ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ოცნებები ევროპაზე და გავარდნის შიში

AutoSharing Option
"ბაიერნის" გაჩემპიონების შემდეგ გერმანიის ჩემპიონატის ბოლო ტურებს ფონად ევროტურნირების საგზურებისთვის და გადარჩენისთვის ბრძოლა გასდევს და ბუნდესლიგა უკვე ამ მხრივად დასკვნით ფაზაში შედის.

ყველა ხვდება, რომ დორტმუნდის "ბორუსია" გაისად აუცილებლად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაში, მაგრამ იურგენ კლოპის გუნდს ამ ტურში ლიგის საგზურის ოფიციალურად განაღდება შეუძლია.

ყველა ხვდება, რომ "ფიურტის" გადარჩენა შეუძლებელია, მაგრამ უიმედი აუტსაიდერი მეორე ბუნდესლიგაში ოფიციალურად შეიძლება სწორედ ამ ტურში დაქვეითდეს.

დორტმუნდს მაინცის შემდეგ რეალი ელის
დორტმუნდელთათვის ალბათ მაინც სულერთია ის, რომ ამ ტურში ჩემპიონთა ლიგის საგზურის განაღდება ოფიციალურად შეუძლიათ, რადგან
ამაში ეჭვი ისედაც არავის ეპარება - ისევე, როგორც "ბაიერნის" ჩემპიონობა იყო გარდაუვალი.

მეტიც: საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "ბორუსიას" მეორე ადგილის განაღდებული აქვს. შესაბამისად, დორტმუნდელები "მაინცთან" საშინაო მატჩის დროს სავარაუდოდ უფრო მადრიდის "რეალთან" მოახლოვებულ პაექრობაზე იფიქრებენ.

დიდი შანსია, რომ "ბორუსიას" თავკაცმა იურგენ კლოპმა როტაციას მიმართოს. შეგახსენებთ, რომ დორტმუნდელთა გოლეადორ რობერტ ლევანდოვსკის ზედიზედ 11 შეხვედრაში გაჰქონდა და თუ ათამაშეს, ამ სარეკორდო მაჩვენებლის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ეცდება.

"მაინცის" მოტივაცია კი საუკეთესო ექვსეულში მოხვედრაა და თომას ტუხელის გუნდს ამ მიზნამდე ახლა სამი ქულა აშორებს.

შეგახსენებთ, რომ კლოპი "მაინცის" ყოფილი დამრიგებელია და ამ კლუბის ხელმძღვანელებთან დღემდე მეგობრული ურთიერთობა აქვს, მაინცელი ფანები კი დღემდე მასზე შეყვარებულები არიან. ბარემ იმასაც გაგახსენებთ, რომ კლოპმა ნევენ სუბოტიჩი დორტმუნდში სწორედ მაინციდან წაიყვანა...

"დორტმუნდს" ცხრილში "ლევერკუზენი" მოსდევს, რომელიც ამ ტურში "ჰოფენჰაიმს" მასპინძლობს. "ბაიერმა" წინა ტურში "შალკეს" დამარცხება ვერ შეძლო (2:2), თუმცა მესამე ადგილი და გელზენკირხენულ კლუბთან 4-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

იმისათვის, რომ თავი მშვიდად იგრძნონ, ლევერკუზენელებს ჰოფენჰაიმელებთან სამი ქულა სჭირდებათ, მაგრამ დისკვალიფიცირებული თოფრაქის გარეშე დარჩენილ "ბაიერს" იოლი თამაში არ ელის.

"ჰოფენჰაიმი" გადარჩენისთვის გააფთრებით იბრძვის და თანაც, "სოფლელებს" მარკუს გისდოლის ხელში პროგრესი დაეტყოთ.

ბაიერნი: მეორე წრის მე-13 გამარჯვება?
შესანიშნავ ფორმაში მყოფ "ბაიერნთან" ჭიდილი ამჯერად "ჰანოვერს" მოუწევს - გუნდს, რომელსაც საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის იმედი არ დაუკარგავს და რომლის ხელმძღვანელობაში აშკარა კრიზისია. სწორედ ამის დასტური გახლავთ ის, რომ ბოსებმა მენეჯერ იორგ შმადტკეს უფლებამოსილება მოუხსნეს.

წინა ტურში "ჰანოვერი" ფრაიბურგში დამარცხდა და კიდევ უფრო მოშორდა საუკეთესო ექვსეულს, ახლა კი, მირკო სლომკას გუნდს თვით "ბაიერნთან" ექნება საქმე.

რეკორდმაისტერს კი, როგორც იცით, მეორე წრის ყველა, თორმეტივე თამაში მოგებული აქვს და გერმანიის თასის ნახევარფინალშიც იოლი გასეირნება მოიწყო (6:1 ვოლფსბურგთან).

წინა ტურში, "ნიურნბერგთან" იუპ ჰაინკესმა ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა, მაგრამ მიუნხენელებმა ფრანკებს მაინც იოლად გადაურბინეს (4:0). აღსანიშნავია, რომ "ბაიერნს" ჰანოვერში ორი წელია, არ მოუგია! ბოლო ორი სტუმრობის შემდეგ ბავარიელები ჰანოვერიდან ხელცარიელები გაბრუნდნენ...

შალკე ფრანკფურტში
მხოლოდ ერთი მოგება ბოლო 9 მატჩიდან და 3 ფრე - რა გასაკვირია, რომ სენსაციური "აინტრახტი" მეოთხედან მეექვსე ადგილზე ჩამოქვეითდა და ახლა ექვსეულს მიღმა დარჩენის საფრთხეც ემუქრება.

არმინ ფეეს გუნდი ახლა სწორედ უშუალო კონკურენტ "შალკეს" მასპინძლობს - გუნდს, რომელსაც პროგრესი დაეტყო (5 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება ბოლო 8 ტურში).

ფრანკფურტელებს ძალიან დააკლდებათ ტრავმირებული კაპიტანი შვეგლერი და ლიდერი ალექს მაიერი, წამყვანი მარჯვენა მცველი სებასტიან იუნგი კი დისკვალიფიცირებულია. შესაბამისად, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ფეე ძირითადში ახალგაზრდა შტენდერას ათამაშებს.

ჰამბურგი სტაბილურობის ძიებაში
"ჰამბურგმა" საკუთარ მოედანზე ზედიზედ ორჯერ 0:1 წააგო, ამ წაგებებს შორის კი "ბაიერნთან" 2:9 განადგურდა, წინა ტურში კი ამბიციური "მაინცის" დამარცხება შეძლო და ერთი სიტყვით, ტორსტენ ფინკის გუნდი ძველებურად ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილურია.

მიუხედავად ამისა, "ჰამბურგი" ევროზონას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება და ჯერ კიდევ აქვს ევროპალიგაში მოხვედრის იმედი. ჰამბურგელები ამჯერად დიუსელდორფის "ფორტუნას" მასპინძლობენ - გუნდს, რომელიც გასავარდნ ზონასთან ყველაზე ახლოსაა და შესაბამისად წაგება აკრძალული აქვს.

შაბათის საღამოს მატჩი კი "ვერდერისა" და "ვოლფსბურგის" დაპირისპირებაა. ბრემენელები და "მგლები" ცხრილის ქვედა ნაწილში არიან, თუმცა მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე სერიოზულად არ ემუქრებათ.

ამასთან, ამ მატჩის ინტრიგა "მგლების" სპორტული დირექტორი კლაუს ალოფსიცაა, რომელიც "ვერდერიდან" "ვოლფსბურგში" გადაბარგების შემდეგ ბრემენში პირველად ჩადის.

შტუტგარტი-ფრაიბურგი, მეორე რაუნდი
კვირის პირველი მატჩი "შტუტგარტისა" და "ფრაიბურგის" ჯახია. ეს გუნდები ერთმანეთს ოთხშაბათსაც (გერმანიის თასის ნახევარფინალში) შეხვდნენ და ის მატჩი "შტუტგარტმა" 2:1 მოიგო, რითაც არა მარტო გერმანიის თასის ფინალში თამაში, არამედ ევროპალიგაში ასპარეზობაც გაინაღდა.

სწორედ ეს მიზანი აქვს "ფრაიბურგსაც", რომელიც 29 ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა და გამორიცხული არც ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვისაც კი გაიბრძოლოს.

30-ე ტურს "ნიურნბერგისა" და "ფიურტის" დერბი დახურავს, რომელმაც ბოლოადგილოსანი მეორე ბუნდესლიგაში, შესაძლოა, ოფიციალურად გაისტუმროს...


ბუნდესლიგა. XXX ტური
გლადბახი-აუგსბურგი 1:0

20 აპრილი
დორტმუნდი-მაინცი 17:30
ტრავმა: ოვომოიელა, კელი - ჰ. მიულერი, ბუნგერტი, კირხჰოფი, ზაბავნიკი, ედე, ჩუპო-მოტინგი, კლასნიჩი
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +5=6-2, (16:10)

ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი 17:30
დისკვალიფიკაცია: თოფრაქი (ლევერკუზენი)
ტრავმა: ბელარაბი - გომეში, აბრაამი, კრისი, გრიფო, ვუკჩევიჩი, დერდიოკი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +8=1-0, (22:7)

ჰანოვერი-ბაიერნი 17:30
ტრავმა: ეგიმანი, ფელიპე, ანდრეასენი, ფრანკა, ჰუსტი - ბადშტუბერი, კროოსი, მანჯუკიჩი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 47 თამაში: +9=8-30, (50:125)

ჰამბურგი-ფორტუნა 17:30
დისკვალიფიკაცია: ბაისტერი (ჰამბურგი)
ტრავმა: ილიჩევიჩი, ბერგი - ბრუნო სუარესი, რამირესი, ბოძეკი, ბოლი, გარბუშევსკი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 45 თამაში: +20=12-13, (83:64)

აინტრახტი-შალკე 17:30
დისკვალიფიკაცია: ს. იუნგი (აინტრახტი)
ტრავმა: ტრაპი, კიტელი, მაიერი, შვეგლერი - უნერშტალი, მეტცელდერი, კ. პაპადოპულოსი, აფელაი, ფარფანი, ჰუნტელაარი, ობასი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 77 თამაში: +27=20-30, (116:117)

ვერდერი-ვოლფსბურგი 20:30
ტრავმა: თრაობული, აკპალა, ფიულკრუგი - კირიაკოსი, პერიშიჩი, პილარი
ბოლო 6 მატჩი
+0=4-2 +1=4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +13=7-11, (59:47)

21 აპრილი
შტუტგარტი-ფრაიბურგი 17:30
ტრავმა: ბა, დიდავი, კაკაუ, თორუნი - ტერაცინო, ფრაისი

ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +15=2-10, (40:34)

ნიურნბერგი-ფიურტი 19:30
დისკვალიფიკაცია: პინოლა (ნიურნბერგი)
ტრავმა: მარკოს ანტონიო, გებჰარტი, ჰლუშეკი - შმიდტგალი, შტიბერი, ტირალა
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0=1-0, (0:0)

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
ბომბარდირები: 22 - ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 19 - კისლინგი (ლევერკუზენი); 15 - მანჯუკიჩი (ბაიერნი); 13 - ა. მაიერი (აინტრახტი), სალაი (მაინცი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული