ბუნდესლიგა. XXVIII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
გერმანიის ყველა დროის ყველაზე სწრაფი ჩემპიონობის აღნიშვნა ყველა დროის ყველაზე უმარილო გამოვიდა.

"აინტრახტთან" მატჩის (1:0) დასრულების შემდეგ მიუნხენელებმა ორწლიანი ჩავარდნის შემდეგ მოპოვებული ტიტული მოედანზე ცოტა ხნით და ლუდის შხაპების გარეშე იზეიმეს. გასახდელში მხოლოდ ერთი ყუთი ლუდი დახვდათ და ნამდვილის ნაცვლად, ფოტოებს პლასტმასის "ვერცხლის სინთან" იღებდნენ.

ბოატენგმა, შაჩირიმ და გამარჯვების გოლის ავტორმა შვაინშტაიგერმა მოგვიანებით "ფეისბუქსა" და "ტვიტერზე" გასახდელში გადაღებული რამდენიმე ფოტო ატვირთეს, სადაც საზეიმო განწყობა კი კარგად ჩანს, მაგრამ აბა, რა
არის ბავარიული ზეიმი ბავარიული ლუდის შხაპების გარეშე?

ჩემპიონები გასახდელში დიდხანს არ დარჩენილან, ავტობუსს სწრაფად მიაშურეს და აეროპორტისკენ აიღეს გეზი. ფრანკფურტის სტადიონის დამლაგებლები კი ჰყვებიან, "ბაიერნის" გასახდელში მხოლოდ რამდენიმე ლუდის ბოთლი შევნიშნეთო.

სამაგიეროდ, უხვად უნახავთ მინერალური წყლის ბოთლები, გერმანიის ჩემპიონობის ზეიმის კვალი კი იქაურობას ოდნავადაც არ ეტყობოდა.

მიუნხენის აეროპორტში გერმანიის ჩემპიონებს მხოლოდ სამი (!!!) გულშემატკივარი დახვდათ, "ზებენერშტრასეზე" კი ოდენ ათ ფანს მოეყარა თავი...

ფაქტია, რომ საფეხბურთო გერმანიას ჩემპიონობის ასეთი მოსაწყენი და უხმაურო აღნიშვნა არ ახსოვს - არადა, ეს ხომ სარეკორდო დროში მოპოვებული ჩემპიონობა იყო.

"სამწუხაროა, რომ სრულყოფილი ზეიმი ავკრძალეთ, მაგრამ ჩვენ სხვა მიზნებიც გვაქვს და დაუშვებელია, რომ ამ მიზნების (ჩემპიონთა ლიგა, გერმანიის თასი) მიღწევას საფრთხე შეექმნას
", - აღნიშნა მოგვიანებით მიუნხენური გრანდის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა.

იგულისხმება ის, რომ ოთხშაბათს "ბაიერნს" ტურინში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩი აქვს და ბავარიულ სტილში გამოთრობას ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ შეიძლებოდა, გუნდზე ცუდად ემოქმედა.

გერმანიის "ახალგამომცხვარ" ჩემპიონებს ერთადაც კი არ უვახშმიათ. 

ზამერმა რიბერის დაბადების დღის აღსანიშნავი ვახშამიც აკრძალა
კვირას "ბაიერნის" ვარსკვლავი, ბუნდესლიგის ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და რეკორდმაისტერის 23-ე ჩემპიონობის უმთავრესი შემოქმედი ფრანკ რიბერი 30 წლის გახდა და თანაგუნდელებს მისთვის სიურპრიზის მოწყობა სურდათ.

კაპიტანმა ფილიპ ლამმა მიუნხენის საუკეთესო იტალიურ რესტორანში ვიზიტი დაგეგმა და ყველა მოთამაშეს შეატყობინა, მაგრამ როგორც კი ეს ინფორმაცია ბავარიული გრანდის სპორტული დირექტორის, მათიას ზამერის ყურამდე მივიდა, ზეიმი მაშინვე გადაიდო!

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ზამერმა ფეხბურთელებს რიბერის დაბადების დღის აღნიშვნაც კი აუკრძალა!

მოკლედ, გერმანიის ყველა დროის ყველაზე სწრაფი, დამსახურებული და ყველაზე გრანდიოზული ჩემპიონობის ზეიმი სასაცილოდ უხმაურო გამოდგა.

დანტე
"ბაიერნელთაგან" გერმანიის ჩემპიონობას ყველაზე გულითადად ბრაზილიელ მცველ დანტეს ვულოცავთ, რომელმაც პირველად მოიგო ბუნდესლიგა.

თუმცა საქმე მარტო ამაში არაა. ყველაზე საინტერესო ისაა, თუ როგორ განვითარდა დანტეს ბავარიული კარიერა - ეს ხომ მისი პირველი სეზონია რეკორდმაისტერში.

ბევრს გაუკვირდება, რომ ბრაზილიელ მცველს ამ სეზონში "ბაიერნის" ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული და რაც მთავარია, თითქმის ყველა შეხვედრაში მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

ერთი წლის წინ, როცა მიონხენგლადბახის "ბორუსიადან" მიუნხენურ გრანდში მისი ტრანსფერი გადაწყდა, ძალიან ცოტას თუ სჯეროდა, რომ დანტე "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდებოდა. ახლა კი, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ბრაზილიელი რეკორდმაისტერის დაცვის ბურჯია.

მათიას ზამერი
ის, რომ "ბაიერნი" ასეთი დაუნდობელი და მრისხანეა, ზედიზედ ორ სეზონში უტიტულოდ დარჩენის გარდა, ბავარიული გრანდის სპორტული დირექტორის, მათიას ზამერის დამსახურებაცაა.

"მოტცკი" ამ თანამდებობაზე გასულ ზაფხულს დაინიშნა და მას მერე, საქმის კეთებასთან ერთად, მუდმივად იმისთვის იბრძვის, რომ "ბაიერნის" ფეხბურთელებს წარმატებები თავში არ აუვარდეთ.

"აინტრახტთან" მატჩი ჯერ ხეირიანად დამთავრებულიც არ იყო, ზამერმა პირდაპირ ეთერში რომ "დაიგინა": ვინც დღეს დალიოს, არაპროფესიონალი იყოსო...

იუპ ჰაინკესი
ყველაზე მაგარი კი ბავარიელებს მაინც მწვრთნელი ჰყავთ - მრავლისმნახველი და გამობრძმედილი იუპ ჰაინკესი. ეს "დონ იუპისთვის" არ იყო პირველი ჩემპიონობა, მაგრამ სახეზე ეწერა, რომ ძალიან ბედნიერი იყო.

პრეზიდენტმა ჰიონესმა თქვა, ფეხბურთელებმა იუპი რომ აიტაცეს და აბურთავეს, თვალზე ცრემლი მომადგაო, მაგრამ ფაქტია, რომ ული ერთი წამითაც არ დაფიქრდებოდა იმაზე, ემანდ, შეცდომას ხომ არ ვუშვებთ, ამ კაცს ფაქტობრივად ძალით რომ ვაგზავნით პენსიაზე და გვარდიოლა მოგვყავსო.

ფაქტია, რომ ამ სეზონის ბოლოს "ბაიერნიდან" წასვლა თავად ჰაინკესის იდეა არ ყოფილა და როგორც უნდა შეფუთონ ეს ცვლილება რეკორდმაისტერის ბოსებმა და რაც უნდა კარგად ითამაშოს გუნდმა გაისად (ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს?), "ბაიერნის" ისტორიაში აუცილებლად ჩარჩება და გვარდიოლას ბავარიულ ეპოქას უმძიმეს წნეხად გაჰყვება მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჰაინკესის გაშვება შეცდომა იყო.

ბუნდესლიგის 20-ქულიანი უპირატესობით მოგება და სარეკორდო დროში გაჩემპიონება იმასაც ნიშნავს, რომ ჰაინკესი გვარდიოლას ურთულეს მემკვიდრეობას უტოვებს.

ბებერი ლოთი უდო
ბავარიულ მშრალ კანონზე ყველაზე საინტერესო კომენტარი ლეგენდარულმა გერმანელმა მწვრთნელმა უდო ლატეკმა გააკეთა:

"გავიგე, რომ "ბაიერნის" გასახდელში მხოლოდ ერთი ყუთი ლუდი შეუტანიათ. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ ფეხბურთელზე მხოლოდ ერთი ბოთლი იყო გათვლილი. თუ ეს მართალია და ერთ ჩემპიონობაზე ფეხბურთელს მხოლოდ ერთი ბოთლი ლუდი ეკუთვნის, გამოდის, რომ მარტო დღეს მე უკვე რვაჯერ გავხდი გერმანიის ჩემპიონი..."

Sportall.Ge

XXVIII ტურის გმირი
ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი, 2)
ამ სეზონში ბასტიან შვაინშტაიგერს მეორედ ვასახელებთ ტურის გმირად. "ბაიერნის" 28 წლის ნახევარმცველი "აინტრახტთან" პირველიდან ბოლო წუთამდე ყველასგან გამორჩეული მოთამაშე იყო. შვაინიმ იდეალური პასები არიგა და ბურთს ყველაზე ხშირად, 106-ჯერ შეეხო. ამასთან, შვაინშტაიგერმა ორთაბრძოლების 74 პროცენტი (!) მოიგო და ფრანკფურტელებს ის ერთადერთი გოლიც სწორედ მან გაუტანა.

საუკეთესო ფეხბურთელები
XXVIII ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 22 2.20
2. კევინ ტრაპი აინტრახტი 26 2.40
3. მარიო გიოტცე დორტმუნდი 26 2.46
4. რენე ადლერი ჰამბურგი 27 2.67
5. ფილიპ ლამი ბაიერნი 27 2.77
6. ტონი კროოსი ბაიერნი 24 2.78
7. თომას მიულერი ბაიერნი 24 2.80
8. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 26 2.80
9. რომან ვაიდენფელერი დორტმუნდი 26 2.83
10. დიეგო ბენალიო ვოლფსბურგი 28 2.84

გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 28 18 10 28
2. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 25 21 7 28
3. თომას მიულერი ბაიერნი 24 12 12 24
4. საბოლჩ ჰუსტი ჰანოვერი 21 9 11 20
5. მარკო როისი დორტმუნდი 27 11 9 20
6. მარიო გიოტცე დორტმუნდი 26 8 11 19
7. იაკუბ ბლაშჩიკოვსკი დორტმუნდი 21 9 8 17
8. მარიო მანჯუკიჩი ბაიერნი 21 15 2 17
9. ფრანკ რიბერი ბაიერნი 22 7 10 17
10. შტეფან აიგნერი აინტრახტი 28 9 7 16

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XXVIII ტური: ესეც ასე, "ბაიერნი" ჩემპიონია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული