ახალგაზრდა ბელგიელისთვის გაჩაღებულ ბრძოლას პირველი სწორედ ბრემენული კლუბი გამოეთიშა - "ჩელსიდან" "ვერდერში" განათხოვრებულმა დე ბრუინმა ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში თქვა, ბრემენში დარჩენას არ ვაპირებო. შესაბამისად, მას მერე უპასუხოდ რჩება კითხვა, სად გააგრძელებს კარიერას ნიჭიერი ბელგიელი, რომელიც ამ სეზონში შერცხვენილი "ვერდერის" ერთადერთი გამონათებაა. დე ბრუინისთვის ბრძოლაში ფავორიტად "ლევერკუზენი" მიიჩნეოდა, ახლა კი ტენდენცია იქით მიდის, რომ კევინი დორტმუნდის "ბორუსიაში" აღმოჩნდება.
ფაქტია, რომ "დორტმუნდის" ხელმძღვანელებს ბელგიელი ფეხბურთელი ძალიან მოსწონთ და მის
თუმცა, ცნობილი გახდა, რომ ლონდონელები კევინის შენარჩუნებაზე დაფიქრდნენ, რაც შეიძლება ფასის ასაწევი მანევრი იყოს. ფაქტია, რომ "ჩელსი" დე ბრუინის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროზე ნაკლებს არ მოითხოვს. თუმცა, თუკი კევინი "დორტმუნდისთვის" მზადაა, რატომ არ უნდა იყოს მზად "ჩელსისთვის"?
დე ბრუინმა ეს სეზონი მართლაც შესანიშნავად ჩაატარა - თავიდანვე "ვერდერის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და მერე ბრემენული გუნდის ლიდერადაც ჩამოყალიბდა. ბუნდესლიგაში ჩატარებულ 32 შეხვედრაში მან 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი მიითვალა, რითაც ლომის წვლილი შეიტანა იმაში, რომ "ვერდერი" მომდევნო სეზონშიც პირველ ბუნდესლიგაში ითამაშებს.
"მუსიკოსებმა" ელიტაში დარჩენა შაბათს, "აინტრახტთან" დაფიქსირებული ფრით (1:1) გაინაღდეს და გოლი იმ შეხვედრაშიც დე ბრუინმა შეაგდო; მატჩის შემდეგ კი თქვა, ბევრი შემოთავაზება მაქვს, მაგრამ ჯერ არ ვიცი, სად წავალო.
კევინს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2017 წლამდე აქვს გაფორმებული. ორშაბათს "ბილდი" წერდა, დე ბრუინი "დორტმუნდის" ხელმძღვანელებს უკვე ყველაფერზე შეუთანხმდაო, მაგრამ "ბორუსიას" მენეჯერმა მიხაელ ცორკმა ბელგიელთან შეთანხმება არ დაადასტურა. ასეც რომ იყოს, მარტო ფეხბურთელთან შეთანხმება საკმარისი არაა - ამის შემდეგ დორტმუნდელები "ჩელსის" უნდა მოურიგდნენ.
ცნობილია, რომ ლონდონურ კლუბს მისი გაყიდვა არ უნდა და მხოლოდ განათხოვრებაზე შეიძლება დათანხმდეს. თუმცა აქ გადამწყვეტი სიტყვა, ალბათ, "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა უნდა თქვას - როგორც იცით, რაფა ბენიტესის წასვლა გადაწყვეტილია, ფავორიტად კი ჟოზე მოურინიო მიიჩნევა.
"დორტმუნდის" სხვა პოტენციური ახალწვეულები
ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "დორტმუნდის" შეფებმა საზაფხულო ტრანსფერებზე მუშაობა უკვე დაიწყეს და ახლა ფეხბურთელების შერჩევის სტადიაში არიან. კვირის დასაწყისში ცორკი ინგლისში გაემგზავრა, სადაც "ასტონ ვილასა" და "ჩელსის" მატჩს (1:2) დაესწრო და საქმეში ნახა "ვილას" 22 წლის ბელგიელი ფორვარდი კრისტიან ბენტეკე, რომელსაც 34 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი.
ბეტეკემ "ჩელსისთან" ანგარიში გახსნა, მერე კი მოედნიდან გააძევეს. მისი ფასი დაახლოებით 12 მილიონი ევროა.
"ბილდის" ინფორმაციით, საფინალო სასტვენის შემდეგ ცორკმა პორტუსკენ აიღო გეზი, სადაც "დორტმუნდის" გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე და მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი დახვდნენ. ცნობილია, რომ ისინი "ვოლფსბურგთან" მატჩის (3:3) შემდეგ პირდაპირ პორტუგალიაში გაფრინდნენ. ცორკი, ვატცკე და კლოპი იქ "პორტუსა" და "ბენფიკას" შეხვედრას დაესწრნენ (2:1). მათი ინტერესის სფეროში "პორტუს" 26 წლის გოლეადორი ჯეკსონ მარტინესია - კოლუმბიელს 29 მატჩში 25 გოლი აქვს გატანილი. მარტინესმა "ბენფიკასთან" 90 წუთი ითამაშა, მაგრამ გოლი არ გაუტანია. "პორტუ" მას მინიმუმ 20 მილიონ ევროდ აფასებს.
"გავიგე, რომ პორტუში დაგვინახეს და ვადასტურებ: ჩვენ იქ მართლაც ვიყავით. მიზანი, რა თქმა უნდა, პოტენციურ ახალწვეულებზე დაკვირვებაა. ხელმძღვანელებს ახლა სწორედ ეს ამოცანა გვაკისრია და ყველგან უნდა ჩავიდეთ, სადაც "დორტმუნდისთვის" ღირსეული ფეხბურთელები გვეგულება," - უთხრა ვატცკემ "ბილდს".
მინიმუმ ერთი ახალი თავდამსხმელი
მიუხედავად იმისა, წავა თუ არა რობერტ ლევანდოვსკი, დორტმუნდელები მინიმუმ ერთი ახალი ცენტრფორვარდის გადაბირებას აპირებენ. ამასთან, "დორტმუნდი" მარიო გიოტცეს (ბაიერნში 37 მილიონად გადადის) შემცვლელსაც ეძებს. "ბილდის" ცნობით, გიოტცეს შემცვლელად დორტმუნდისთვის ორი კანდიდატი გამოიკვეთა. პირველი 20 წლის ბრაზილიელი ბერნარდია, რომელიც "მინეიროს" ფეხბურთელია და 12 მილიონი ევრო ღირს. ცორკმა წინა კვირას კლუბის პრეზიდენთან პირველი მოლაპარაკება გამართა.
მეორე კი - კრისტიან ერიკსენი (21 წლის/14 მილიონი), რომლის შესახებ ადრეც ვწერდით - "აიაქსის" დანიელ ტალანტს დორტმუნდელები ხომ დიდი ხანია, აკვირდებიან. ამსტერდამული კლუბის თავკაცი ფრანკ დე ბური ამბობს, იურგენ კლოპმა დამირეკა, მომილოცა და თან კრისტიანის ფორმით დაინტერესდაო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კრისტიან ერიკსენი "დორტმუნდს" სერიოზულად აინტერესებს