გერმანიის თასი. ნახევარფინალი: ბავარიული ექსპრესი ბერლინს მიადგა

AutoSharing Option
სენსაცია, რა თქმა უნდა, არც ამჯერად მოხდა: ისტორიულად გამორჩეულ ფორმაში მყოფმა "ბაიერნმა" გერმანიის თასის ნახევარფინალში "ვოლფსბურგი" მიწასთან გაასწორა და ბერლინის ფინალში მონაწილეობა გაინაღდა.

თუმცა, რაღა მონაწილეობა - განა არსებობს ვინმე, ვინც ფიქრობს, რომ მიუნხენურ გრანდს ფინალის წაგება შეუძლია?

არადა, იდეაში, თასის ფინალში გასვლა "ვოლფსბურგს" უფრო სჭირდებოდა, რადგან ეს "მგლებისთვის" ევროპალიგაში მოხვედრის უკანასკნელი შანსი იყო, მაგრამ ამ სეზონში "ბაიერნთან" მიმართებაში მხოლოდ ერთი ლოგიკა არსებობს: ბავარიულ გრანდს ყველა თამაშის და ყველა ტიტულის მოგება უნდა და რაც ყველაზე მთავარია, ბაიერნელები ამისათვის ყოველთვის ყველაფერს
აკეთებენ...


გიგანტური გომესი
ჩვენი გერმანელი კოლეგები ფეხბურთელს შეფასებას მხოლოდ იმ შემთხვევაში უწერენ, თუ მოედანზე მინიმუმ 15 წუთს გაატარებს, მარიო გომესი კი თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გამონაკლისი დაუშვეს და საუკეთესო შეფასება დაუწერეს.

27 წლის ფორვარდმა ხსენებულ დროს მარიო მანჯუკიჩი შეცვალა და 6 წუთში სამი გოლი გაიტანა - მარიომ სულ სამჯერ დაარტყა და სამივე დარტყმა გოლად აქცია! ერთი ჯერდან შაჩირიმ გაატანინა (80), ორჯერ კი ბასტიან შვაინშტაიგერთან გათამაშებული კომბინაციების შემდეგ იხეირა (83, 86).

ეს ჰეთ თრიქი გომესს ძალიან დაეხმარება იმაში, რომ ან "ბაიერნში" გაიუმჯობესოს პოზიციები, ანაც სხვა გუნდები დააინტერესოს. ბოლო დროს ხომ აშკარად გამოჩნდა, რომ გომესი "ბაიერნში" არა მარტო მანჯუკიჩს, არამედ, ბევრის აზრით, კლაუდიო პისაროსაც კი ჩამორჩა, რის გამოც მისმა მრჩეველმა პრესაში განგაში ატეხა, ასე გაგრძელება არ შეიძლებაო და სხვა გუნდების ძიებას შეუდგა.

"ბილდის" ინფორმაციით, მარიოს გადაბირებით უკვე დაინტერესდნენ ინგლისური გრანდები: "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი". გომესს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს გაფორმებული და დაახლოებით 35 მილიონ ევროდაა შეფასებული.

ჰიონესი: ეს უკვე თითქმის სრულყოფილებაა!
...თუმცა ბავარიელებმა ვოლფსბურგელებს საქმე გომესის ჰეთ თრიქამდე მოუთავეს. მატჩის შემდეგ რეკორდმაისტერის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა თქვა, ეს უკვე თითქმის სრულყოფილებაა, ამაზე უკეთესი და უფრო ეფექტური ფეხბურთის თამაში, ფაქტობრივად, წარმოუდგენელიაო.

ჯერ არიენ რობენის პასით მანჯუკიჩმა ანგარიში გახსნა, მერე კი თავად რობენმა შეირგო შაჩირის პასი და 35-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახდა. შესვენებამდე დიეგომ ერთი გაქვითა და მეორე ტაიმისთვის თანაგუნდელებს იმედი დაუტოვა, მაგრამ დაიწყო თუ არა მეორე ნახევარი, ხუთ წუთში შაჩირიმ მესამედ აიღო ბენალიოს კარი, რითაც მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.

მერე კი, სულ ბოლოს, იყო გომესის ბლიც-ჰეთ თრიქი და "მგლების" საბოლოო დასამარება.

ამრიგად, უდიდესი ბიუჯეტის მქონე "ვოლფსბურგი", რომელიც მსოფლიო ავტოგიგანტი "ფოლკსვაგენის" კმაყოფაზეა და ისეთი მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები ჰყავს, როგორებიც არიან ბენალიო, კიაერი, ნალდო, დიეგო და დოსტი, ევროტურნირების გარეშე დარჩა (ბუნდესლიგაში საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის შანსი, ფაქტობრივად, აღარ აქვთ).

სამაგიეროდ, მეორე ფინალისტი აუცილებლად ითამაშებს ევროპალიგაში, რადგან "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა აქვს განაღდებული...

გერმანიის თასი. 1/2-ფინალი
ბაიერნი-ვოლფსბურგი 6:1
გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (17), 2:0 რობენი (35), 2:1 დიეგო (45), 3:1 შაჩირი (50), 4:1 გომესი (80), 5:1 გომესი (83), 6:1 გომესი (86)
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, კონტენტო - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - რობენი (74. რაფინია), თ. მიულერი (63. ლუის გუსტავო), შაჩირი - მანჯუკიჩი (77. გომესი).
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ფაგნერი (61. დოსტი), ნალდო, მადლუნგი, როდრიგესი - მედოიევიჩი, პოლაკი (73. ტრეში) - ჰასებე, დიეგო, ვიეირინია - ოლიჩი (73. ჰელმესი).
გაფრთხილება: შვაინშტაიგერი - ნალდო, პოლაკი
მაყურებელი: 71 000

შტუტგარტი-ფრაიბურგი 2:1
გოლები 1:0 ბოკა (9), 1:1 როზენტალი (14), 2:1 ჰარნიკი (29).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული