იურგენ კლოპი: ოცნების უფლება ხომ გვაქვს...

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ახლოვდება და გუნდებმა უკვე გახსნეს წინასამატჩო პრესკონფერენციების "სეზონი".

15 მაისს "ღია კარის დღე" დორტმუნდის "ბორუსიას" ჰქონდა - 160 ჟურნალისტისა და 32 ოპერატორის წინაშე ვესტფალიელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე და სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი წარსდგნენ.

ჟურნალისტების პირველი კითხვა მარიო გიოტცეს შეეხებოდა. კლოპის თქმით, მისი გამოჯანმრთელების პროცესი ჯერჯერობით გეგმის მიხედვით მიდის, თუმცა უცნობია, მოასწრებს თუ არა გიოტცე ფინალამდე გამოჯანმრთელებას.

"მარიომ ვარჯიში ორშაბათს დაიწყო, სრული დატვირთვით მზადებაზე კი მომავალი კვირიდან გადავა და ვნახოთ, მოასწრებს თუ არა
ფინალამდე ფორმაში შესვლას,"
- აღნიშნა კლოპმა. შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც გიოტცეს "ბაიერნში" გადასვლის ამბავი გაირკვა, არაერთმა ექსპერტმა გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ კლოპი მარიოს ფინალში არცერთ შემთხვევაში არ ათამაშებს.

იურგენს კომენტარის გაკეთება რობერტ ლევანდოვსკის გაურკვეველ მომავალზეც სთხოვეს. კლოპის თქმით, "დორტმუნდში" ახლა ლევანდოვსკის მომავალზე არავინ ფიქრობს: "რობერტიც და ჩვენც მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობთ - ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვგულისხმობ. სხვა ყველაფერზე საუბარი მხოლოდ ფინალის შემდეგ შეიძლება. პირადად მე იმედი მაქვს, რომ ლევანდოვსკი მომდევნო სეზონშიც ჩვენთან ერთად იქნება," - ამ განცხადების შემდეგ კლოპმა ჟურნალისტებს სთხოვა, სატრანსფერო საკითხებზე დროს ნუღარ დამაკარგვინებთ, ფინალამდე ამ თემაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებო.

თუ ფინალს მოვიგებთ...
ფინალამდე ათი დღით ადრე კლოპი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ "უემბლიზე" ფავორიტი "ბაიერნი" იქნება: "თუ ფინალს მოვიგებთ, ეს იმის მაუწყებელი კი არ იქნება, რომ ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი გვყავს, არამედ იმისა, რომ ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ, - აღნიშნა იურგენმა და დასძინა, - როგორ უნდა მოვუგოთ მსოფლიოში საუკეთესო გუნდს? "ბაიერნისთვის" პრობლემების შექმნას ყოველთვის ვახერხებდით და იმედია, ახლაც მოვახერხებთ".

"იმისათვის, რომ რაღაცას მიაღწიო, ფანჯრიდან ძალიან შორს გახედვა უნდა შეგეძლოს და მუდმივად წარმატებაზე უნდა ოცნებობდე. ოცნების უფლება ნამდვილად გვაქვს და ამავდროულად, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. საკმარისია, ევროპაში დორტმუნდის ბოლო ტრიუმფი გავიხსენოთ, რომ მაშინვე მივხვდებით - ჩემპიონთა ლიგის მოგება რეალურია. 1997 წლის ფინალის წინ ყველა მიიჩნევდა, რომ "დორტმუნდი" "იუვენტუსთან" უშანსოდ იყო და ხომ ყველას კარგად გვახსოვს, როგორ დამთავრდა ის ფინალი?!" - იმედიანადაა დორტმუნდელთა თავკაცი.

ვატცკემ მძიმე დრო გაიხსენა
კლოპთან ერთად, ჟურნალისტების წინაშე "დორტმუნდის" გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკეც წარსდგა, რომელმაც კლუბის ისტორიაში ყველაზე მძიმე პერიოდი გაიხსენა და ყველას გაახსენა, რომ ახლო წარსულში "ბორუსია" კინაღამ გაკოტრდა.

"ჩვენ ხომ სულ ახლახან ყველაფერი აბსოლუტური ნულიდან, მეტიც, მინუსებიდან დავიწყეთ. 2004 და 2005 წლებში "ბორუსია" გაკოტრების პირას იყო მისული და კინაღამ კრაისლიგა C-ში აღმოჩნდა. ამის ფონზე ამგვარი პროგრესი, ზედიზედ ორი ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა დიდი სენსაციაა," - აღნიშნა ვატცკემ.

სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა კი იურგენ კლოპის მომავლის შესახებ გააკეთა კომენტარი: "ზაფხული მოდის და სამწვრთნელო კარუსელი ევროპაშიც დატრიალდება. სპეკულაციებმა ჩემამდეც მოაღწია, მაგრამ მინდა ყველა დავამშვიდო: იურგენ კლოპი დორტმუნდში რჩება, აქ კიდევ რამდენიმე წელი იმუშავებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული