გერმანიის პოლიცია "შალკეს" აღარ დაიცავს?

AutoSharing Option
"შალკეს" გულშემატკივრებსა და ხელმძღვანელებზე განაწყენებულმა გელზენკირხენის პოლიციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლიცია აღარ აპირებს "შალკეს" საშინაო მატჩებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

"ამიერიდან უსაფრთხოების მთელი პასუხისმგებლობა თვითონ კლუბს ეკისრება!" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ნორდ რაინ ვესტფალენის მხარის შინაგან საქმეთა მინისტრი რალფ იეგერი აწერს ხელს.

ცხადია, პოლიციის გარეშე "შალკე" უსაფრთხოებაზე ზრუნვას ვერ შეძლებს და თუ გელზენკირხენის პოლიციამ მართლაც უარი თქვა "ფელტინს არენა აუფ შალკეს" დაცვაზე, კლუბს სრული ქაოსის საფრთხე ემუქრება.

იეგერის გაბრაზება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის (პაოკ-თან 1:1)
მატჩის შემდეგ გელზენკირხენული კლუბის ხელმძღვანელებმა სამართალდამცავები გააკრიტიკეს. შეხვედრაში, რომელიც 21 აგვისტოს გაიმართა, პოლიცია საქმეში აქტიურად მას მერე ჩაერია, რაც "შალკეს" ულტრასებმა ბერძენი ქომაგების პროვოცირება სცადეს. გელზენკირხენელებმა პოლიტიკური შინაარსის ბანერი გადმოკიდეს, რითაც საბერძნეთს მიაყენეს შეურაცხყოფა.

იმ მატჩის დროს რამდენიმე გულშემატკივარი დაშავდა, რის შემდეგაც "შალკეს" ხელმძღვანელებმა გელზენკირხენის პოლიცია არაერთხელ გააკრიტიკეს - "შალკემ" პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება გადამეტებულ საქციელად ჩაუთვალა. ნორდ რაინ ვესტფალენის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ცრემლსადენი გაზის გამოყენება აუცილებლად მიიჩნია.

"საბედნიეროდ, კანონებს საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელები არ ადგენენ,
" - ამბობდა გერმანიის პოლიციის კავშირის დირექტორი რაინერ ვენდტი.

ახლა კი გელზენკირხენის პოლიცია "შალკეს" არენაზე უსაფრთხოების დაცვაზე უარს აცხადებს. გელზენკირხენული კლუბის მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი გაოცებულია: "ასეთი რამ წარმოუდგენელია! პოლიცია, რა თქმა უნდა, გვჭირდება!" - ამბობს ჰელდტი.

უკანასკნელი ინფორმაციით, "შალკეს" ფინანსური დირექტორი პეტერ პეტერსი გელზენკირხენის პოლიციასთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. კიდევ კარგი, რომ ამ უქმეებზე "შალკე" სტუმრად (მაინცში) თამაშობს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული