ბუნდესლიგა. XXXII ტურის წინ: ჩემპიონთა ლიგის ფინალის რეპეტიცია

AutoSharing Option
ბუნდესლიგის ამ სეზონში მხოლოდ სამი ტურიღა დარჩა ჩასატარებელი, გადარჩენისთვის და ევროსაგზურებისთვის ბრძოლაში კი ბოლო სიტყვა ჯერ კიდევ არ თქმულა.

პარასკევს მიონხენგლადბახში "ბორუსიამ" "შალკეს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ეს ამ ტურის პირველი ცხელი დუელი გახლდათ.

შაბათს, ერთმანეთს გადარჩენისთვის მებრძოლი გუნდები, "ვერდერი" და "ჰოფენჰაიმი" შეერკინებიან და გადარჩენისთვისვე იბრძოლებს "ფორტუნაც" - დიუსელდორფელები ფრანკფურტში ჩადიან.

შაბათის საღამოს მატჩი ჩემპიონთა ლიგის ფინალის რეპეტიციაა "დორტმუნდსა" და "ბაიერნს" შორის და სხვათა შორის, კვირის მატჩებიც საკმაოდ საინტერესოა.

აბსოლუტურად უინტრიგო მატჩი
"შტუტგარტისა" და "ფიურტის" დაპირისპირებას არანაირი სპორტული მნიშვნელობა
აღარ აქვს - შვაბები ცხრილში არც "იქით არიან და არც აქეთ", ევროპალიგის საგზური კი გერმანიის თასის ფინალში გასვლით გაინაღდეს, ხოლო "ფიურტი" უკვე ოფიციალურადაა გავარდნილი.

მიუხედავად ამისა, შტუტგარტელთა თავკაცი ბრუნო ლაბადია, რომელიც 2007/2008 წლების სეზონში თავად წვრთნიდა "ფიურტს" და ამ გუნდის მიმართ სიმპათიებს დღემდე არ მალავს, მაინც სამი ქულის აღებას გეგმავს - ცხრილში ერთი-ორი ადგილით წინ წაწევა ნამდვილად არ გვაწყენსო.

თუმცა ბრძოლას ფიურტელებიც აპირებენ: კლუბის ხელმძღვანელები მომდევნო სეზონის შემადგენლობაზე ფიქრობენ. რამდენიმე ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის მისაღებად იბრძვის (გაისი, ვარგა, პეკოვიჩი, ციმერმანი), ხოლო სხვები (პრიბი, ჯურჯიჩი, ბაბა, მავრაი, შმიდტგალი) შეეცდებიან სხვა კლუბებს მოაწონონ თავი.

მაინცი მე-300 ქულის მოლოდინში
"ჰანოვერს" და "მაინცს", რომლებიც ამ ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, მეექვსე ადგილის დაკავებისა და შესაბამისად ევროპალიგის საგზურის მოპოვების შანსები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ.

ფაქტია, რომ ევროპალიგაში თამაშის თეორიულ შანსს ამ ტურის შემდეგ მხოლოდ ამ დუელში გამარჯვებული შეინარჩუნებს - ფრე, ფაქტობრივად, არცერთს არ აწყობს.

გულის სიღრმეში, ორივე გუნდში ხვდებიან, რომ მათთვის პრიორიტეტული უკვე მომდევნო სეზონზე ფიქრი და მისი დაგეგმარება უნდა იყოს. "მაინცს" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ამ ექვს თამაშში მხოლოდ სამი გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მაინცელებს ფრის შემთხვევაში მაინც ექნებათ საზეიმო მიზეზი: ეს ამ გუნდის ბუნდესლიგურ ისტორიაში რიგით მე-300 ქულა იქნებოდა.

გოლების წვიმა ბრემენში?
სამაგიეროდ, ბრემენის "ვერდერისა" და "ჰოფენჰაიმის" დუელში ინტრიგა უდიდესია. მეორე წრეში ამაზრზენი და სამარცხვინო ასპაერზობის გამო "მუსიკოსებს" სეზონის მიწურულს მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე სერიოზულად დაემუქრათ და ახლა მე-16 ადგილზე მყოფ "აუგსბურგს" მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ, მე-17 პოზიციაზე მყოფ "ჰოფენჰაიმს" კი - ხუთით.

ამ ტურში "ვერდერი" სწორედ "ჰოფენჰაიმს" მასპინძლობს!..

ბრემენელებს ოპტიმისტურად განწყობის უფლება არ აქვთ, რადგან ათი მატჩია, არ მოუგიათ, ბოლო ოთხი შეხვედრიდან კი სამი ისე წააგეს, რომ ერთი გოლიც კი ვერ გაიტანეს. ამასთან, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში "ვერდერმა" მხოლოდ 1 ქულა (!) მოიპოვა.

მეკარე მილიტცი ამბობს, ჩვენი ბედი ჯერ კიდევ ჩვენს ხელთააო, მაგრამ "ჰოფენჰაიმთან" წაგების შემთხვევაში, შესაძლოა, ვითარება რადიკალურად შეიცვალოს. არადა, "ჰოფენჰაიმს" მართლა შესწევს ბრემენში გამარჯვების უნარი!

"სოფლელები" ბოლო 7 ტურში მხოლოდ ორჯერ დამარცხდნენ, აშკარა პროგრესი აქვთ და გადარჩენისთვის გააფთრებით იბრძვიან. კაპიტანი ბეკი ამბობს, იმედია, შანსს ბოლო ტურამდე შევინარჩუნებთ და მეორე ბუნდესლიგაში არ დავქვეითდებითო.

ლოგიკურად, ამ შეხვედრაში ბევრი გოლი უნდა ვნახოთ, რადგან "ვერდერისა" და "ჰოფენჰაიმის" კარის ბადე ამ სეზონში ყველაზე მეტჯერ, 60-60-ჯერ შეირხა...

კისლინგი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
"ნიურნბერგი" უმოტივაციოდაა, თუმცა ზედიზედ სამი თამაშის წაგების შემდეგ (მათ შორის, ორი დერბი იყო) ფრანკებს თავიანთი ფანებისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი და ეს "ლევერკუზენთან" საშინაო შეხვედრაში უნდა გააკეთონ.

თავის მხრივ, "ბაიერსაც" ფაქტობრივად განაღდებული აქვს მესამე ადგილი და "ფარმაცევტებს" წესით აღარაფერი უნდა ადარდებდეთ გარდა იმისა, გახდება თუ არა შტეფან კისლინგი (22 გოლი, ლევანდოვსკის ერთით ჩამორჩება) ბუნდესლიგის ამ სეზონის საუკეთესო ბომბარდირი.

სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ყოფილი ნიურნბერგელია და იმასაც გეტყვით, რომ "ლევერკუზენში" გადასვლის შემდეგ ყოფილ გუნდს 8 გოლი გაუტანა...

მძაფრი დუელი: აინტრახტი-ფორტუნა
ერთი ევროპაში მოხვედრისთვის იბრძვის, მეორე ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის, ორივეს ერთად კი გოლების გატანა უნდა: "აინტრახტმა" მეორე წრეში მხოლოდ 10 გოლი გაიტანა, "ფორტუნამ" კი სერიოზული რეგრესი განიცადა და პირველ ბუნდესლიგაში დარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ფრანკფურტელთა თავკაცმა არმინ ფეემ სიტუაციის გამოსასწორებლად რამდენიმე ტაქტიკური ვარიანტი სცადა, მაგრამ წინა ხაზზე იმედები ვერც ლაკიჩმა გაუმართლა, ვერც ოუშენმა და ვერც მატმურმა. წინა ტურში მან ცენტრალურ თავდამსხმელად სულაც ალექს მაიერი გაამწესა, მაგრამ შედეგი მაინც ვერ მიიღო.

"ფორტუნას" რეგრესი კი 9-მატჩიან მოუგებელ სერიაში გამოიხატა (მხოლოდ სამი ქულა), რამაც დიუსელდორფული კლუბი მე-15 ადგილამდე დააქვეითა.

მატჩი ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს, რადგან ფრანკფურტელებს ჯერ კიდევ აქვთ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების იმედი, პროგრამა მინიმუმი კი საუკეთესო ექვსეულში დამკვიდრებაა.

ამრიგად, სამი ქულა ორივეს ჰაერივით სჭირდება.

მოთელვა ლიგის ფინალისთვის
მიუხედავად უმოტივაციობისა, ტურის მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, დორტმუნდის "ბორუსიასა" და მიუნხენის "ბაიერნის" ჯახია.

მართალია, როცა ეს გუნდები ერთმანეთს ხვებიან, უმოტივაციობაზე საუბარი ზედმეტი და სასაცილოა, მაგრამ დიდი შანსია, რომ იურგენ კლოპმა და იუპ ჰაინკესმა 4 მაისს საღამოს ერთმანეთს ბევრი რამ დაუმალონ და ტოპ-დუელი არ გამოვიდეს ისეთი საინტერესო, როგორიც სხვა შემთხვევაში იქნებოდა.

ფაქტია, რომ "დორტმუნდი" და "ბაიერნი" ერთმანეთს 25 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც უნდა შეხვდნენ, დღევანდელი მატჩი კი ორივესთვის მხოლოდ პრესტიჟისთვისაა. თუმცაღა წაგება არცერთს არ უნდა.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში მინიმუმ ერთი სერია მაინც შეწყდება: "ბაიერნს" ბუნდესლიგაში "დორტმუნდთან" ხუთმატჩიანი (!) მოუგებელი სერია აქვს (0-1-4), ხოლო მეორემხრივ, რეკორდმაისტერს ამ სეზონის მეორე წრეში ბუნდესლიგის ყველა მატჩი მოგებული აქვს.

ამ დუელს მარიო გიოტცე გამოაკლდება - ფეხბურთელი, რომელიც "დორტმუნდიდან" "ბაიერნში" გადადის. მარიო ტრავმირებულია...

ფრაიბურგი თუ აუგსბურგი?
"ფრაიბურგი" საუკეთესო ექვსეულში მოხვედრაზე ოცნებობს - ბრაისგაუელები ახლა სწორედ მეექვსე ადგილზე არიან და მათი ბედი მათსავე ხელშია, მაგრამ ამ ტურში გადარჩენისთვის მებრძოლ "აუგსბურგს" მასპინძლობენ და აღიარებენ, რომ ეს მატჩი მათთვის უფრო რთული იქნება, ვიდრე წინა ტურში, "ბაიერნთან" (0:1) შეხვედრა იყო.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სპორტული თვალსაზრისით მართლაც წარმატებული სეზონის პარალელურად, "ფრაიბურგში" არცთუ სახარბიელო სიტუაციაა - რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის წასვლა უკვე გადაწყვეტილია და "ფრაი" მენეჯერმა დუფნერმაც დატოვა.

"აუგსბურგი" კი მართლა მაგრად იბრძვის - მეორე წრეში 21 ქულა დააგროვა და გადარჩენის შანსი მიეცა. შვაბებს ფრაიბურგიდან სამი ქულის წაღება აქვთ დაგეგმილი.

ტურის ბოლო შეხვედრაში "ჰამბურგი" "ვოლფსბურგს" მასპინძლობს და მხოლოდ სამი ქულა უნდა, რადგან მერვე ადგილზეა, მიზნად კი საუკეთესო ექვსეულში მოხვედრა აქვს დასახული.

თავის მხრივ, ექვსეულში მოხვედრის თეორიულ-მათემატიკური შანსი "ვოლფსბურგსაც" გაუჩნდა (ჩამორჩენა 5 ქულას შეადგენს), მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით ეს შანსი, რა თქმა უნდა მიზერულია, რადგან "მგლების" გარდა, ევროპალიგაში მოსახვედრად ექვსი გუნდი იბრძვის.

გერმანია. ბუნდესლიგა. XXXII ტური
3 მაისი
გლადბახი-შალკე 0:1

4 მაისი
შტუტგარტი-ფიურტი 17:30
დისკვალიფიკაცია: ნიდერმაიერი, იბიშევიჩი
ტრავმა: ტასკი, ბა, დიდავი, ჰაინალი, შტიოგერი, კაკაუ - შმიდტგალი, პეკოვიჩი, სარარერი, ტირალა, ცილნერი, ფალი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +1=0-0, (1:0)

ჰანოვერი-მაინცი 17:30
დისკვალიფიკაცია: შმიდებახი (ჰანოვერი)
ტრავმა: ჯურუ, ფელიპე, ანდრეასენი, ფრანკა, ჰუსტი - ჰ. მიულერი, კირხჰოფი, ედე, ივანშიტცი, ჩუპო-მოტინგი, კლასნიჩი, სალაი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +5=5-3, (14:11)

ვერდერი-ჰოფენჰაიმი 17:30
დისკვალიფიკაცია: არნაუტოვიჩი, ელია (ორივეს შიდა დისკვალიფიკაცია აქვთ) - პოლანსკი
ტრავმა: ფანდერი, ექიჩი, ვოლფი, თრაიბული, ფიულკრუგი - გომეში, ვუკჩევიჩი, დერდიოკი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +6=2-1, (18:12)

ნიურნბერგი-ლევერკუზენი 17:30
ტრავმა: შტეფანი, მარკოს ანტონიო, გებჰარდტი, ჰლუშეკი, ილდიზი - ბელარაბი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +12=13-22, (52:83)

აინტრახტი-ფორტუნა 17:30
ტრავმა: ტრაპი, შვეგლერი - ბალოგუნი, რამირესი, ბოლი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +21=12-10, (95:64)

დორტმუნდი-ბაიერნი 20:30
ტრავმა: გიოტცე - ბადშტუბერი, კროოსი
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +6=0-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 87 თამაში: +22=27-38, (110:163)

5 მაისი
ფრაიბურგი-აუგსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: ოსტრცოლეკი (აუგსბურგი)
ტრავმა: ტერაცინო, ცუკი - ს. ლანგკამპი, კოო
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +1=2-0, (4:3)

ჰამბურგი-ვოლფსბურგი 19:30
დისკვალიფიკაცია: ადლერი (ჰამბურგი)
ტრავმა: ბერგი - კირიაკოსი, პილარი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +2=4-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +9=11-11, (44:51)

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები
: 23 - ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 22 - კისლინგი (ლევერკუზენი); 15 - მანჯუკიჩი (ბაიერნი); 13 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), ა. მაიერი (აინტრახტი), სალაი (მაინცი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული