მიუნხენელები "ვერცხლის სინის" ოფიციალურად დასაკუთრებასთან ახლა უკვე ძალიან ახლოს არიან - თუკი წინა ტურში "ბაიერნის" გაჩემპიონება დორტმუნდის "ბორუსიას" თამაშსა და შედეგზე იყო დამოკიდებული, ახლა "ბაიერნის" ბედი "ბაიერნის" ხელშია:
თუ იუპ ჰაინკესის გუნდი ფრანკფურტში მოიგებს, გერმანიის ჩემპიონი გახდება (მნიშვნელობა აღარ აქვს, როგორ ითამაშებს დორტმუნდი აუგსბურგთან) და შეგახსენებთ, რომ ორი წელია, ბავარიული გრანდს ჩემპიონობა არ ღირსებია.
სხვამხრივ, რა თქმა უნდა საინტერესოა ევროსაგზურებისთვის ბრძოლაც:
"აუგსბურგის" შანსი
ამრიგად, დიდი შანსია, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" მოქმედ ჩემპიონად მოხსენიება უკანასკნელად გვიხდებოდეს. იურგენ კლოპის გუნდი 6 აპრილს მე-16 ადგილზე მყოფ "აუგსბურგს" მასპინძლობს და შეგახსენებთ, რომ "ბორუსიამ" ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "მალაგასთან" პირველი ბრძოლა (0:0) გადაიტანა.
აუგსბურგელები გადარჩენისთვის გააფთრებით იბრძვიან და ამ ტურში შედარებით კომფორტულ მდგომარეობაში არიან, რადგან უშუალო კონკურენტებმა, "ჰოფენჰაიმმა" და "ფორტუნამ" პარასკევს ითამაშეს, რაც იმას ნიშნავს, რომ აუგსბურგელებს ან მე-17 ადგილოსანთან უპირატესობის გაზრდის შანსი მიეცემათ, ანაც "ფორტუნასთან" მიახლოვების შანსი გაუჩნდებათ.
თუმცა ამ შანსის გამოსაყენებლად დორტმუნდში წარმატების მიღწევაა საჭირო.
"დასაკარგი არაფერი გვაქვს, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ", - აცხადებს "აუგსბურგის" მენეჯერი შტეფან როიტერი, რომელიც, სხვათა შორის, ყოფილი და თამამად შეიძლება ითქვას, ლეგენდარული დორტმუნდელია...
"გლადბახი": არანგოსთან ერთად ევროპისკენ?
მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" შარშან ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდა. "გლადბახს" არც წელს დაუკარგავს მეოთხე ადგილის დაკავების შანსი - ლუსიენ ფავრის ბიჭები "შალკეს" და "აინტრახტს" 4 ქულით ჩამორჩებიან.
თუმცა "გლადბახის" პროგრამა მინიმუმი საუკეთესო ექვსეულში მოხვედრაა. ფავრის გუნდი ახლა მე-8 ადგილზეა და ამ სეზონში არაერთხელ იყო ექვსეულში ადგილის დამკვიდრებასთან ახლოს, მაგრამ მიონხენგლადბახელებს წელს სტაბილურობა აკლიათ, რის გამოც ახლა მდევრის როლში არიან.
ამჯერად "ბორუსიას" მეტოქე აუტსაიდერი "ფიურტია", რომელიც ცალი ფეხით უკვე მეორე ბუნდესლიგაშია და შესაბამისად, "გლადბახს" სამი ქულის მოპოვება წესით არ უნდა გაუჭირდეს.
ფავრს დემსი და შტრანცლი ჰყავს დისკვალიფიცირებული. სამაგიეროდ, ბრუნდება ხუან არანგო.
კისლინგი და დიეგო ყურადღების ცენტრში
"ლევერკუზენს" მესამე ადგილს ალბათ ვეღარავინ წაართმევს, რაც "ბაიერისთვის" წარმატებაა, მაგრამ "ფარმაცევტებს" მაინც ემოციებით დატვირთული კვირა ჰქონდათ. გადაწყდა, რომ მომდევნო სეზონში გუნდს სამი ჰიიპიასა და საშა ლევანდოვსკის დუეტი კი აღარ უხელმძღვანელებს, არამედ მთავარი მწვრთნელი ერთპიროვნულად ჰიიპია იქნება, ლევანდოვსკი კი მოყვარულთა გუნდში დაბრუნდება.
ამასთან, არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ ანდრე შიურლეს გადაბირება "ჩელსის" უნდა, ლარს ბენდერით კი ლონდონის "არსენალია" დაინტერესებული.
"ვოლფსბურგთან" საშინაო მატჩში ლევერკუზენელები შეეცდებიან, რომ წინა პლანზე ისევ სპორტული მხარე წამოსწიონ და პირველ რიგში შტეფან კისლინგის იმედი აქვთ, რომელმაც ამ სეზონში ანგარიში 9-ჯერ გახსნა, ჯამში კი 18 გოლი აქვს გატანილი და ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში დორტმუნდელ რობერტ ლევანდოვსკის (20 გოლი) ერთადერთი სერიოზული კონკურენტია.
"ვოლფსბურგში" კი ლამის ყველაფერი დიეგოზეა დამოკიდებული: ბრაზილიელი გამთამაშებლის გარეშე "მგლებს" ბევრი არაფერი გამოსდით ხოლმე.
სხვათა შორის, ბუნდესლიგაში თამაშის წესები ყველაზე ხშირად სწორედ 28 წლის დიეგოს წინააღმდეგ ირღვევა (96 ფოლი).
"შალკეს" მიზანი მეოთხე ადგილია
27 ტურის შემდეგ ყველაზე მეტი გოლი "ვერდერის" კარშია გასული (52) და ლოგიკურია, რომ ბრემენული კლუბი მე-14 ადგილზეა. ერთი-ორი წარუმატებლობა და შესაძლოა, "ვერდერს" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხეც დაემუქროს.
თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ თომას შააფის გუნდს სამმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - სხვა საქმეა ის, რომ "მუსიკოსებმა" ეს სამივე მატჩი ფრედ დაასრულეს, მოგებით კი, ექვსი ტურია არ მოუგიათ.
6 აპრილს "ვერდერი" იმ "შალკეს" მასპინძლობს, რომელიც საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად, ანუ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზურისთვის იბრძვის და შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში, გელზენკირხენში "შალკემ" მოიგო (2:1) და ბარემ იმასაც გაგახსენებთ, რომ იმ შეხვედრაში პირველი ტაიმი ბრემენელებმა მოიგეს...
გაინაღდებს "ბაიერნი" ჩემპიონობას?
თავი დავანებოთ იმას, რომ "ბაიერნს" 2013 წელს ყველა შეხვედრა მოგებული აქვს, "ჰამბურგთან" 9:2-მა და "იუვენტუსთან" 2:0-მა მთელი ევროპა კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, რომ რეკორდმაისტერი ზღაპრულ ფორმაშია.
დიდი ხანია ცხადია, რომ რეკორდმაისტერის ჩემპიონობას წყალი არ გაუვა - საინტერესო მხოლოდ ისაა, როდის გაინაღდებენ მიუნხელები "ვერცხლის სინის" დაბრუნებას.
წინა ტურისგან განსხვავებით, ახლა "ბაიერნის" ბედი "ბაიერნის" ხელშია - ჰაინკესის გუნდი ფრანკფურტის "აინტრახტს" სტუმრობს და მოგების შემთხვევაში ორწლიანი პაუზის შემდეგ გაჩემპიონდება.
თუმცა არმინ ფეეს "აინტრახტი" იოლად დასამარცხებელი მეტოქე არც თვით "ბაიერნისთვისაა". ფრანკფურტელებს მეოთხე ადგილის დაკავებისა და ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის სენსაციური შანსი აქვს, პროგრამა მინიმუმი კი ექვსეულში მოხვედრა და ევროპალიგის საგზურის მოპოვებაა.
"ჰამბურგის" პირველი თამაში 2:9-ის შემდეგ
მიუხედავად იმისა, რომ წინა ტურში "ბაიერნთან" ისტორიულად სამარცხვინო მარცხი (2:9) განიცადა, ექვსეულში მოხვედრისთვის "ჰამბურგიც" იბრძვის.
მეკარე რენე ადლერმა თქვა, ასეთი წაგების შემდეგ ევროპალიგაზე საუბარი სირცხვილიაო, მაგრამ ფაქტია, რომ ჩრდილოგერმანელები მიზნად სწორედ ექსვეულში მოხვედრას ისახავენ და 6 აპრილს ამ ბრძოლაში უშუალო კონკურენტ "ფრაიბურგს" (მე-7 ადგილი) მასპინძლობენ.
ასე რომ, თუ "ჰამბურგმა" "ფრაიბურგი" დაამარცხა, ამით ფანებს გარკვეულწილად მოუბოდიშებს.
"ნიურნბერგი" ნეიტრალურ ზონაში
"ნიურნბერგი" მე-11 ადგილზეა და შეიძლება ითქვას, რომ ფრანკები ნეიტრალურ ზონაში არიან, რადგან ევროზონას 4 ქულით ჩამორჩებიან (რაც ბევრი არაა, მაგრამ კონკურენტია ბევრი), სარელეგაციო მე-16 ადგილს კი 11 ქულით უსწრებენ. ამასთან, ფრანკებს საკუთარ მოედანზე ათმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ.
"ნიურნბერგის" მეტოქე "მაინცი" კი სწორედ ევროზონაში მოხვედრისთვის გაჩაღებულ ბრძოლაშია ჩაბმული და 7 ტურია, არ დამარცხებულა.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ "მაინცმა" ამ შვიდი შეხვედრიდან ერთი მოიგო და 6 (!) ფრედ დაასრულა, ბოლო 4 შეხვედრაში კი თომას ტუხელის გუნდმა მხოლოდ სამი გოლი გაიტანა...
"შტუტგარტი" ნიდერმაიერისა და ჰარნიკის გარეშე
ტურის ბოლო შეხვედრაც ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლაა: მე-10 ადგილზე მყოფი "ჰანოვერი", რომელსაც საუკეთესო ექვსეულამდე მხოლოდ ორი ქულა აშორებს, მე-13 ადგილზე მყოფ "შტუტგარტს" მასპინძლობს.
შვაბები ევროზონისთვის ალბათ ვეღარ გაიბრძოლებენ, "ჰანოვერი" კი იმედიანადაა და ამ მატჩის მოგებას გეგმავს: "წითლები" საკუთარ მოედანზე ხომ უმეტესად ძალიან კარგად თამაშობენ (8 მოგება, 27 ქულა).
სამაგიეროდ, "შტუტგარტი" გასვლით მატჩებში უფროა წარმატებული (6 მოგება, 20 ქულა), მაგრამ ბრუნო ლაბადიას ამჯერად ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები, ნიდერმაიერი და ჰარნიკი დისკვალიფიცირებული ჰყავს.
ბუნდესლიგა. XXVIII ტური
ჰოფენჰაიმი-ფორტუნა 3:0
6 აპრილი
დორტმუნდი-აუგსბურგი 17:30
ტრავმა: ოვომოიელა - იენტცში, ფიპლი, კოო
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +2=1-0, (7:1)
გლადბახი-ფიურტი 17:30
დისკვალიფიკაცია: შტრანცლი, დემსი (ორივე გლადბახი)
ტრავმა: ჰეფელე, შმიდტგალი, შტიბერი (ყველა ფიურტი)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +1=0-0, (4:2)
ლევერკუზენი-ვოლფსბურგი 17:30
ტრავმა: თოფრაქი, ბელარაბი - პერიშიჩი, პილარი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +16=4-11, (57:44)
ვერდერი-შალკე 17:30
ტრავმა: ვოლფი, შმიტცი, ფრიტცი, იუნუზოვიჩი, ფიულკრუგი - უნერშტალი, კ. პაპადოპულოსი, აფელაი, ბარნეტა, ჯონსი, ჰუნტელაარი, ობასი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 87 თამაში: +38=18-31, (127:101)
აინტრახტი-ბაიერნი 17:30
ტრავმა: ტრაპი - ბადშტუბერი, კროოსი, ვაინრაუხი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 83 თამაში: +21=20-42, (110:158)
ჰამბურგი-ფრაიბურგი 20:30
დისკვალიფიკაცია: ბაისტერი (ჰამბურგი)
ტრავმა: ლამი, ილიჩევიჩი - კალვენტე, მაკიადი, ფრაისი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +12=9-6, (45:23)
7 აპრილი
ნიურნბერგი-მაინცი 17:30
ტრავმა: მარკოს ანტონიო, გებჰარტი, ჰლუშეკი, ნგანკამი - ბუნგერტი, მ. კალიჯური, რუკავიცა, კლასნიჩი
ბოლო 6 მატჩი
+2=4-0 +1=5-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +3=3-7, (15:20)
ჰანოვერი-შტუტგარტი 19:30
დისკვალიფიკაცია: ნიდერმაიერი, ჰარნიკი (შტუტგარტი)
ტრავმა: ეგიმანი, ანდრეასენი, ფრანკა, ჰუსტი, შტინდლი - ბა, დიდავი, კაკაუ, თორუნი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 47 თამაში: +18=7-22, (72:82)
სატურნირო მდგომარეობა
ბომბარდირები: 20 - ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 18 - კისლინგი (ლევერკუზენი); 15 - მანჯუკიჩი (ბაიერნი); 13 - მაიერი (აინტრახტი), სალაი (მაინცი); 12 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), თ. მიულერი (ბაიერნი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"