რობერტ ლევანდოვსკი - პოკერი გრძელდება!

AutoSharing Option
ახლა ვხვდებით, რომ რამდენიმე დღე ისე გავიდა, რობერტ ლევანდოვსკის მოსალოდნელ ტრანსფერზე აღარაფერი დაგვიწერია - ჭორ-მართალი სპეკულაციები თითქოს ჩაცხრა, მაგრამ 6 ივნისს ისევ იფეთქა. 24 წლის პოლონელ გოლეადორს "ბორუსიასთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ "ბაიერნში" გადასვლა უნდა და თანაც, ახლავე!

"დორტმუნდის" შეფები ლევანდოვსკის გაშვებას აქამდე კატეგორიულად გამორიცხავდნენ, ახლა კი ამ თემას უფრო რეალურად შეხედეს და როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ გამორიცხვას აზრი აღარ აქვს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "დორტმუნდი", ფაქტობრივად, მზადაა, რობერტი დათმოს, ოღონდ "ბორუსია" ამ ტრანსფერში 30 მილიონ ევროს ითხოვს.

დორტმუნდელთა გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ თქვა, უახლოეს მომავალში რაღაცას ჩვენც ვიტყვითო და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ლევანდოვსკის საგა მალე უნდა დასრულდეს. აღსანიშნავია, რომ ვატცკეს ამ განცხადებას წინ უძღოდა ლევანდოვსკის კომენტარები, რომელთა მეშვეობითაც პოლონელმა კლუბის ხელმძღვანელები დაწნეხა.

"ჩვენ (მრჩეველი და ფეხბურთელი) საკმაოდ დიდი ხანია, კლუბს ყველაფერზე შევუთანხმდით, რაც პასუხისმგებელ პირებს ვუთხარი კიდეც. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მალე გაირკვევა და მომავალ სეზონს ჩემთვის სასურველ გუნდში დავიწყებ. ვფიქრობ, რომ მოვლენების ასეთი განვითარება ყველა მხარეს უნდა აწყობდეს," - უთხრა რამდენიმე დღის წინ ლევანდოვსკიმ ჟურნალ "შპორტ ბილდს" და როგორც ხედავთ, მართალია, "ბაიერნი" არ უხსენებია, მაგრამ აშკარაა, რომ სწორედ "ბაიერნში" გადასვლას გულისხმობდა.

ამ განცხადებით მან "ბორუსიას" შეფებზე ზეწოლა განახორციელა - როგორც იცით, ტრანსფერს ხელს მხოლოდ "დორტმუნდიღა" უშლის და ფაქტია, რომ გაისად ლევანდოვსკის "ბორუსიადან" წასვლა უფასოდ შეეძლება.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ბაიერნს" "დორტმუნდისთვის" ოფიციალური წინადადებით ჯერ კიდევ არ მიუმართავს, მაგრამ "ბილდი" ირწმუნება, რეკორდმაისტერის პრეზიდენტ ული ჰიონესს პოლონელ გოლეადორში 25 მილიონზე მეტის გადახდა არ უნდაო, დორტმუნდელები კი 30-ს ითხოვენ. ამ ორომტრიალში "ბორუსიას" გათვლა ისაა, რომ მიუნხენური გრანდი 5 მილიონს წაამატებს, მიუნხენელებს კი იმედი აქვთ, რომ დორტმუნდელებს ეს პოკერი მობეზრდებათ და რობერტს 25 მილიონად დათმობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რობერტ ლევანდოვსკი: ახლა უკვე შემიძლია, კლუბი შევიცვალო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული