ლუსიენ ფავრი: დაგავიწყდათ? "ბორუსია" მკვდარი იყო!

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონატის დამთავრებამდე 5 ტურით ადრე მიონხენგლადბახის "ბორუსია" მეშვიდე ადგილზეა და სასურველ საუკეთესო ექვსეულამდე ერთი ქულა აშორებს. შარშან "გლადბახმა", ყველასათვის მოულოდნელად, მეოთხე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა - ალბათ ამიტომაც არიან გულშემატკივრები და ექსპერტები ახლა უმაყოფილონი იმით, რომ "გლადბახი" რეალურად მხოლოდ ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვის. თუმცა "ბორუსიას" თავკაც ლუსიენ ფავრს უკმაყოფილების გაგონებაც კი არ უნდა.

კვირას "გლადბახი" უმოტივაციოდ დარჩენილ "შტუტგარტთან" 0:2 დამარცხდა, "ბორუსია პარკის" პუბლიკა კი წაგებაზე მეტად იმ ფაქტმა აღაშფოთა, რომ ფავრის ბიჭებმა შვაბებთან მატჩი, ფაქტობრივად, უშანსოდ დათმეს.
"შტუტგარტმა" ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა და აღსანიშნავია, რომ ჯერ ალვარო დომინგესმა საკუთარი კარი დალაშქრა, მერე კი მიონხენგლადბახელთა მცველების უხეშო პოზიციური შეცდომით კრისტიან გენტნერმა ისარგებლა. ერთი სიტყვით, დაცვა, რომელსაც ამ შეხვედრამდე ხუთი თამაშიდან სამში გოლი არ გაეშვა, ისევ აიჭრა.

"დაცვაში კონცენტრაცია ამ სეზონში ბევრჯერ გვაკლდა და ფაქტია, რომ ზაფხულამდე ამ საქმეს არც ეშველება. "შტუტგარტთან" ზედმეტად დაძაბულებიც ვიყავით და ბურთს ხშირად სულელურად ვკარგავდით," - აცხადებს "გლადბახის" შვეიცარიელი დამრიგებელი. მას კარგად ესმის, რომ თუ მომდევნო სეზონში ევროპალიგაში თამაში უნდა, "ბორუსიამ" ქულები აღარ უნდა დაკარგოს: "თუმცა დარჩენილ ტურებში სხვა გუნდებს არ უნდა ვუყუროთ, მხოლოდ ჩვენს თამაშსა და შედეგებზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები."

ფავრი ზოგადად გულშემატკივრების მოქმედებებითაა უკმაყოფილო. "ფიურტთან" 1:0-ზე მოგებულ მატჩში ფანებმა, მისი აზრით, გუნდს ნაადრევად აუტეხეს სტვენა.

"გასაგებია, რომ ჩვენგან გაცილებით მეტს მოელიან და რაკი შარშან მეოთხე ადგილზე გავედით, წელსაც მინიმუმ საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა გვმართებდა, მაგრამ მე მინდა ყველას გავახსენო, რომ როცა "გლადბახში" დავინიშნე, "ბორუსია" ფაქტობრივად მკვდარი იყო! და სწორედ ასეთი გუნდისგან შევქმენი კოლექტივი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. რატომ დაგვეწყო ამ სეზონში რეგრესი? იმიტომ, რომ ზაფხულში ისეთი შესანიშნავი ფეხბურთელები გამიყიდეს, როგორებიც არიან დანტე, მარკო როისი და რომან ნოიშტედტერი. "ბაიერნისა" და "დორტმუნდის" ნახევარფინალში გასვლაში დანტეს და როისს ლომის წვლილი მიუძღვით, ხოლო ნოიშტედტერი "შალკეს" წამყვანი ნახევარმცველია. ხომ გახსოვთ, ვამბობდი, ძალიან რთული სეზონი გველის-მეთქი," - ამბობს შვეიცარიელი სპეციალისტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუსიენ ფავრი: ასე ვერ გავფრინდებით!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული