რომან ვაიდენფელერს შეფი გამოექომაგა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მეკარე რომან ვაიდენფელერმა ეს სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და სხვათა შორის, არც შარშან და შარშანწინ ჰქონია ცუდი სეზონები, მაგრამ გერმანიის ნაკრებში კი არა და არ იძახებენ.

რომანი უკვე 32 წლისაა, მაგრამ იოახიმ ლიოვის გუნდში მოხვედრის ამბიცია ჯერ კიდევ აქვს. ვაიდენფელერი აცნობიერებს, რომ ბუნდესგუნდის პირველი მეკარე მანუელ ნოიერია და მხოლოდ მისი შემცვლელის ან თუნდაც მესამე მეკარის რანგში ყოფნა უნდა.

რაკი გერმანიისა და აშშ-ის ნაკრები გუნდების ამხანაგურ შეხვედრაში ბუნდესგუნდის მესამე გოლკიპერი მარკ ანდრე ტერ შტეგენი სასტიკად შეცდა, დორტმუნდელებს სალაპარაკო მიეცათ -
"ბორუსიას" გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ იოგი ლიოვს ვაიდენფელერის ნაკრებში გამოძახება მოსთხოვა.

"რომანი გერმანიის ნაკრების ხელმძღვანელებისგან მეტ პატივისცემას იმსახურებს. სამი წელია, ბუნდესლიგაში უმაღლეს დონეზე და უშეცდომოდ თამაშობს, ამ სეზონში კი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა და "უემბლიზე" საუკეთესო იყო, იოახიმ ლიოვი და მისი ასისტენტები კი მაინც არ აქცევენ ყურადღებას.

ამას ტერ შტეგენის შეცდომის გამო არ ვამბობ - ასეთი რამ ნებისმიერ მეკარეს შეიძლება დაემართოს - უბრალოდ, ჩემი აზრით, ვაიდენფელერი არა მარტო ნაკრებში გამოძახებას, არამედ ბუნდესგუნდის მუდმივ წევრობას იმსახურებს,"
- უთხრა "დორტმუნდის" ბოსმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

ვატცკეს მალევე უპასუხა გერმანიის ნაკრების მეკარეების მწვრთნელმა ანდრეას კიოპკემ: "ჯერ ერთი, ტერ შტეგენის გაწირვას არ ვაპირებთ, რადგან მის შესაძლებლობებში ეჭვი არ გვეპარება და მეორეც: ახლა ვაიდენფელერის ნაკრებში გამოძახებას აზრი არ აქვს. ჩვენი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამი ღირსეული მეკარის შერჩევა იყო - ორი უკვე გვყავს..." - განუცხადა კიოპკემ "ბილდს".

ამ გამოცემის ინფორმაციით, ვაიდენფელერს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაუჩნდეს 2014 წლის მუნდიალზე გამგზავრების შანსი, თუ ნოიერი ან ადლერი დაშავდებიან...

ბლაშჩიკოვსკი 2018 წლამდე
გაირკვა და ოფიციალურად დადასტურდა, რომ პოლონელმა გარემარბმა იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ "დორტმუნდთან" ახალი, ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა - "კუბამ" "ბორუსიას" თავისი ბედი 2018 წლამდე დაუკავშირა.

"ბლაშჩიკოვსკი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და მისი დამსახურებაცაა ის, რომ ამ სეზონში ევროპაში ფურორი მოვახდინეთ. მიხარია, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაგვთანხმდა," - განაცხადა "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა.

"ვამაყობ იმით, რომ დორტმუნდში ვთამაშობ და რომ ხელმძღვანელები და მწვრთნელი ასეთ ნდობას მიცხადებენ. ამ გადაწყვეტილების მისაღებად დიდხანს ფიქრი არ დამჭირდა," - ეს კი თავად 27 წლის ბლაშჩიკოვსკის სიტყვებია. შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელი "დორტმუნდში" 2007 წელს, კრაკოვის "ვისლადან" გადავიდა - "ბორუსიას" მისი ტრანსფერი მაშინ 3 მილიონი ევრო დაუჯდა.

"დორტმუნდის" შავ-ყვითელი ფორმით "კუბა" ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და შარშან გერმანიის თასიც მოიგო.

გინჩეკი ნიურნბერგში
ბლაშჩიკოვსკისთან კონტრაქტის გაგრძელებასთან ერთად, დორტმუნდელებმა დანიელ გინჩეკის "ნიურნბერგში" გაშვებაც დაადასტურეს. 22 წლის თავდამსხმელი ამ სეზონში "ზანკტ პაულიში" გახლდათ განათხოვრებული და მეორე ბუნდესლიგაში 31 შეხვედრაში 18 გოლის გატანა შეძლო. გინჩეკმა "ნიურნბერგთან" კონტრაქტი 2016 წლამდე გააფორმა, სატრანსფერო თანხა არ გახმაურებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აშშ-გერმანია 4:3 - კლინსიმ ლიოვი გააწბილა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული