ფრანკ რიბერი: ჩვენ და "ბარსელონა" ერთ დონეზე ვართ!

AutoSharing Option
"ბაიერნი" გასაოცარ სეზონს რომ ატარებს, ეს, პირველ რიგში, ფრანკ რიბერის დამსახურებაა. მიუნხენური გრანდის 30 წლის ფრანგი დრიბლიორი შესანიშნავ ფორმაშია, რაც ბუნდესლიგაშიც არაერთხელ დაამტკიცა და ჩემპიონთა ლიგაშიც.

"ბარსასთან" უმნიშვნელოვანესი დუელის წინ რიბერის გაზეთ "მიუნხენერ თაგესცაითუნგის" ჟურნალისტი გაესაუბრა.

- ჰერ რიბერი, "ბაიერნისა" და "ბარსელონას" დუელები უაღრესად საინტერესო იქნება. "ბარსასთან" მატჩებისგან პირადად თქვენ რას ელით?
- ეს ორი უდიდესი გუნდის ორი შესანიშნავი მატჩი იქნება. "ბარსელონა" დღესდღეობით საუკეთესოა, მაგრამ "ბაიერნიც" ისტორიულად იდეალურ ფორმაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან მაგარი თამაშები გველის.

ოდნავადაც არ მიკვირს,
რომ ევროპას ჩვენი და "ბარსას" მატჩები უფრო აინტერესებს, ვიდრე მეორე ნახევარფინალი, სადაც ერთმანეთს ჩვენი კონკურენტები - დორტმუნდის "ბორუსია" და "რეალი" ხვდებიან.

ორივე მატჩი უმაღლეს დონეზე უნდა ჩავატაროთ - "ბარსას" დამარცხების შანსი მხოლოდ ამ შემთხვევაში გვექნება.

- "ბარსელონა" ევროპაში უძლიერეს გუნდად მიგაჩნიათ?
- "ბარსას" ყველა იცნობს. სამი-ოთხი წელია, ყველაზე მაგრები არიან, მაგრამ ჩვენც უდიდესი პროგრესი განვიცადეთ. "ბაიერნი" განსაკუთრებით ამ სეზონში განვითარდა. ვფიქრობ, ეს იმის დამსახურებაცაა, რომ ახლა სათადარიგოთა სკამზეც შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს და როტაციას წარმატებით ვახერხებთ.

თამამად ვიტყვი, რომ დღესდღეობით "ბაიერნი" "ბარსელონას" არაფრით ჩამოუვარდება - ჩვენ ერთ დონეზე ვართ!

- 2009 წელს "ბაიერნი" "ნოუ კამპზე" 0:4 განადგურდა და თქვენ იმ შეხვედრაშიც თამაშობდით. რევანშზე ფიქრობთ?
- არა, რევანში რა შუაშია? 2009-ში რაც იყო, იყო და თანაც მაშინ "ბარსა" ჩვენზე გაცილებით ძლიერი იყო.

ახლა კი "ბაიერნი" სულ სხვა, გაცილებით უკეთესი გუნდია. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია "ბარსას" დამარცხება და კატალონიელებმაც იციან, რომ ჩვენთან წარმატების მიღწევა გაუჭირდებათ!

- კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებთ და როგორ ფიქრობთ, არ მოვიდა იმის დრო, რომ სეზონი დიდი ევროპული ტიტულით დააგვირგვინოთ?
- თითქმის ექვსი წელია, რაც "ბაიერნში" ვთამაშობ. მოვიგე გერმანიის ჩემპიონატიც და გერმანიის თასიც. ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი ორჯერ გავედით და ორივე ფინალი წავაგეთ.

მადრიდში დისკვალიფიცირებული რომ არ ვყოფილიყავი, მოგების გაცილებით მეტი შანსი გვექნებოდა. ამაზე, რა თქმა უნდა, გული მწყდება და ძალიან მინდა, რომ ჩემპიონთა თასი მოვიგო. 30 წლის ვარ, კარიერის დასრულებას ჯერ ნამდვილად არ ვაპირებ და ვფიქრობ, ჩემპიონთა თასსაც მოვიგებ.

- ამ სეზონში?
- არ მინდა, რომ თავი დავისტრესო. მშვიდად ყოფნა და ლაღად თამაში ჯობია. ფაქტია, რომ ძალიან კარგი შანსი გვაქვს.

- რამდენად ხშირად იყავით "ბარსელონაში" ან "რეალში" გადასვლასთან ახლოს?
- ორი-სამი წლის წინ "ბარსელონასაც" ვუნდოდი, "რეალსაც" და კიდევ რამდენიმე კლუბს, მაგრამ მიუნხენში ყოველთვის ბედნიერი ვიყავი და წასვლაზე არ მიფიქრია.

- "ნიურნბერგთან" კაპიტანი იყავით...
- დიდი მადლობა იუპ ჰაინკესს ასეთი ნდობისთვის. ასეთი რამ თავდაჯერებისთვისაც ძალიან კარგია. თუმცა ფილიპ ლამს და ბასტიან შვაინშტაიგერს უდიდეს პატივს ვცემ - ნამდვილი კაპიტნები სწორედ ისინი არიან.

- დანტე და ვან ბუიტენი ან ბოატენგი ლიონელ მესის წინააღმდეგ - როგორ ფიქრობთ, მათ ძალიან გაუჭირდებათ არგენტინელის შეჩერება?
- განსაკუთრებით ვან ბუიტენს შეიძლება გაუჭირდეს, რადგან ძალიან მაღალი და შესაბამისად, მოუქნელია, მაგრამ, სამაგიეროდ, მას სხვა პლუსები აქვს, მესი კი ზონურად უნდა დავკეტოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფრანკ რიბერი: ახლა უფრო გამოცდილი გუნდი ვართ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამას თავი მესი ჰგონია.
ჰარი
16:04 23-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული