუბლი, რითაც საკმაოდ შეიმცირა იმის შანსი, რომ მომდევნო სეზონში ევროტურნირებზე ითამაშოს - "ფრაიბურგმა" "გლადბახს" ერთი ქულით გადაასწრო და ევროპაში გასვლის უკეთესი შანსი აქვს.

"ვერდერის" მცველი ასანი ლუკიმია
წესით, აქ და ამ კონტექსტში "მაინცის" თავდამსხმელ ადამ სალაიზე უნდა გვესაუბრა, რადგან გოლი, რომლის გამოყოფაც ამ ქვეთავში გვინდა, სწორედ მან გაიტანა და თანაც, ეს არ იყო ჩვეულებრივი გოლი - სალაიმ ბუნდესლიგის ისტორიაში ერთ-ერთი უსწრაფესი გოლი შეაგდო ("ვერდერთან" ანგარიში მე-12 წამზე გახსნა და ბუნდესლიგას ამაზე სწრაფი მხოლოდ სამი გოლი ახსოვს - თავის დროზე ულფ კირსტენს, ჯოვანი ელბერსა და პაულ ფრაიერს გოლის გასატანად 11-11 წამი ეყოთ).

მაგრამ რომ არა ბრემენელთა მცველი ასანი ლუკიმიას მოქმედება, სალაი ამ გოლს ნაღდად ვერ გაიტანდა. სწორედ ლუკიმიამ გააკეთა ის სამარცხვინო პასი, რომლის შემდეგაც ბურთს მაინცის ნახევარმცველი ანდრეას ივანშიტცი დაეუფლა; ამ უკანასკნელმა კი მაშინვე სალაი მოძებნა, რომელსაც ანგარიშის გახსნა და ისტორიაში დაფიქსირება არ გაუჭირდა.

რაკი ეს გოლი ლუკიმიას "დამსახურება" უფროა, ჩვენც სწორედ ბრემენელთა მცველზე ვამახვილებთ ყურადღებას - ასანი ლუკიმია ამ სამარცხვინო "ვერდერის" "სავიზიტო ბარათია".

ისევ კისლინგზე...
არ ვიცით, რამდენად ხშირად ურეკავს "ლევერკუზენის" გოლეადორი შტეფან კისლინგი თავის ექს-კოლეგა მარტინ მაქსს და ურეკავს თუ არა საერთოდ, ფაქტი კი ისაა, რომ შტეფანი და მარტინი საერთო ენას ნაღდად გამონახავენ და შეიძლება, საუკეთესო მეგობრებიც გახდნენ.

არც ის ვიცით, ახსოვს თუ არა კისლინგს მაქსი და ის სეზონი, როცა ეს უკანასკნელი ბუნდესლიგის ბომბარდირი ხდებოდა, გერმანიის ნაკრებში კი მხოლოდ ერთხელ მიასუნინეს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კისლინგი გოლების გატანას აგრძელებს და ისევ ყველაზე შედეგიანი გერმანელი თავდამსხმელია, ბუნდესმწვრთნელ იოახიმ ლიოვს კი კვლავინდებურად არ აინტერესებს...

Sportall.Ge

XXVII ტურის გმირი
კლაუდიო პისარო (ბაიერნი)
4 გოლი და 2 საგოლე პასი - ვინ უნდა დაგვესახელებინა ტურის გმირად, თუ არა კლაუდიო პისარო? პერუელი "ბაიერნის" სათადარიგო ცენტრფორვარდია, მაგრამ როცა იუპ ჰაინკესს სჭირდება და ათამაშებს, 34 წლის გოლეადორი იმედებს არასდროს უცრუებს.

მრავლისმნახველ და ბუნდესლიგის რეკორდსმენ ლეგიონერს კარიერაში პოკერი აკლდა და ახლა ესეც გაკეთებული აქვს...


საუკეთესო ფეხბურთელები
XXVII ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 21 2.20
2. კევინ ტრაპი აინტრახტი 26 2.40
3. მარიო გიოტცე დორტმუნდი 25 2.45
4. რენე ადლერი ჰამბურგი 26 2.66
5. თომას მიულერი ბაიერნი 23 2.76
6. ტონი კროოსი ბაიერნი 24 2.82
7. ფილიპ ლამი ბაიერნი 26 2.83
8. რომან ვაიდენფელერი დორტმუნდი 26 2.84
9. აარონ ჰანტი ვერდერი 23 2.84
10. ფაბიან გიფერი ფორტუნა 27 2.85

გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 27 18 10 28
2. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 24 20 7 27
3. თომას მიულერი ბაიერნი 23 12 12 24
4. საბოლჩ ჰუსტი ჰანოვერი 21 9 11 20
5. მარკო როისი დორტმუნდი 27 11 9 20
6. იაკუბ ბლაშჩიკოვსკი დორტმუნდი 21 9 8 17
7. მარიო გიოტცე დორტმუნდი 25 8 9 17
8. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 21 15 2 17
9. ფრანკ რიბერი ბაიერნი 21 7 10 17
10. შტეფან აიგნერი აინტრახტი 27 9 7 16

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XXVII ტური: 9 გოლი "იუვენტუსის" შესაშინებლად [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული