რეკორდმაისტერმა ტრიუმფალური სეზონის ბოლო მატჩი ბუნდესლიგაში ისტორიულ მეტოქის მოედანზე, მიონხენგლადბახში 4:3 მოიგო. ეს გახლდათ "ბაიერნის" მე-16 გამარჯვება მეორე წრის 17 ტურში. მიუნხენელებმა სეზონი დორტმუნდის "ბორუსიასთან" 25-ქულიანი უპირატესობით დაამთავრეს, ჯამში 91 ქულა დააგროვეს და ბურთების შეფარდებას არ იკითხავთ? 98:18! მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კი "ბაიერნის" თავკაც იუპ ჰაინკესს ცრემლები წამოუვიდა...
"ბაიერნის" ასეთი სეზონი, პირველ რიგში, სწორედ მისი, 68 წლის "დონ იუპის" დამსახურებაა, რომელიც "ბაიერნს", მიუნხენს და ზოგადად, ბუნდესლიგას სამუდამოდ
"ეს ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტია. როგორც საფეხბურთო, ასევე სამწვრთნელო კარიერაც "გლადბახში" დავიწყე და ბუნდესლიგას სწორედ მიონხენგლადბახიდან ვემშვიდობები. ამ ქალაქთან და ამ კლუბთან ბევრი ტრიუმფი, მარცხი და რამდენიმე კურიოზი მაკავშირებს. მინდა, "ბაიერნის" ფანებთან ერთად, ასეთი თბილი გამომშვიდობებისთვის მადლობა "ბორუსიას" ქომაგებსაც გადავუხადო, რადგან..." - აქ ჰაინკესს სიტყვა გაუწყდა, მისი სახე ცრემლებმა გადასერა. წინადადების დასრულება "დონ იუპმა" მოგვიანებითღა შეძლო: "ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩემი სამშობლო აქ არის".
იუპ ჰაინკესი ბუნდესლიგის ლეგენდაა - მიონხენგლადბახში დაბადებულმა და გაზრდილმა, ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში ყველაფერი მოიგო. ჟურნალისტებმა თვალცრემლიან იუპს მხურვალე ტაში უძღვნეს, მან კი ყველას მადლობა უთხრა, დამშვიდდა და განაგრძო:
"წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალია და ცხადია, ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ დღეს უკვე "დორტმუნდთან" ფინალზე ვფიქრობდით. ფაქტია, რომ დორტმუნდელებიც ჩვენთან დუელზე ფიქრობდნენ, სხვანაირად საკუთარ მოედანზე "ჰოფენჰაიმთან" არ წააგებდნენ".
"გლადბახთან" მატჩის შემდეგ ჰაინკესმა შეგირდები შვალმტალში, საკუთარ ვილაში, რაინულ მწვადებზე დაპატიჟა. აღსანიშნავია, რომ ეს წვეულება ჟერომ ბოატენგის დამსახურებაა, რომელმაც "ფორტუნასთან" ამასწინანდელ შეხვედრაში (3:2 "ბაიერნის" სასარგებლოდ) ჰაინკესს სანაძლეო მოუგო.
"მე ვამბობდი, "ფორტუნასთან" ჩემს პირველ ბუნდესლიგურ გოლს გავიტან-მეთქი, ჰაინკესს კი არ სჯეროდა და სწორედ ამ წვეულებაზე დავნაძლევდით. შესანიშნავი საღამო გამოვიდა," - ეს ბოატენგის სიტყვებია.
ჰაინკესს "ბაიერნის" მწვრთნელის რანგში ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი - ორივე ფინალია და თუ ორივე მოიგო, სანაძლეოს ჩამოვალთ, რომ მიუნხენში ძეგლს დაუდგამენ.
XXXIV ტურის სიმბოლური ნაკრები, ლელოს ვერსიით
(3-2-3-2)
XXXIV ტურის გმირი
სეიად სალიჰოვიჩი (ჰოფენჰაიმი)
"ჰოფენჰაიმის" 28 წლის ბოსნიელი ნახევარმცველი დღესაც გუნდის ლიდერია, მაგრამ ეს მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ და ისიც ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში დაამტკიცა. მართალია, სალიჰოვიჩმა "დორტმუნდს" ორივე გოლი პენალტით გაუტანა, მაგრამ ეს გმირობისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რადგან ამ გამარჯვებით "ჰოფემ" გადარჩენისკენ უდიდესი და სენსაციური ნაბიჯი გადადგა.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები
"კიკერის" შეფასებების მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 27 2.15
2. კევინ ტრაპი აინტრახტი 26 2.40
3. მარიო გიოტცე დორტმუნდი 28 2.46
4. რენე ადლერი ჰამბურგი 32 2.73
5. თომას მიულერი ბაიერნი 28 2.77
6. ფილიპ ლამი ბაიერნი 29 2.78
7. ტონი კროოსი ბაიერნი 24 2.78
8. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 34 2.80
9. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 28 2.81
10. დიეგო ბენალიო ვოლფსბურგი 34 2.83
გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 34 25 10 35
2. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 31 34 7 31
3. თომას მიულერი ბაიერნი 28 13 13 26
4. ფრანკ რიბერი ბაიერნი 27 10 15 25
5. იაკუბ ბლაშჩიკოვსკი დორტმუნდი 27 11 13 24
6. მარკო როისი დორტმუნდი 32 14 9 23
7. მარიო გიოტცე დორტმუნდი 28 10 12 22
8. საბოლჩ ჰუსტი ჰანოვერი 21 9 11 20
9. ვედად იბიშევიჩი შტუტგარტი 30 15 5 20
10. კევინ დე ბრუინი ვერდერი 33 10 9 19
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა: დრამატული ბოლო ტური [VIDEO]