ბუნდესლიგა. XXVIII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები: თომას შააფის დღეები დათვლილია?

AutoSharing Option
თითქმის 14 წელია, რაც თომას შააფი ბრემენის "ვერდერის" მთავარი მწვრთნელია, მაგრამ მისი და ბრემენული კლუბის თანამშრომლობა დაუსრულებელი აღარ გვეჩვენება. "ვოლფსბურგთან" 0:3-ზე განადგურების შემდეგ საფეხბურთო გერმანიაში ღიად ალაპარაკდნენ იმაზე, რომ 51 წლის შააფის დღეები "ვერდერის" თავკაცის რანგში დათვლილია. საქმე იმაშია, რომ "ვერდერს" უკვე 9-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, გასავარდნი ზონის სიახლოვეს ტრიალებს და ფაქტობრივად, ცეცხლს ეთამაშება.

"გუნდს ვერაფრით ვაპატიებ იმას, რაც "ვოლფსბურგთან" შეხვედრაში ვნახე. ფეხბურთელებმა მწვრთნელს ზურგი აქციეს! დღეს ისე ცუდად ვითამაშეთ, რომ უკვე სერიოზულად მეშინია, მეორე ბუნდესლიგაში არ აღმოვჩნდეთ," - განაცხადა
მატჩის შემდეგ ბრემენელთა მენეჯერმა თომას აიხინმა.

ამ 14 წლის განმავლობაში შააფს ასეთი უიმედო გამომეტყველება არასდროს ჰქონია. "ვერდერი" განსაკუთრებით მეორე წრეში გაუფერულდა, თამაშებს ვერაფრით იგებს და ბუნდესლიგაში ყველაზე მეტ გოლს უშვებს. შააფმა, რა თქმა უნდა, ბევრი რამ სცადა, მაგრამ მისი ყველა ქმედება კრახით მთავრდება. 10 თამაშია, "ვერდერს" კარი მშრალად არ შეუნახავს, ბოლო ხუთ შეხვედრაში კი 10 გოლი გაუშვა.

შააფი ფეხბურთელების მოტივირებასაც შეეცადა - ელჯერო ელია და მარკო არნაუტოვიჩი რამდენიმე კვირა სკამზე დასვა, მაგრამ ამან ფეხბურთელებზე უარესად იმოქმედა. თომასმა ტაქტიკა და განლაგებაც არაერთხელ შეცვალა, მაგრამ უშედეგოდ.

"თუ მე ვარ პრობლემა, გადავდგები! გუნდის ფაქტორი ჩემზე გაცილებით მნიშვნელოვანია. "ვერდერს" თითქმის 14 წელია, ვემსახურები, მაგრამ გადადგომა არ გამიჭირდება," - ეს თავად შააფის სიტყვებია. თუმცა ხელმძღვანელები მის გათავისუფლებას (ჯერ) არ აპირებენ. აიხინმა თქვა, რომ თომასს ჯერ კიდევ ენდობა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დიდხანს აღარ გაგრძელდება.

მომდევნო ტურში "ვერდერი" "ლევერკუზენს" სტუმრობს და იქაც რომ დამარცხდეს, თუ მანამდე არ წავიდა, შააფს მერე ნაღდად ვეღარავინ გააჩერებს.

კისლინგს ლეგენდამდე 2 გოლი აკლია
"ჰოფენჰაიმთან" მატჩში შესრულებული დუბლის შემდეგ "ლევერკუზენის" გოლეადორი შტეფან კისლინგი (21 გოლი ამ სეზონში) კლუბის ლეგენდის სტატუსს მიუახლოვდა. კიდევ ორი გოლიც და კისლინგი "ბაიერის" რეკორდსმენი ულფ კირსტენის რეკორდს მოხსნის! საქმე იმაშია, რომ კირსტენმა ორჯერ შეძლო ერთ სეზონში 22-22 გოლის გატანა და ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი (1997, 1998) გახდა, კისლინგს კი ამ სეზონში უკვე 21 გოლი აქვს და ახალი რეკორდის დასამყარებლად კიდევ 4 ტური აქვს.

"გავიგე, რომ ულფი ძალიან ნერვიულობს. უნდა დავურეკო და მოვიკითხო," - თქვა კვირას კისლინგმა, რომლის გერმანიის ნაკრებში დაბრუნებას უკვე მთელი საფეხბურთო გერმანია ითხოვს.

"შტეფანი ძალიან მაგარი თავდამსხმელია და მიმაჩნია, რომ არა მარტო რეკორდს, არამედ ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირობასაც იმსახურებს. კისლინგის გარეშე "ლევერკუზენი" ვერ წარმომიდგენია," - ეს თავად კირსტენის სიტყვებია, რომელსაც "ლევერკუზენის" ფორმით ჯამში 182 გოლი აქვს გატანილი...

XXX ტურის სიმბოლური ნაკრები, ლელოს ვერსიით
(4-1-3-2)

Sportall.Ge

XXX ტურის გმირი
ოკა ნიკოლოვი (აინტრახტი)

ზედიზედ მესამე ტურია, "აინტრახტის" კარს ვეტერანი ოკა ნიკოლოვი იცავს და ზედიზედ მესამე ტურია, თითქმის 39 წლის მეკარეს თერთმეტმეტრიანს ვერ უტანენ. წინის წინა ტურში ძელს მოარტყეს, წინა ტურში ააცილეს, ახლა კი პენალტი თავად აიღო - მიშელ ბასტოსს აუღო, რითაც ფრანკფურტულ კლუბს "შალკესთან" 3 ქულა გადაურჩინა. მანამდე ნიკოლოვს პენალტები კალსენ-ბრაკერმა (აუგსბურგი) და ალაბამ (ბაიერნი) ვერ გაუტანეს და რასაკვირველია, ასეთი რამ ბუნდესლიგის ისტორიაში პირველად მოხდა.

"ამაში ფანტასტიკური არაფერია, უბრალოდ, გამიმართლა," - მოკრძალებულად თქვა ოკამ, მაგრამ მისი საერთო შედეგი ნამდვილად არაა მოკრძალებული: 33 პენალტიდან ნიკოლოვს 9 მოგერიებული აქვს და ამ შედეგით მან ზეპ მაიერის, ული შტაინისა და იორგ ბუტის მიღწევები გაიმეორა, ბუნდესლიგის ამჟამინდელ მეკარეებს შორის კი სულაც საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

"აინტრახტის" ხელმძღვანელები 39 წელს მიტანებულ ნიკოლოვს, რომელიც ახლა ტრავმირებულ კევინ ტრაპს ცვლის, კონტრაქტს კიდევ ერთი წლით უგრძელებენ.

საუკეთესო ფეხბურთელები
XXX ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 24 2.18
2. კევინ ტრაპი აინტრახტი 26 2.40
3. მარიო გიოტცე დორტმუნდი 28 2.46
4. რენე ადლერი ლევერკუზენი 29 2.67
5. ფილიპ ლამი ბაიერნი 27 2.77
6. ჯერდან შაჩირი ბაიერნი 22 2.78
7. ტონი კროოსი ბაიერნი 24 2.78
8. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 26 2.80
9. თომას მიულერი ბაიერნი 25 2.80
10. დიეგო ბენალიო ვოლფსბურგი 30 2.83

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 30 21 10 31
2. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 27 23 7 30
3. თომას მიულერი ბაიერნი 25 12 12 24
4. მარიო გიოტცე დორტმუნდი 28 10 12 22
5. იაკუბ ბლაშჩიკოვსკი დორტმუნდი 23 10 11 21
6. მარკო როისი დორტმუნდი 28 12 9 21
7. საბოლჩ ჰუსტი ჰანოვერი 21 9 11 20
8. ფრანკ რიბერი ბაიერნი 24 8 11 19
9. ვედად იბიშევიჩი შტუტგარტი 27 13 4 17
10. მაქს კრუსე ფრაიბურგი 30 10 7 17

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XXX ტური: ბაბუა ოკამ "შალკე" შოკში ჩააგდო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
რენე ადლერი რომ ჯერ კიდევ ლევერკუზენში თამაშობდა, არ ვიცოდი :-))
Giorgipirweli
10:58 23-04-2013
0

სიახლეები პოპულარული