რეალური პერსპექტივა: იოახიმ ლიოვს გაისად იუპ ჰაინკესი შეცვლის?

AutoSharing Option
იუპ ჰაინკესი "რეალში" არ მიდის და არც პენსიაზე გადის - ამის შესახებ "ლელო" უკვე წერდა.

"ახლა დასვენება მჭირდება, შვებულებაში გავდივარ და ფაქტია, რომ მომავალ სეზონში არცერთი გუნდის მწვრთნელი არ ვიქნები.

მივდივარ თუ არა ფეხბურთიდან სამუდამოდ? სიტყვა "სამუდამოდ" არ მიყვარს. გამორიცხული არაფერია,"
- განაცხადა 3 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე "დონ იუპმა", რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთიდან კი წავიდა, მაგრამ არა სამუდამოდ და ასე ვთქვათ, "უკანა კარი" ღია დატოვა. ვისთვის? რისთვის? რომელი გუნდისთვის? საკითხავი, აი, ეს არის.

"ბილდის" ჟურნალისტმა "დონ იუპს" მოგვიანებით ჰკითხა,
გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ხომ არ უმიზნებთო, რაზეც ამ სეზონის ტრიუმფატორმა სპეციალისტმა ასეთი პასუხი გასცა: "ყველაფერი ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა" .

ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა კი ჩათვალეს, რომ ასეთი პასუხი "ჰო" უფროა, ვიდრე "არა"...

ფაქტია, რომ ბუნდესგუნდის ამჟამინდელ დამრიგებელ იოახიმ ლიოვს გერმანიის საფეხბურთო კავშირთან კონტრაქტი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჩათვლით აქვს გაფორმებული და მისი მომავალი გაურკვეველია. ცხადად იკვეთება ტენდენცია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატამდე არ გაირკვევა, გაუფორმებენ თუ არა 53 წლის იოგის ახალ ხელშეკრულებას.

გერმანიის საფეხბურთო კავშირში კი ამბობენ, ლიოვზე უკეთესი მწვრთნელი ნაკრებისთვის არ გვეგულება და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება ახლავე გვინდაო, მაგრამ სიტყვას საქმე არ მოჰყოლია და ისე ჩანს, თითქოს თავად ლიოვს უჭირს გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სინამდვილეში, შესაძლოა, სხვა რამესთან გვქონდეს საქმე...

მიუხედავად იმისა, რომ ლიოვის ფორმაციის გერმანია ძალიან ძლიერია და დიდ ტურნირებზე ყოველთვის, მინიმუმ, ნახევარფინალში გადის, მაგრამ გერმანელებს მაქსიმუმი სურთ, ტიტულებს კი იოგის გუნდი ვერ იგებს! ამასთან, უკვე 7 წელია, რაც ლიოვი ბუნდესმწვრთნელია, გაისად კი 8 წელი შესრულდება, ეს კი საკმაოდ დიდი დროა.

ასე რომ, ლიოვის წასვლა და მის ნაცვლად წარმატებული, ტიტულოვანი ჰაინკესის დანიშვნა საკმაოდ რეალურია. თუკი გერმანიის ნაკრები ვერც 2014 წელს მოიგებს მსოფლიოს თასს, დიდი შანსია, რომ ლიოვისთვის ეს უკანასკნელი დიდი ტურნირი იყოს ბუნდესმწვრთნელის რანგში.

...და მერე იუპი მივა? გაისად ჰაინკესი 69 წლის იქნება, მაგრამ ასაკი ხელს არ შეუშლის. ჯერ ერთი, ჰაინკესი ძალიან კარგ ფორმაშია და შედარებისთვის, ჯოვანი ტრაპატონი 74 წლისაა და ირლანდიის ეროვნულ გუნდს უდგას სათავეში.

აღსანიშნავია, რომ ჰაინკესი ადრეც ახლოს იყოს გერმანიის ნაკრებთან, ახლა კი "ბილდს" გაუმხილა, ბუნდესმწვრთნელის თანამდებობაზე უარი სამჯერ ვთქვიო. პირველად ეს ნაღდად 1998 წელს მოხდა: მუნდიალის შემდეგ ბერტი ფოგთსი გადადგა, რის შემდეგაც გერმანიის საფეხბურთო კავშირის იმჟამინდელი პრეზიდენტი ეგიდიუს ბრაუნი ჰაინკესს სახლში ესტუმრა და ნაკრების გაწვრთნა შესთავაზა, მაგრამ იუპმა უარი უთხრა.

მიზეზიც ცნობილია: მაშინ ჰაინკესის მეუღლე ირისი ძალიან ავად იყო.

თუკი იოახიმ ლიოვის ერა გერმანიის ნაკრებში გაისად უნდა დასრულდეს, ფაქტია, რომ ჰაინკესი ბუნდესგუნდისთვის ზედგამოჭრილი იქნება. მართალია, გერმანიის ნაკრების ქომაგები "დორტმუნდის" თავკაც იურგენ კლოპზე ოცნებობენ, მაგრამ ამ უკანასკნელმა არაერთხელ თქვა, რომ უახლოეს წლებში "ბორუსიას" არ მიატოვებს. თანაც, კლოპი ჯერ ახალგაზრდაა და გერმანიის ნაკრების ჩაბარებას ნაღდად მოასწრებს. მანამდე კი, ლიოვი, შესაძლოა, "დონ იუპმა" შეცვალოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მიუნხენის "ბაიერნი" იუპ ჰაინკესს ისევ სთავაზობს სამუშაოს
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი საფეხბურთო ქვეყანა....საუკეთესო მწვრთნელებით და ფეხბურთელებით...სადაც არჩევანი დიდია იქ წარმატებების გადარუვალია
maizer
11:52 06-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული