კაცი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ნეიმარი კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს, ადვოკატი და ყოფილი პარლამენტარი ვისენტე კასკიონეა, რომელიც 90-იან წლებში სანტოსის მერობისთვის იბრძოდა და ამ კამპანიაში მას თვით პელე უჭერდა მხარს. სწორედ ამ კაცმა დაწერა ახლა თავის ბლოგზე ასეთი რამ: "პირველი წყაროდან მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნეიმარის ტრანსფერი გადაწყვეტილია და ის კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს. ნეიმარმა უკვე გააფორმა კონტრაქტი გერმანულ კლუბთან!"
70 წლის ფუნქციონერი
ვისენტეს "უტყუარ ინფორმაციას" "ბაიერნი" ოფიციალურად გამოეხმაურა და მისი ცნობები უარყო. "ეს ინფორმაცია საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს, მოლაპარაკებებიც კი არ მიმდინარეობს," - განაცხადა რეკორდმაისტერის პრესმდივანმა მარკუს ჰიორვიკმა.
21 წლის ნეიმარის გადაბირებისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში ბოლოს ფავორიტებად "ბარსელონა" და "რეალი" მიიჩნეოდნენ, ბრაზილიელი ფუნქციონერი კი თავისას არ იშლის: "ის არც ესპანეთში წავა, როგორც ყველა ფიქრობს და არც იტალიაში. არც ბარსელონა, არც მადრიდი - ნეიმარი გერმანიაში მიდის. ვისაც ამაში ეჭვი გეპარებათ, უბრალოდ, მოიცადეთ და ნახავთ".
შეგახსენებთ, რომ ნეიმარს, რომელსაც ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფორმით ჩატარებულ 32 შეხვედრაში 20 გოლი აქვს გატანილი, "სანტოსთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"რეალი" ნეიმარს ზუსტად ისეთ ხელფასს სთავაზობს, როგორიც კრიშტიანო რონალდოს აქვს