ული ჰიონესმა გერმანია ორად გაყო

AutoSharing Option
ამას წინათ ვიუწყებოდით, რომ "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა თავად შეიტანა სარჩელი საკუთარი თავის წინააღმდეგ და აღიარა, რომ სახელმწიფოს გადასახადებს უმალავდა. 61 წლის ული ძალიან აზარტულია და იმასაც აღიარებს, რომ ბოლო დროს დღე და ღამე საფონდო ბირჟაზე ბროკერობდა.

ამ ყველაფრის შემდეგ მან "ბაიერნში" თანამდებობის დატოვების წინადადება წამოაყენა, რაზეც, როგორც მოსალოდნელი იყო, კლუბის არცერთი წევრი არ დაეთანხმა - ჰიონესი არ გაუშვეს, ული რეკორდმაისტერის პრეზიდენტად რჩება!

პარტია SPD-ის კანცლერობის კანდიდატ პეერ შტაინბრიუკის აზრით, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა - 66 წლის პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ული
ჰიონესი თანამდებობაზე არ უნდა დაეტოვებინათ, რადგან მისი საქმე, რომლის მიხედვითაც, გადასახადებს მალავდა, ვნებს როგორც "ბაიერნის", ისე მთლიანად ბუნდესლიგისა და ზოგადად, გერმანიის იმიჯს.

გაზეთმა "ბილდმა" ამ საკითხზე მასშტაბური გამოკითხვა ჩაატარა და რამდენიმე საათში 140 000 ადამიანი გამოჰკითხა - გამოკითხულთა ზუსტად 50 პროცენტი ფიქრობს, რომ ჰიონესი "ბაიერნის" პრეზიდენტის თანამდებობაზე არ უნდა დაეტოვებინათ; მეორე ნახევარი კი მიიჩნევს, რომ ული მაინც იმსახურებს რეკორდმაისტერის მთავარ ბოსად მუშაობას.

"ბილდმა" ბუნდესლიგის სხვა კლუბების ოფიციალური წარმომადგენლებიც გამოჰკითხა. "დორტმუნდის", "ლევერკუზენის", "შალკეს", "შტუტგარტის", "ნიურნბერგის", "ფრაიბურგის", "მაინცის", "ვოლფსბურგისა" და "ფიურტის" ხელმძღვანელებმა ამ თემაზე კონკრეტული კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. სხვა გუნდები კი მიიჩნევენ, რომ ჰიონესი პოსტზე უნდა დარჩენილიყო.

რუმენიგე კიდევ სამი წლით
ჰიონესთან ერთად, პოსტზე რჩება "ბაიერნის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგეც, რომელიც რეკორდმაისტერში ულის შემდეგ მეორე კაცია. 45 წლის კალე ამ თანამდებობაზე 2002 წლიდან მუშაობს და ახლა კონტრაქტი კიდევ სამი წლით გააგრძელა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბაიერნის" პრეზიდენტი: ცუდი ბევრი ჩამიდენია, მაგრამ ცუდი კაცი არ ვარ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული