ჰალილ ალთინთოფი გერმანიაში დაბრუნდა

AutoSharing Option
"აუგსბურგი" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას ძლივს გადაურჩა და კლუბის ხელმძღვანელები ხვდებიან, რომ თუ გუნდი არ გააძლიერეს, ელიტაში დარჩენა მომდევნო სეზონში კიდევ უფრო გაუჭირდებათ.

გავრცელებული და ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, "აუგსბურგმა" თურქი თავდამსხმელი ჰალილ ალთინთოფი გადაიბირა - 28 წლის ფორვარდს, რომელსაც თურქეთის ნაკრებში 28 მატჩი აქვს ჩატარებული, აუგსბურგელებმა 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

ალთინთოფი ბოლოს თურქულ "ტრაბზონსპორში" თამაშობდა და ამ კლუბთან კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გაწყვიტა. როგორც გაირკვა, ტრაბზონელებს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ და ჰალილს ბოლო სამი თვის ხელფასი აღებული არ ჰქონდა, რის გამოც
ხელშეკრულება გააუქმა. სწორედ ამის შემდეგ შეძლო "აუგსბურგმა" ჰალილის გადაბირება.

შეგახსენებთ, რომ ჰალილ ალთინთოფი გერმანიაში, კერძოდ, გელზენკირხენში დაბადებული და გაზრდილია, "ტრაბზონში" კი 2011 წელს, ფრანკფურტის "აინტრახტიდან" გადავიდა. მას მერე ჰალილმა თურქეთის ჩემპიონატში 56 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

მანამდე კი, გერმანიაში "შალკეს", "კაიზერსლაუტერნისა" და "აინტრახტის" ღირსებას იცავდა და ბუნდესლიგის 236 შეხვედრაში 47 გოლი აქვს გატანილი. აქვე ისიც ვთქვათ, რომ მისი ტყუპისცალი ჰამით ალთინთოფი გაცილებით წარმატებული ფეხბურთელია - "ბაიერნსა" და "რეალშიც" თამაშობდა, ახლა კი "გალათასარაის" ღირსებას იცავს.

ჰამითისგან განსხვავებით, ჰალილს ბოლო დროს აღარც თურქეთის ნაკრებში იწვევენ - ეროვნულ გუნდში მან ბოლო შეხვედრა 2011 წლის ნოემბერში ჩაატარა.

აქვე გეტყვით, რომ "აუგსბურგმა" "შტუტგარტიდან" ავსტრიის 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი, ნიჭიერი ცენტრალური ნახევარმცველი რაფაელ ჰოლცჰოიზერი ინათხოვრა. საიჯარო ხელშეკრულებას ვადა 2014 წლის 30 ივნისამდე აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"